ქართველი ოლიმპიელის, ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალების შესახებ
ოლიმპიურ ქალაქზე შავი ჩრდილი ჩამოწვა, – ასეთი შეფასება მისცა მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ჟაკ როგემ ქართველი სპორტსმენის, 21 წლის ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტს. ამის შესახებ “ბი-ბი-სი” იუწყება.
“ბი-ბი-სი” ავრცელებს საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ხელმძღვანელის, ირაკლი ჯაფარიძის განცხადებასაც. “გუნდი დაღუპული მეგობრის სახელის უკვდავსაყოფად იბრძოლებს”,-აღნიშნა ირაკლი ჯაფარიძემ.
ამასთან, როგორც უცხოური სააგენტოები წერენ, საქართველოს ნაკრები ფიქრობდა, საერთოდ აღარ მიეღო მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრეს.
ქართველი მოციგავის დაღუპვის შემდეგ მოციგავეთა საერთაშორისო ფედერაციამ საგანგებო ბრიფინგი მოიწვია, ხოლო ნაკრებების კაპიტნებმა გუნდების საგანგებო შეკრება გამართეს.
უისტლერის ტრასა, სადაც სპორტის სამ სახეობაში – ციგაობაში, ბობსლეისა და სკლეტონში ეწყობა შეჯიბრებები, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რთულ და საშიშ ტრასად ითვლება.
ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე გუნდი გამოთქვამდა პრეტენზიას სპორტსმენების უსაფრთხოების გამო. ორგანიზატორებს საყვედურობდნენ, რომ სპორტსმენებს სავარჯიშო დაშვებებისთვის ცოტა დრო ქონდათ გამოყოფილი, რაც ავარიების რისკს ზრდიდა.
“სპორტის სწრაფი სახეობებისთვის მნიშვნელოვანია, სპორტსმენმა ტრასაზე მეტი დრო გაატაროს. ორგანიზატორები ვალდებულნი არიან, ამ დროის არსებობა უზრუნველყონ. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმისთვის, რომ სპორტსმენი კარგად მოემზადოს, არამედ მათი უსაფრთხოებისთვისაც. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა ეს სპორტი სიამოვნებისთვის იყოს და არა – სიკვდილისთვის”, – განაცხადა “ბი-ბი-სი”-სთან საუბრისას ბრიტანელმა სკლეტონისტმა, ეშტონ შმიდმა.
ციგით სწრაფი დაშვების სახეობაში ტრაგიკული შემთხვევები ადრეც მომხდარა. ნოდარ ქუმარიტაშვილი ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში მეოთხე სპორტსმენია, რომელიც დაიღუპა. ყველა უბედური შემთხვევა სავარჯიშო ან საჩვენებელი გამოსვლების დროს მოხდა.
უბედური შემთხვევა ვანკუვერში ოლიმპიადის საზეიმო გახსნის ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა.
“ბი-ბი-სის” ინფორმაციით, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილმა უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და 150 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეასკდა. ამის შედეგად იგი ციგიდან ამოვარდა და ტრასიდან მოშორებით არსებულ ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა.
ქართველ სპორტსმენს სასწრაფო დახმარება აღმოუჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, მოგვიანებით ოლიმპიურმა კომიტეტმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომ ტრავმა სასიკვდილო აღმოჩნდა და 21 წლის ქართველი მოციგავე საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ნოდარ ქუმარიტაშვილი მიმდინარე სეზონზე მსოფლიო პირველობის ხუთ ეტაპზე მონაწილეობდა და 44-ე ადგილი დაიკავა.
ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებში, ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდა, კიდევ 7 სპორტსმენი შედის.
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მოთხოვნით, ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვის მიზეზებზე მოკვლევა მიმდინარეობს.
“მათ თანაგუნდელი და მეგობარი დაკარგეს. ჩვენ დავკარგეთ სპორტსმენი, რომელიც დღითიდღე იზრდებოდა და დიდ იმედებს იძლეოდა. ჩვენმა ოლიმპიელებმა მოძებნეს ძალა, გაეგრძელებინათ შეჯიბრებაში მონაწილეობა. ისინი იბრძოლებენ იმ მიზნისთვის, რისთვისაც ნოდარ ქუმარიტაშვილი იბრძოდა”, – ნიკოლოზ რურუა.
კანადის პრემიერ-მინისტრმა, სტივენ ჰარპერმა ვანკუვერში ქართველი სპორტსმენის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა.
“სპორტისადმი მის ერთგულებას და შეჯიბრების წყურვილს მთელი ოლიმპიადის განმავლობაში მიაგებენ პატივს”, – განაცხადა ჰაპერმა.
ნოდარ ქუმარიტაშვილი ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში მეოთხე სპორტსმენია, რომელიც დაიღუპა.
ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებში, ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდა, კიდევ 7 სპორტსმენი შედის.
თუმცა, ვანკუვერში მომხდარი ტრაგედიის გამო, ქართველი მოციგავე ლევან გურეშიძე ოლიმპიადაზე აღარ გამოვა. ირაკლი ჯაფარიძის თქმით, უბედური შემთხვევის შემდეგ, ოლიმპიური სოფლის “ქართულ სახლში” საათნახევრით საქართველოს პრეზიდენტი მივიდა, რომელმაც ოლიმპიურ ნაკრებს წევრის გარდაცვალება მიუსამძიმრა.
ამასთან, როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, ქართველმა სპორტსმენებმა, რომლებიც 4 წელია, ამ თამაშებისთვის ემზადებიან, ოლიმპიადაში მონაწილეობა გააგრძელონ.
“ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძნელია. ყველა გაოგნებულები ვართ. აქ საქართველოს მოქალაქეების დიდი დიასპორაა, ჩვენი თანამემამულეები გვერდზე გვიდგანან და გვამხნევებენ”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, უისტლერის ოლიმპიური ტრასა ძალიან ცუდად არის დაპროექტებულია, რის გამოც გუშინ ბევრი სპორტსმენი დაშავდა.
“არ არის გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომები. ხომ შეიძლებოდა, ბეტონის ნაცვლად რბილი დამცავი ბალიშები ყოფილიყო ან ისე დაბალი რატომ უნდა ყოფილიყო ყინულის ბორტი, რომ სპორტსმენი გადავარდნილიყო. დღეს ძალინ ბევრი სპორტსმენი დაშავდა. მაგალითად, იტალიის მსოფლიო ჩემპიონს ციგა ამოუტრიალდა და ძლივს გადარჩა”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტრასა შეამოწმონ და შეიტანონ კორექტივები, რადგან ბევრმა სპორტსმენმა უარი თქვა შეჯიბრებაში მონაწილეობაზე.
ასეა თუ ისე მოხდა ტრაგიკული და დასანანი ფაქტი. ქართველი სპორტსმენი გარდაიცვალა. სამწუხაროდ ეს ფაქტია და ისღა დაგვრჩენია გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადოთ გარდაცვლილის ოჯახს და სრულიად საქართველოს.
ვიმედოვნოთ, რომ ეს მძიმე და ტრაგიკული ფაქტი აღარ განმეორდება. ნოდარ კუმარიტაშვილის ხსოვნა კი ქართული სპორტის და ზოგადად საქართველოს ისტორიაში დარჩება როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და შავი ფურცელი.
ღმერთმა განუსვენოს ნოდარ ქუმარიტაშვილს!
P.S. ამ ტრაგიკული ფაქტის და საქართველოს დელეგაციის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე გამოსვლის ტექსტური და ვიდეო მასალა იხილეთ აქ:
http://sports.yahoo.com/video/player/woly/Olympic_News/18118115;_ylt=Any0H4OteXcoEjRWD9cpDzGNsbV_#woly/Olympic_News/18118115
http://www.mahalo.com/olympic-luge-accident
http://www.mahalo.com/2010-olympics-opening-ceremony
იცნობდეთ: ბერნარდ ჰენრი მარტინ ფონ ბიულოვი
“წავიდა ის დრო, როდესაც გერმანელი თავის ერთ-ერთ მეზობელს მიწას უთმობდა, სხვას – ზღვას, თავისთვის კი ცას იტოვებდა. ჩვენ არავის ვუბიძგებთ სიბნელისკენ, თუმცა კი ვითხოვთ ადგილს მზის ქვეშ”. მე ამ ფრაზაში გერმანიას საქართველოთი შევცვლი და მას შევთავაზებ ყველგან და ყველას, ვისთვისაც საინტერესოა თუ რამდენიმე წინადადებაში როგორ თავსდება თანამედროვე ქართველის უმთავრესი საფიქრალი. რომ უცხოსათვის ნათელი გახდეს რამდენად ეგზისტენციალური მნიშვნელობისაა ეს თემა ჩვენთვის, ხოლო შინაურმა გამოიყენოს, როგორც მარტივი სახელმძღვანელო ფორმულა ერის წინაშე მდგარი ურთულესი დილემის მკაფიოდ და ნათლად გადმოსაცემად.
საკუთრივ ეს სიტყვები კი გერმანიის იმპერიის რაიხსკანცლერს მარტინ ფონ ჰენრი ბერნარდ ბიულოვს ეკუთვნის, რომელმაც თავისი პრინციპულობით, გააზრებული პატრიოტული სულისკვეთებითა და მაღალი ინტელექტით ჩემი ყურადღება იმთავითვე მიიპყრო. მე ვფიქრობ ისიც საკმარისია, რომ ზემოთ მოყვანილ ციტატას მაინც დააკვირდე ყურადღებით და აუცილებლად დაინახავ ადამიანს, სახელწიფო მოღვაწეს, რომლის მგზნებარე სიტყვები შორსაა ფარისევლობისა და პოპულიზმისაგან და პირველ რიგში გულს, განცდას და პრობლემის შეულამაზებელ, ობიექტურ აღქმას უკავშირდება, იმის გააზრებას, რომ სამშობლო ორიგინალურ ლანდჩაფტთან, ნიადაგის სპეციფიურობასთან და გეოგრაფიულ განლაგებსათან ერთად, პირველ რიგში ეს ჩვენ ვართ ადამიანები, ჩვენი ხასიათით, მისწრაფებებით, სურვილებით, ღირებულებებით, ფიქრით და აღსრულებული საქმეებით.
თუმცა ციტატისგან მიღებულ ინფორმაციასთან ერთად, ალბათ უპრიანია მკითხველს ამ ძალიან საინტერესო ადამიანის განვლილ გზასა და ბიოგრაფიაზეც ვუთხრათ ორიოდ სიტყვა.
პრინცი მარტინ ფონ ჰენრი ბერნარდ ბიულოვი (Bülow) 1849 წელს კლეინ-ფლოტბეკში დაიბადა. 1888-93 წლებში იყო გერმანიის წარმომადგენელი რუმინეთში, 1893-97 წლებში კი იტალიაში. 1897-1900 წლებში იმპერიის საგარეო საქმეთა მდივანი, 1900-1909 წლებში კი გერმანიის რაიხსკანცლერი და პრუსიის მინისტრ-პრეზიდენტი. 1914-1915 წლებში საგანგებო ელჩი რომში.
სამეფო გიმნაზიის დასრულების შემდეგ ჰენრი ბერნარდმა ლოზანის, ლაიფციგისა და ბერლინის უნივერსიტეტებში გააგრძელა სწავლა, სადაც განსაკუთრებულ ყურადღებას სამართლის, ლიტერატურისა და ხელოვნების შესწავლას უთმობდა.
საუნივერსიტეტო ცხოვრება 1870 წლისათვის ფრანკო-პრუსიულმა ომმა შეცვალა, სადაც ჰენრი მოხალისის სახით პრუსიის ჰუსართა ნაწილში მსახურობდა. იღებდა რა საკმაოდ აქტიურ მონაწილეობას საომარ მოქმედებებში, მამაცობისათვის ის ლეიტენანტის ჩინით იქნა დაჯილდოვებული. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისათვის ბიულოვში ძალიან ძლიერი იყო სურვილი სამხედრო კარიერის გაგრძელებისა, მამის კატეგორიული მოთხოვნის შედეგად ის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს დაუბრუნდა, რომელიც 1872 წელს დაასრულა.
მეცაში ხანმოკლე მუშაობის შემდეგ, 1873 წელს ბიულოვი გადავიდა საგარეო საქმეთა განყოფლებაში. დიპლომატიური კარიერა მამის ხელმძღვანელობისა და ბისმარკის უშუალო მფარველობის ქვეშ დაიწყო. მისი, როგორც დიპლომატის პირველი სამუშაო ქალაქი რომი აღმოჩნდა, სადაც 25 წლის ბიულოვი ატაშეს რანგით ჩავიდა. რომის შემდეგ იყო პეტერბურგი და მესამე მდივნის პოსტი, სადაც რუსეთის კანცლერის გორჩაკოვის პოლიტიკის დეტალური ანალიზი ჰქონდა დავალებული. უკვე 1877 წელს ბიულოვი ვენაში გერმანიის საელჩოს მეორე მდივანია.
ძალიან მალე ახალგაზრდა დიპლომატმა მიიღო როგორც შემდგომში აღმოჩნდა საეტაპო მნიშვნელობის წინადადება. ჰენრი პარიზში გერმანიის საელჩოს მეორე მდივნად დაინიშნა. საფრანგეთის დედაქალაქში გატარებული ექვსი წელი მისთვის შედეგიანი და სასარგებლო აღმოჩნდა. პირველ რიგში კი იმიტომ, რომ დაამყარა მჭიდრო კონტაქტები გავლენიან პოლიტიკოსებთან. დაუახლოვდა მიშელ გამბეტს და ჟიულ ფერის. საფრანგეთში ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბიულოვმა სახელმწიფო მოღვაწისა და დიპლომატის იმდენად დიდი უნარი გამოავლინა, რომ მისიის ხელმძღვანელს ჰოჰენლოჰეს ეს არ გამორჩენია და იმპერიის რაიხსკანცლერობაც კი უწინასწარმეტყველა.
1888 წელს ბიულოვი თავის პირველ დამოუკიდებელ პოსტს იღებს და ინიშნება რუმინეთში გერმანიის საელჩოს ხელმძღვანელად. ბუქარესტში ხუთი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა და ამ ხნის განმავლობაში დიპლომატმა შეძლო რუმინელი მონარქის კარლ I ნდობისა და პატივისცემის მოპოვება. მან მოახერხა გერმანულ-რუმინულ სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმება , რომელიც წარმოადგენდა უმნიშვნელოვანეს ეტაპს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობების განმტკიცების საქმეში.
ასეთივე წარმატებით ახერხებს ბიულოვი გერმანიის ინტერესების სასარგებლო პოლიტიკის წარმაოებას იტალიაში თავისი ელჩობისას (1894-1897). მან საკუთარი ძალები იტალიის სამთა კავშირში ჩართვისა და გერმანიის “წმინდა საყდართან” ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის მიმართა.
1897 წელს კი, როდესაც დღის წესრიგში დადგა საკითხი მარშალ ფონ ბიბერშტეინის საიმპერიო საქმეთა მდივნის თანამდებობიდან დათხოვნისა, მზერა ბიულოვზე შეჩერდა. ამ უკანასკნელის შანსებს ზრდიდა ის ფაქტიც, რომ იმ დროინდელი რაიხსკანცლერი ჰოჰენლოე კარგად იცნობდა ბიულოვს პარიზში ერთობლივი დიპლომატიური სამსახურიდან. ჰენრისადმი კეთილად იყო განწყობილი თავად მონარქი ვილჰელმ II.
მმართველ წრეებსა და მოქალაქეთა შორის პოპულარობამ განაპირობა ის, რომ 1900 წლის 18 ოქტომბერს ბიულოვი დანიშნულ იქნა რაიხს კანცლერად. კონსტიტუციის მიხედვით მან დაიკავა გერმანიის იმპერიის უმაღლესი სახელმწიფო პოსტი და იმავდროულად მეთაურობდა პრუსიის მთავრობასაც. ბიულოვს მოუწია რთული პრობლემის გადაწყვეტა, რომელიც დიდი სამხედრო-საზღვაო ფლოტის მშენებლობის პროცესში ევროპაში გერმანიის როლის შენარჩუმებას გულისხმობდა. წამყვან ევროპულ ქვეყნებთან მშვიდობიანი ურთიერთობების შენარჩუნების პროცესში სხვა ფაქტორებთან ერთად მნიშვნელოვან რისკს შეიცავდა იმპერატორ ვილჰელმ II არაპროგნოზირებადი და ამბიციური ხასიათი, რომელის მიდგომებმა არაერთხელ შეიყვანა ჩიხში, როგორც პოლიტიკური პროცესი, ისე თავად გერმანელი პოლიტიკური აქტორები მინისტრებისა და დიპლომატების სახით. თუმცა ბიულოვის რაციონალური და ასე ვთქვათ პრევენციული პოლიტიკა ხშირ შემთხვევაში ანეიტრალებდა მონარქის ზემოთ ნახსენებ მიდრეკილებებს.
ბიულოვის პირველ საგარეო პოლიტიკურ აქტად კანცლერის პოსტზე შეიძლება ჩაითვალოს გერმანიის მონაწილეობა ჩინეთში, ცინის იმპერიის წინააღმდეგ, იხეტუანის 1898 – 1901 წლების აჯანყებაში.
1906 წლისათვის გერმანიის შიდაპოლიტიკური მდგომარეობა ნელ-ნელა რთულდება. კანცლერის კარზე გახშირებულმა ინტრიგებმა, იტალიიის სამთა კავშირისაგან თანდათანობითმა დისტანცირებამ და პრესაში გახშირებულმა სკანდალურმა კამპანიამ, რომელსაც თან დაერთო ბიულოვის ხალნგრძლივი ავადმყოფობა, მთავრობის ხელმძღვანელისა და საკუთრივ მთავრობის მდგომარეობას ამძიმებდა.
ამას შედეგად მოჰყვა ის, რომ 1909 წლის ზაფხულში ბიულოვი თანამდებობიდან გადადგა. 14 ივლისს კი გამოქვეყნებულ იქნა ოფიციალური უწყება მისი შავი არწივის ბრილიანტის ორდენით დაჯილდოვების შესახებ. მეორე დღეს ვილჰელმ II მას ოფიციალურად გამოემშვიდობა და მის ადგილზე ბეტმან ჰოლვეგი დანიშნა, რომელთანაც ბიულოვს არასოდეს ჰქონია მეგობრული ურთიერთობები.
ამის შემდეგაც ყოფილი კანცლერი ყურადღებით აკვირდება გერმანიის შიდა და საგარეო პოლიტიკას. მისი, დიპლომატისა და კანცლერის პოსტზე გატარებული წლების გააზრებისა და განხილვის შედეგად გამოიცა ორი წიგნი, “გერმანია ზესახელმწიფო” (1913) და “გერმანული პოლიტიკა” (1916).
1914 წელს ბიულოვი იღებს ჰოლვეგის შეთავაზებას გახდეს ელჩი იტალიაში. 1917 წლის ზაფხულში კი, ჰოლვეგის გადადგომის შემდეგ, გაითვალისწინა რა პარტიათა უმრავლესობისა და უმაღლესი სარდლობის პოზიცია, იმპერატორმა გასცა ბიულოვის კანცლერის თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანება, თუმცა რამდენიმე საათში ეს გადაწყვეტილება შეცვალა და კანცლერად მიხაელისი დანიშნა.
1918 წლის ნოემბრის რევოლუციას ბიულოვი მტრულად განწყობილი ვაიმარის რესპუბლიკის პირობებში შეხვდა. ამის შემდეგ კი თითქმის მთელი 20-იანი წლები მან რომში გაატარა, სადაც თავი მთლიანად მემუარების წერას მიუძღვნა, რის შედეგადაც 1930-31 წლებში გამოიცა “მოგონებების” ოთხი დიდი ტომი, რომელიც ავტორის წინააღმდეგ აგორებული დიდი პოლემიკური ტალღის საფუძველი გახდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ მემუარებში პირდაპირ თუ ირიბად მოხსენიებულმა პირებმა სპეციალური კრებულიც კი გამოსცეს სახელწოდებით “ფრონტი ბიულოვის წინააღმდეგ”.
ბერნარდ ჰენრი მარტინ ფონ ბიულოვს ამ სკანდალში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან ის 1929 წლის 28 ოქტომბერს 80 წლის ასაკში რომში გარდაიცვალა.
რაც უფრო ღრმად ვიხედები და ვსწავლობ ბიულოვის ბიოგრაფიას, უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ საქმე გვაქვს მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პოლიტიკურ მოღვაწესთან, რომელიც დიდი ნიჭით, მთავარის მეორე ხარისხოვანისაგან გარჩევის ალღოთი, მოვლენის საღი შეფასების უნარით, გააზრებული პატრიოტიზმითა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია პრინციპულობით გამოირჩეოდა.
სიტყვები, რომელიც ზემოთ ციტატის სახით მოვიყვანე და რომელმაც ბიულოვის შემდეგი თაობების გერმანიაში, ნაცისტური რეჟიმის სისხლისმსმელი პოლიტიკის პირობებში იდეური ტრანსფორმაცია განიცადა, ალბათ უნივერსალური დანიშნულებისაა და შესაძლოა ფორმულადაც იქნას გამოყენებული ყველა ქვეყანაში, ყველა იმ ქვეყნის მოქალაქის მიერ, რომელსაც სამშობლოს არცთუ სახარბიელო მდგომარეობა აფიქრებს, ამწუხრებს, თუმცა ამასთან ერთად იმედს არ კარგავს, რომ მზისქვეშ დგომა, როგორც მისი ქვეყნისა და ხალხის ბუნებრივი, თვისებრივი და სრულფასოვანი უფლება, როგორც სამართლიანობის აღდგენის შესაძლებლობა გამოყენებულ იქნება.
პოლიტიკური (და არამხოლოდ) კარიკატურები
ანათოს (ეძღვნება აბორტით დაღუპულთა ხსოვნას)
ამ მოთხრობის დაწერა იმ მწვავე პრობლემამ გადამაწყვეტინა, რომელიც აბორტის თემას უკავშირდება. ეს საზარელი მოვლენაა, რომელიც ვფიქრობ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედიაა კაცობრიობის ისტორიაში. ამ სურათს კიდევ უფრო ამწვავებს იმის გააზრება, რომ ეს ტრაგედია ნებაყოფლობითი აქტის შედეგია.
ჩვენ უარი უნდა ვთქვათ მკვლელობაზე, ჩვენ უნდა შევიყვაროთ სიცოცხლე!
* * *
ნაცრისფერ სარკმელს ავოკადოებისგან ჩამოცრილი წვეთები ნაწვიმარის იერს აძლევდა. ოთახში წყვილად, ეულად და ჯგუფურად მიმოფანტული ხალხი ცხელ ჩაის, ლუდსა და ცივ ვისკის დუნე მუსიკის თანხლებით წრუპავდნენ და ფიქრისა თუ მუსაიფისათვის ნაბოძებ დროს გეგმის მიხედვით განკარგავდნენ.
ბროწეულისფერი ჭაღები მბჟუტავი შუქით კიდევ უფრო აძლიერებდა დამღლელი დღისაგან დაოსებული თვალების ძილისკენ ლტოლვას. გარეთ ღამე, უფრო სწორად კი საღამო იდგა, ბინდისფერი საღამო მბჟუტავი მთვარით, უჩვეულოდ მუქი ნისლით და გაუკაცრიელებული ქუჩებით.
ამ დროს ტრადიციულად სიხალვათეა სიღნაღის ქუჩებში და არც ეს საღამო იყო გამონაკლისი. სამაგიეროდ ბარია სავსე, პირთამდე სავსე და სრულყოფილი. მიჯრით ჩაწყობილი, ირგვლივ კი ხალხით შემოჯაჭვული მაგიდები კომპაქტურად დასახლებული უბნების მსგავსად გამოიყურებიან. პერიოდული წამოძახილი, ჭურჭლის ჟღარუნი და ხშირი კის-კისი თუ ოხვრა ყველაზე ცოცხალსა და მიმზიდველს ხდის ამ დაწესებულებას მთელს ქალაქში.
ოთახის კიდეში, წაბლის მაგიდასთან ზის ეული, თავჩაქინდრული და ნაღვლიანი. შუბლზე მოხდენილად ჩამოყრილი თმები კარგად ფარავს სინანულისაგან შემჭიდროვებულ და დანაოჭებულ სახის ნაკვთებს, თუმცა წყლით სავსე თვალები მეტისმეტი სევდით აღვსილი, ღალატობს ეულს და გასცემს მის მძიმე მდგომარეობას.
მაგიდასთან ქალაქში ცნობილი გინეკოლოგი ელიზბარ ვარაზიშვილი ზის.
უკვე მეოთხე საათია, ის როდენის მოაზროვნის მასგავსად, წელში მოხრილი, ნიკაპზე თავდაბჯენილი უძრავად უზის მაგიდას და ნაწვიმარი ზღვისფერ თვალებს ჯიუტად არ აშორებს ფანჯრის რაფაზე დადებულ ვენერას დაბადებას.
დრო და დრო გაფითრებული, ხმელი თითებით სპილოსძვლიფერ მუშტუკში სიგარეტს განაახლებდა და წუთით გამთბარ თვალებს კვლავ ცივი მზერით მონუსხავდა.
ნელ-ნელა საღამოს ღამე ენაცვლებოდა, მთვარეც მკვეთრ კონტურებს იძენდა. ის კი ვისკის ყვითელ ჭიქაში ახრჩობდა სევდას და გულისგანმგმირავ ნაღველს. ათრთოლებული ტუჩების მიერ ნამასპინძლევი სიგარეტის ნამწვავები მაგიდას მიჭედებულ საფერფლეს ავსებდნენ და ალიბის მაგივრობას სწევდნენ.
* * *
მზიანი დღე იყო. ქვაფენილს გადმომყურე იისფერი აივნები მიმზიდველ მწკრივს ქმნიდნენ და უეცარ მოსახვევში უთქმელად იკარგებოდნენ.
ელიზბარი წესისამებრ ადრიანად მოემზადა სახლიდან გასასვლელად. საკუთარ თავს უცნაურ აღელვებას დილიდანვე ატყობდა, თუმცა მღელვარების მიზეზი ვერ იპოვა და ამიტომ განსაკუთრებული ყურადღებაც არ მიუქცევია. სწრაფად ჩაირბინა სახლის კიბე და ქუჩაში ხალხს შეერია.
_ დილა მშვიდობის ბატონო ელიზბარ
საავადმყოფოს შესასვლელთან ექიმს კლინიკის დარაჯი ვანო მიესალმა
_ კეთილი დღე მისურვებია ვანო. როგორ ხარ?
_ აბა როგორ ვიქნები ელიზბარ ექიმო. ეს ღამე მთლად თეთრად და უძილოდ გავატარე. რატომღაც მორიგედ მხოლოდ ერთი ექიმი დატოვეს და პაციენტების განუწყვეტელი მოთხოვნებისა და საჭიროების გამო ექიმს მეც ვეხმარებოდი.
ვანო იგივე დარაჯი ივანე ერთ-ერთი იყო იმ ძველ თანამშრომელთაგან, რომელნიც თითო-ოროლად შემორჩა სიღნაღის სამშობიარო სახლს.
მეოთხე სართულზე ასულს თავის კაბინეტთან მდივანი ირმა შემოეგება და შემდგომი დღე-ღამის განრიგი გააცნო: 7 მშობიარობის, 15 კონსულტაციის, და 1 აბორტის მსურველი თავის რიგს ელოდა.
უკანასკნელი ვალდებულება განსაკუთრებით ამძიმებდა მას როგორც ექიმს თუ უბრალოდ მოქალაქეს. არადა ის ყველაფერთან ერთად ვალდებულებაც იყო, რომელიც ასეთი პრესტიჟული სამსახურის მსურველს მუდმივად დამოკლეს მახვილივით ეკიდა კისერზე და არ ასვენებდა.
წინააღმდეგობრივი აზრები, სინდისის ქენჯნა, მძიმე განცდები, საკუთარი თავის გადამეტებული სიძულვილი იყო ის შეგრძნებები, რომელიც აგერ უკვე თხუტმეტი წელია თანმდევ, ლამის თვისებად ქცეულ, ხორცსა და სისხლში შეზრდილ შეგრძნებად გადაექცა ელიზბარს და თან მუქი ფერებით აწვალებდა მის ცხოვრებას. გრძნობდა ტკივილს და მწუხარებას, თუმცა ამასთან გადიოდა დღეები და წლები და სულში გაჩენილი იარების რაოდენობას ყოველი სამუშაო დღის კვალდაკვალ ახალი ემატებოდა, გარდამტეხი ნაბიჯი კი გაურკვევლი ვადით იდებოდა.
არა, ის არც კონფორმისტი იყო და არც ხარბი, მას უბრალოდ ეშინოდა. ეშინოდა შედეგის და არასასურველი ფიქრების…
ეშინოდა რადგან გრძნობდა, რომ სიცოცხლეს უსწრაფებდა მას ვინც სიცოცხლისთვის ჩაისახა. ფიქრობდა იმაზე, რომ ჩვენს დროში სულ უფრო მეტი ქალი თმობს სიცოცხლეს ისეთი დაავადებებით, რომელიც ადრე იშვიათი იყო. მათი მიზეზი კი სწორედ აბორტი იყო. მის მეხსიერებას არ ტოვებდა სასტიკი სტატისტიკა, რომ სამედიცინო დაწესებულებებში გაკეთებული აბორტების რაოდენობა 10 მილიონს აღწევს. ეს სამედიცინო ჰოლოკოსტი კი არაფრით ჩამოუვარდებოდა მსოფლიო ომებსა და გრანდიოზული სტიქიებით გამოწვეულ შედეგებს. ეს სამყაროს შექმნიდან დღემდე ალბათ კაცობრიობის ყველაზე დიდი შეცდომაა, რომელიც თავისი არსით ჰანიბალიზმია. ეშინოდა იმის გააზრების, რომ ამ საერთო ტრაგედიაში მისი წილიც იყო.
შინაგანად ის ყოველდღიურად ელოდა სამსჯავროს, მაგრამ რა და სად იყო მისი სამსჯავრო?! აქვე მიწაზე თუ შემოქმედის წინაშე? ერთი შეხედვით პასუხი პირველი უფრო იყო, ვიდრე მეორე, თუმცა საზოგადოება თავისი მცდარი და დაუნდობელი შეხედულებით ათავისუფლებდა მას ბრალდებულის სკამისგან, მეტიც მადლობის სიგელსაც სთავაზობდა “გაწეული სამსახურისთვის”. ღმერთი კი… ღმერთი ხომ შორს დაიგულა ადამიანმა და გამიწიერებული ზრახვებით ადგილი წაართვა ქმნილებათა შორის. მაგრამ სინამდვილეში ხომ ყველა გრძნობს, რომ ის აქვეა?! სამყარო კი კაენს აღმერთებს!
კაბინეტში შესულმა თეთრი ხალათი უხალისოდ მოირგო. თითქოს ფეხს ითრევდა, თითქოს ჩასადენი ბოროტების წინასწარ აღსარების სურვილი ჰქონდა, თუმცა საკუთარი სურვილის ურწმუნოება თავის მხრივ აღრმავებდა ნაპრალს, რომელმაც მის გულზე თხუტმეტი წლის წინ გაიარა.
მომლოდინე ადამიანებით სავსე, გრძელი კორიდორი ჩქარი ნაბიჯით განვლო და ოთახის თეთრი კარი ფრთხილად შეაღო.
ოო, ელიზბარს ვახლავართ. დამხვდურთა შემოგებებამ უმალ დაახშო ძველი კარის ხმა და ელიზბარი კოლეგების გარემოცვაში აღმოჩნდა.
სამედიცინო კალენდრებითა და ადამიანის ორგანოთა გამოსახულებიანი ფოტოებით აჭრელებულ ოთახში ტევა არ იყო. კლინიკის ყველა თანამშრომელს ყავის დასალევად, მოსაწევად თუ უბრალოდ დასასვენებლად იქ მოეყარა თავი და კოლექტიურ მუსაიფს მისცემოდნენ. ელიზბარმა ექიმებს შორის მოძებნა ადგილი და სიგარეტი გააბოლა.
_ დღეს ჩვენი გუნდი თბილისელებს ეთამაშებაო ფეხბურთში, გაიგე ლევან?
_ გავიგე და ბილეთები წინასწარ დაიგულა ბიჭმა. საღამოს ყველანი წასვლას ვაპირებთ. უპასუხა სამშობიაროს მთვარ ექიმს ვახტანგს, ლევან ექიმმა, რომელიც გუშინდელი ღამენათევი წასასველლად ემზადებოდა.
_ დღეს საკმაოდ ბევრია კლიენტი და ალბათ საღამოს შვიდამდე ვერ დავასრულებ, თორემ მეც წამოვიდოდი სტადიონზე. ჩაერთო განხილვაში ელიზბარიც
_ ფეხბურთი მოიცდის ელიზბარ. ცნობა მოვიდა სტოკჰოლმიდან. ერთ კვირაში ჩემი მეგობრები, შვედი ექიმები საქართველოში ჩამოდიან და ჩვენთან ოპერაციებსა და კონსულტაციებს ჩაატარებენ. მინდა ისინი შენ მოგამაგრო. შენზე გამოცდილი და მცოდნე აქ არავინაა.
სიარულის დროს წარმოთქვა მთავარმა ექიმმა და ბოლოს ნათქვამი სიტყვები კარის ჭრიალის ხმას შეერწყა.
ბევრი საქმის მომიზეზებით იქაურობა ელიზბარმაც მალე დატოვა და მდივანთან ერთად განრიგის შესრულებას მიჰყო ხელი.
* * *
საღამოს ხუთი საათი სწრაფად მოვიდა. სწორედ ამ დროისთვის იყო ჩანიშნული აბორტის გაკეთება. ექიმმა პაციენტის ვინაობის გრაფას დახედა, მის გასწვრივ ქეთი ელერდაშვილი ეწერა. ოთახში ლამაზი აღნაგობის, 20 წლის ახალგაზრდა ქალი შემოვიდა. ეტყობოდა რცხვენოდა. შავი, მკერდზე ჩამოყრილი თმები შუბლსაც უფარავდა. გრძელი წამწამები ძირს ჰქონდა დახრილი, რადგან თვალების სიმძიმეს ვერ უმკლავდებოდა. შევარდისფერებული ღაწვები კი ყველაზე თვალსაჩინოდ მოწმობდა მის შინაგან მდგომარეობას.
_ გამარჯობა ქეთი, დაბრძანდი
_ გმადლობთ ექიმო. აღელვებული თუ ნაძალადევი ხმით გაისმა საპასუხო სიტყვები
ამ სიტყვების შემდეგ მხოლოდ დუმილი იყო, რომელიც რამდენჯერმე სამედიცინო ინსტრუმენტების ჟღარუნმა და ჩუმმა სლუკუნმა დაარღვია…
* * *
ოდნავ შეღებული ფანჯრის გავლით მზე თანმიმდევრულად ისაკუთრებდა ფრიდა კალოს ნახატებიან ოთახს. აქ ოჯახის უფროსს ეძინა.
მზე განსაკუთრებით უხდება სიღნაღს. და საერთოდ ის ყველაფერს უხდება. მზე ხომ სიცოცხლის, განახლების სიმბოლო და სიხარულის წყაროა. მოოქროვილ-ნამზეურები ქუჩები, სახლები, მოედნები და ველები თითქოს ხმას აძლევენ საერთო დღესასწაულს, რომელიც გასცდა ერთი ოჯახის მასშტაბს და მთელი ქალაქი მოიცვა.
დღეს დიდი დღეა. ელიზბარის ქალიშვილის, ელენეს ჯვრისწერის და ქორწინების დღე.
ვარაზიშვილების ქუჩის აღმართი საგაზაფხულო ყვავილებით მორთული ელის სტუმარ-მოკეთეთ. აივნები, ოთახები და სახლის ეზო მექორწილეთა მხიარულმა ფუსფუსმა მოიცვა. მხიარულებით გადარეული კახელები ერთმანეთს გასაკეთებელის გაკეთებაში ეჯიბრებიან. უასაკობა გაბატონდა ირგვლივ. ყველას გული ხარობს, უკლებლივ ყველა ცდილობს დღესასწაულის მონაწილე გახდეს.
ის ის იყო ელიზბარმა თეთრ თავადურ ჩოხაზე ვერცხლის ქამარ- ხანჯალი მოირგო, რომ ცედური მრავალჟამიერის მიმზიდველმა ხმამ ვარაზიშვილების კარ-მიდამოში გაფანტული ხალხი ერთად შეკრიბა და აივნებზე გადმოფინა.
დავითი ჩოხოსანი მაყრიონით დინჯად უახლოვდება ელიზბარისეულ ქონგურებიან სახლს. აივნებიდან წარმოშობილი ყვავილების წვიმა ქვაფენილს ეფინება და მოსულების ცედურს დამხვდურთა ჩაკრულო ცვლის.
ელენე იმ დღეს განსაკუთრებული იყო. ქალური კდემამოსილება, ბავშვური გულწრფელობა და იმ დღით აღტაცება ერთმანეთს ერწყმოდა. ეს კი დიდებულ, თვალწარმტაც, საუცხოო მიმზიდველობას სძენდა დედოფალს.
ყველაფერი წესისამებრ მოხდა. დავითმა და ელენემ ჯვარი ბოდბის მონასტერში დაიწერეს.
* * *
დეკემბრის კახური სუსხი ბუხრის აქტუალურობას ერთი-ორად ზრდის. დავითისა და ელენეს სახლში ოჯახური სადილისთვის შეკრებილი დავითის მამა, ელიზბარი და მაკაც ბუხრის ირგვლივ მოკალათდნენ და ორსული დიასახლისის მასპინძლობით განებივრებულნი საინტერესო თემებზე მსჯელობას უთმობდნენ დროს.
იმ საზოგადოებაში, სადაც ელიზბარია, როგორც წესი გინეკოლოგიაზე საუბარი მუდმივი ჩვევა, საკუთრივ ელიზბარისთვის კი დამღლელი ტრადიციაა. არც ეს საღამო იყო ამ მხრივ სხვანაირი. თუმცა დაღლა უსიამოვნო განცდაში გადაიზარდა, როგორც კი დავითმა საუბარი აბორტის შესახებ წამოიწყო.
_ ალბათ არ მოიძებნება იმაზე დიდი უსამართლობა და კადნიერება, რასაც აბორტის გაკეთებით ადამიანი სჩადის
_ ჰო
ელიზბარის ეს მოკლე პასუხი ამ ქმედების მნიშვნელობის ახლახან გააზრებით სულაც არ იყო გამოწვეული. ის სიძის მხრიდან მისთვის მტკივნეულ თემაზე დემონსტრაციულად დაწყებულმა საუბარმა გააკვირვა, გააოგნა. დაფიქრდა, ნუთუ ეს სასამართლოა, რომელსაც ყოველDდღიურად ელოდა, ნუთუ საჯელია ჩემივე სიძის ხელით მომზადებული. თუმცა, თუმცა არავინ იცის, მაკას და რამდენიმე კოლეგის გარდა ხომ არავინ იცოდა იმის შესახებ, რომ ელიზბარი აგერ უკვე 35 წელია ამ საქმით არის დაკავებული. აბა რა უნდა იყოს მიზეზი?!
ჭაღარა მოსილი ექიმის შინაგანში ერთიანად აირია სიმწარე, ეჭვი, ტკივილი და დანაშაულით გამოწვეული სასჯელის ხმაური.
_ ეს სამედიცინო ფორმა ხომ წინ ეღობება ღვთის ნებას მიანიჭოს სიცოცხლე ადამიანს და ადამიანს სურვილს იცოცხლოს?! აგრძელებს დავითი
_ რომ არა ბედნიერი შემთხვევა მეც ამ სენის მსხვერპლი აღმოვჩნდებოდი
მსმენელთა ბუხრის სითბოსაგან მოთენთილი ყურადღება ერთიანად გამოაფხიზლა სიტყვებმა – ბედნიერი შემთხვევა და მსხვერპლი. აქ რაღაც იყო იდუმალი და საინტერესო, ამასთან მოულოდნელი თვით ელენესთვისაც.
_ დედაჩემმაც გაიკეთა აბორტი. გაიკეთა აქვე, ჩვენს ქალაქში და ისე როგორც ამას ყველა აკეთებს, თუმცა დაახლოებით 3 თვეში აღმოჩნდა, რომ ისევ ფეხმძიმედაა. საქმე იმაშია, რომ დედა ტყუპებზე იყო ორსულად…
დავითს ცრემლები არა აძლევდა შესაძლებლობას თხრობა განეგრძო.
_ ბედნიერი შემთხვევის გამო, მე გადავრჩი, დედა კი კიბოს დიაგნოზით 7 თვეში გარდაიცვალა.
_ რა ერქვა დედას? ძლივს ამოილუღლუღა ელიზბარმა
_ ქეთი ელერდაშვილი
* * *
ხანგრძლივი ფიქრით დაღლილი, ასაკოვანი ექიმი ბარიდან გამოდის და მშვიდად, მტკიცე ჩანაფიქრით მიაბიჯებს გზაზე. თითქმის ზიზღნარევი გრძნობით, ამრეზით ჩაუარა გვერდი ძველ სამსახურს. ფანჯრიდან დარაჯი ივანე გადმოყურებს მდუმარედ.
გუმბათიდან ჩამოშვებული ზეთის ლამპარი სუსტად ანათებდა საყდარს.
ანალოგიასთან მუხლებზე მდგარ, თავჩაქინდრულ ჩრდილსა და თეთრწვეროსან მღვდელს დიალოგი აქვთ
_ შევცოდე მძიმედ
_ ღმერთი მოწყალეა
ის დღე იყო მთვარიანი, მაგრამ მთვარე ხვდებოდა, რომ მზე ამოსვლას აპირებდა.
ზაზა გაბუნია
01.02.2010
დიდება შენდა, უფალო იესო ქრისტე, ძალო ცხოვრებისა ჩემისაო,
რამეთუ რომელი არა ვიცოდი, მადლითა შენითა ვისწავლე,
და რომელი არა შემეძლო, შემძლებელ მყავ დაწერად წიგნისა
ამისა მხიარულებით… და აწ მშრომელი წარვალს, ხოლო ნაშრომსა
ამას შეგვედრებ შენ, რათა ჰგიებდეს ერთა შორის ყოვლადვე
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“
იღუმენ ექვთიმე კერესელიძის მინაწერი სანოტო ხელნაწერზეიღუმენი ექვთიმე (ესტატე კერესელიძე) დაიბადა 1865 წელს რაჭაში, სოფელ სადმელში, სოლომონ და მართა კერესელიძეების კეთილმორწმუნე ოჯახში. სადმელის სამრევლო სასწავლებლის დასრულების შემდგომ რაჭაში არსებული მძიმე ეკონომიური პირობების გამო თხუთმეტი წლის ყმაწვილი ესტატე გაემგზავრა ჯერ ქუთაისში, შემდგომ – თბილისში, სადაც ერთ-ერთი სასტუმროს მზარეულის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა. აქ მან გაიცნო წმიდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხაზინადარი და მოურავი, მაქსიმე როსტომის ძე შარაძე. მათ სხვა მორწმუნე ახალგაზრდებთან ერთად თბილისში დააარსეს უფასო „საღმრთო წიგნთ-საკითხავი“, რომლის მიზანი მოსახლეობაში მართლმადიდებელი სარწმუნოების განმტკიცება და ძველი ქართული საეკლესიო გალობის შესწავლა და გავრცელება იყო. „საღმრთო წიგნ-საკითხავს“ სულიერ ხელმძღვანელობას უწევდა წმიდა მღვდელმთავარი ალექსანდრე ოქროპირიძე (+1907).
ძველ ქართულ საეკლესიო გალობას საძმოს წევრები სწავლობდნენ ცნობილი მგალობლის, თავად მელქისედეკ ნაკაშიძისაგან, რომელიც ათონის წმიდა მთის ქართველთა სავანეში იყო განსწავლული.
1890-იანი წლებიდან მაქსიმე შარაძემ და ესტატე კერესელიძემ წმიდა ილია მართლის შუამდგომლობით შეიძინეს სტამბა, რომლის საშუალებითაც ინტენსიურად შეუდგნენ საღმრთო წიგნების ბეჭდვასა და გავრცელებას.
მაქსიმეს და ესტატეს მიმოწერა ჰქონდათ ათონის წმიდა მთაზე ქართველთა სავანის ბერებთან და მათგან ივერთა მონასტრის წიგნთსაცავიდან გადმოწერილ წმიდანთა ცხოვრებასა და ქადაგებებს ღებულობდნენ, ბეჭდავდნენ და უფასოდ ავრცელებდნენ. მათ თავიანთი სტამბის საშუალებით ოცდახუთი წლის განმავლობაში დასტამბეს ოთხი ათასამდე სასულიერო შინაარსის სხვადასხვა გამოცემა. ხალხი სამართლიანად უწოდებდა მათ სტამბას „ბერების სტამბას“, რადგან იქ მომუშავე ადამიანები გამოირჩეოდნენ კეთილმსახურებითა და წმიდა ცხოვრებით.
1891 წელს მაქსიმესა და ესტატეს ცნობილმა მომღერალმა და მუსიკოსმა ფილიმონ ქორიძემ, ევროპული სანოტო დამწერლობა შეასწავლა. ესტატე კერესელიძეს განსაკუთრებული ნიჭი და ლამაზი კალიგრაფია აღმოაჩნდა და ამიტომ ფილიმონ ქორიძე მას ანდობდა საგალობლოთა სანოტო ხელნაწერების გადათეთრებას.
ესტატე კერესელიძე
ბერად აღკვეცამდე
XIX საუკუნის დასაწყისში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ძალადობით გაუქმებას სავალალო შედეგები მოჰყვა: იძარცვებოდა და ნადგურდებოდა უძველესი ეკლესიის ფასდაუდებელი საუნჯე. ქართული საეკლესიო გალობაც გარდაუვალი საფრთხის წინაშე დადგა. საჩქაროდ უნდა გამონახულიყო გზა და საშუალება ქართული საეკლესიო კილოების დაფიქსირებისა, რადგან ძველი საგალობო დამწერლობის მცოდნენი დღითიდღე მცირდებოდნენ და ეს მრავალსაუკუნოვანი მუსიკალური საგანძური სამუდამოდ იკარგებოდა.
წმიდა მღვდელმთავარ გაბრიელის თაოსნობით 1884 წელს ქუთაისში დაარსებულმა ქართული გალობის აღმადგინებელმა კომიტეტმა შეკრიბა ძველი ქართული გალობის მცოდნე სასულიერო პირები და ერისკაცნი. ფილიმონ ქორიძემ ათასობით საგალობელი გადაიტანა ნოტებზე, რომლის დაბეჭდვა საკუთარი ხარჯებით თავს იდეს ესტატე კერესელიძემ და მაქსიმე შარაძემ.
1907 წელს, წმიდა ილია მართლის მოწამეობრივი აღსასრულიდან ექვსი თვის თავზე გარდაიცვალა მაქსიმე შარაძე. ეს უდიდესი დანაკარგი ესტატე კერესელიძისთვის აუნაზღაურებელი დარჩა. დაღონებულ ესტატეს განსაცდელი უერთგულესი მეგობრის დაკარგვისთანავე ეწვია – მარტოდ დარჩენილ მოღვაწეს სტამბისა და მისი ქონების გაყოფას სთხოვდნენ; მისდა სავალალოდ ქონების ჩამონათვალში უძვირფასესი ხელნაწერებიც შედიოდა. რომელთა ნაწილი ჩამოართვეს და უცნობი მიმართულებით წაიღეს. საბედნიეროდ, სანოტო კრებულები საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წიგნთსაცავში აღმოჩნდა, რომლის ხელმძღვანელი იმხანად წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი) იყო.
მალე ესტატე კერესელიძემ ჟურნალ „შინაური საქმეების“ რედაქტორის, მღვდელმოწამე სვიმონ მჭედლიძის დახმარებით სტამბა და ხელნაწერები ქუთაისში გადაიტანა. სამწუხაროდ, არსებული მძიმე ვითარების გამო მათი თანამშრომლობა არ შედგა. ქუთაისში ესტატემ კვლავ სცადა სანოტო კრებულების დაბეჭდვა, მაგრამ უბინაობის გამო გაიძარცვა ადგილი, სადაც დაბეჭდილი ყუთები ინახებოდა და დამწუხრებულმა მხოლოდ რამდენიმე მათგანს მიაგნო ქუთაისის ბაზარში ხორცის გამყიდველთან.
მალევე, ბახმაროში ყოფნისას გარდაიცვალა დიდი მოღვაწე ფილიმონ ქორიძე. მთელი ოცდაათი წლის ნაშრომი – ათეულობით ხელნაწერი ექვთიმეს პასუხისმგელობაში დარჩა. მხოლოდ მან იცოდა ამ საგანძურის რეალური ფასი.
ესტატე კერესელიძემ საბოლოოდ აირჩია მონაზვნობის გზა, რომლისათვისაც სიყრმიდანვე განიმზადებდა თავს. მას სულიერ ხელმძღვანელობას უწევდა იმ დროის უდიდესი მოსაგრე, ღირსი მამა ალექსი შუშანია.
გელათის მონასტრის
ბერდიაკონი ექვთიმე1910-იანი წლები
1912 წლიდან იმერეთის ეპისკოპოსის გიორგი ალადაშვილის კურთხევით, ესტატე კერესელიძე მორჩილად განწესდა გელათის მონასტერში, ხოლო ამავე წლის 23 დეკემბერს ღირსი ექვთიმე მთაწმინდელის სახელზე ბერად აღკვეცა იღუმენმა ანთიმოზმა. 1913 წლის მაისიდან იგი იეროდიაკონია. ამ დროიდან იწყება ყველაზე დაძაბული მოღვაწეობა მამა ექვთიმესი. გელათი იყო ის ადგილი, სადაც ჯერ კიდევ ტიპიკონის სრული წესების დაცვით სრულდებოდა ღვთისმსახურება. მამა ექვითმემ გადაწყვიტა, ზედმიწევნით მოეწესრიგებინა ფილიმონ ქორიძის ნოტებზე გადატანილი საგალობლები და ტიპიკონის მიხედვით გაეწყო. ამისათვის მრავლად შეიძინა სანოტო ფურცლები და შეუდგა უმძიმეს და უდიდეს საქმეს – ხელნაწერი ნოტების მოწესრიგებასა და გადათეთრებას.
1917 წელს მამა ექვთიმე იმერეთის ეპისკოპოსის გიორგის მიერ ხელდასხმული იქნა მღვდელ-მონაზვნად. 1918 წელს დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, მისი ავტორის – კოტე ფოცხვერაშვილის თხოვნით, მამა ექვთიმეს მიერ იქნა დასტამბული.
დადგა ავადსახსენებელი 1921 წელი. ქუთაისში კომუნისტური ხელისუფლების მოსვლისთანავე მამა ექვთიმე დაპატიმრებულ იქნა, როგორც ახალი წყობისათვის არასაიმედო პიროვნება. საბედნიეროდ, ბრალდების არქონის გამო რამდენიმე თვეში იგი გაათავისუფლეს. ეს იყო უმძიმესი პერიოდი დევნისა და შევიწროებისა; გელათის ბერები ყოველდღე ელოდნენ შეურაცხყოფასა და დარბევას. მღვდელ-მონაზონი ექვთიმე ამ წლებშიც კი აგრძელებდა საგალობლების კრებულებზე მუშაობას. „მე ამაში ვპოულობ დიდ სიმდიდრეს, ეს ოქრო-ვერცხლზე და თვალ-მარგალიტზე უძვირფასესი საუკუნო საუნჯეა!.. მე წარმოდგენილი მაქვს ჩემი თავი, როგორც ოქროსმჭედელი და თვალ-მარგალიტის დამლაგებელი! მე ხანდახან გაკვირვებაში მოვდივარ: ვინ მოუშვა ჩემამდე ეს ძვირფასი სიმდიდრე, რომ მე უღირსი ამაში ხელს ურევ!“ ამბობდა წმიდა მამა.
1923 წელს უღმერთო მთავრობის მიერ გელათის მონასტერი გაუქმებულად გამოცხადდა. გელათის მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ნესტორ ყუბანეიშვილს მისცეს რამდენიმე დღის ვადა, რათა სამუდამოდ დაეტოვებინა მონასტერი. შეძრწუნებულმა მამა ექვთიმემ იმის შიშით, რომ საგალობელთა ხელნაწერები არ განადგურებულიყო, ორმოცამდე უზარმაზარი კრებული ქუთაისში საიმედო ოჯახში გადამალა.
1924 წელს კომკავშირლებმა საძირკვლამდე დაანგრიეს წმიდა მეფის, დავით აღმაშენებლის სახელობის უზარმაზარი ტაძარი. იმავე წელს უღმრთოთა ხელით დახვრეტილ იქნა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაზარი ერთგულ სასულიერო პირებთან ერთად. სასულიერო პირთა დევნა-განადგურების ისტერიამ პიკს მიაღწია.
ზედაზნის მონასტრის იღუმენი ექვთიმე
1930-იანი წლები
მამა ექვთიმე იძულებული გახდა დაეტოვებინა გელათი და ხელნაწერები შედარებით უსაფრთხო ადგილას გადაეტანა. განსაცვიფრებელია, ასეთ დროს, როდესაც თბილისი-ქუთაისის გზაზე სრულიად უმიზეზოდ მოიკლა ათასობით ადამიანი, როგორ მოახერხა მამა ექვთიმემ ერთი ურემი ხელნაწერების ქუთაისიდან მცხეთაში მარტოდ-მარტომ გადატანა.
ამ პერიოდში მღვდელ-მონაზონი ექვთიმე განწესებულ იქნა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სადაც საგულდაგულოდ გადამალა სასწაულებრივად გადარჩენილი ხელნაწერები. 1925 წელს, როდესაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი მეტეხის ციხეშია დატყვევებული, ხოლო საქართველოს ეკლესიის უკლებლივ ყველა მსახური საშინელ დევნას განიცდის, საღმრთო განგებულებით მამა ექვთიმე კვლავაც აგრძელებს საეკლესიო გალობის იშვიათი ნიმუშების გადარჩენას. სვეტიცხოვლის ტაძრის წიგნთსაცავში მან მიაკვლია ძლისპირთა უძველეს ნივმირებულ კრებულს. ძველი ქართული სამუსიკო დამწერლობის საუკეთესო მცოდნე მოღვაწემ ეს საგალობლებიც ხუთხაზიან სანოტო სისტემაზე გადაიტანა.
1929 წლიდან მამა ექვთიმე ზედაზნის მონასტერში განაწესეს. მან ახლა აქ აიტანა ქართული გალობის ხელნაწერები და დიდ რკინის ყუთებში საიმედოდ დაცული მიწაში დაფლა.
თბილისის „მეტეხის“ მუზეუმის ერთ-ერთმა თანამშრომელმა – დავით დავითაშვილმა, რომელიც ფარული ქრისტიანი იყო, ბეთანიის ბერებთან – წმიდა აღმსარებლებთან არქიმანდრიტ იოანე მაისურაძესა და გიორგი მხეიძესთან საუბრისას მწუხარება გამოთქვა ფილიმონ ქორიძის მიერ ჩაწერილი ძველი ქართული საგალობლების დაკარგვის გამო და როდესაც მათგან შეიტყო, ხსენებული ხელნაწერები ზედაზნის მონასტერში იღუმენ ექვთიმესთან ინახებაო, იმავე დღეს ზედაზნის მონასტისკენ გაეშურა.
შეიქმნა კომისია ისტორიკოსებისა და მუსიკოსების შემადგენლობით, რომელმაც ამ ხელნაწერების განსაკუთრებული ფასეულობა და დიდი ისტორიული მნიშვნელობა დაადასტურა. მამა ექვთიმემ 1935 წლის ნოემბერში სახელმწიფო მუზეუმს გადასცა 34 სანოტო კრებული, რომელიც 6000-მდე საგალობლისგან შედგებოდა. ყველა ეს საგალობელი ამჟამად დაცულია კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში.
1944 წლის ზამთარში ზედაზნის მონასტერში მარტო მცხოვრები მამა ექვითმეს სანახავად ასულ სამთავროს მონასტრის დედებს წმიდანი უკვე ავადმყოფობისგან დასუსტებული დაუხვდათ, მამა ექვთიმემ დალოცა დედები და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. იგი დაკრძალეს ზედაზნის მონასტრის ეზოში, საკურთხეველთან.
მართლმადიდებელი ეკლესია და მადლიერი შთამომავლობა დღეს, 2 თებერვალს აღნიშნავს წმინდა
ექვთიმე აღმსარებლის (კერესელიძე) ხსენებას.
zaza didi madloba metad mnishvnelovani informaciis mowodebistvis. shen martla mamulishvilur saqmes aketeb da mixaria rom sqartveloshi shennairi axalgazrdebi cxovroben.
ცნობისთვის ეს ის ადამიანი გახლავთ, ვისაც ე.წ. ღია წერილის ავტორები ეფარებიან.
ყოჩაღ ზაზა!!!
მაგარია..
გაოცებულ-გაკვირვებულ- არფრთოვანებული ვარ..)
რა თუ არა არაკომპეტენტურ საქმეებში უბადლოდ მოლაყბეობა…
როდის აქეთ არის თქვენთვის საბჭოთა სასამართლო გამოტანილი განაჩენი ეჭვმიუტანელი?.. ან თუ იცით, რომ არსებობს დოკუმენტი, რაც ადასტურებს, რომ სასამართლო – პოლიტიკური დაკვეთა, თეატრალიზირებული და ფარსი იყო…
ზაზა, ქართველ კარიკატურისტებში შენი მოსაწონი მხატვარი არ არსებობს?
arsebobs ra tqma unda. magalitad, Beso Dugashvili, KEMO.