ამბობენ, რომ საქართველოს რეგიონში კარგი და მიმზიდველი გეოპოლიტიკური განლაგება აქვს. ეს აბსოლუტური სიმართლე გახლავთ. ამ ორი ეპითეტის ქვეშ კი ავტორები უმრავლეს შემთხვევაში სასარგებლოს მოიაზრებენ, რაც ასევე სწორია, თუმცა საქართველოსთან მიმართებით ამ რეალობამ უკვე კარგა ხანია მეორე ასოციაციური სიტყვითი დატვირთვა – საშიშიც შეიძინა.
რეგიონში, რომლის გეოგრაფიული ნაწილიც ჩვენი სახელმწიფოა, რუსეთის ფედერაციის სახით არსებობს მოთამაშე, რომლის ეროვნული პოლიტიკა იწვევს სწორედ საფრთხის მძაფრ შეგრძნებას ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისათვის, დასავლური, ევროპული ფასეულობებისათვის.
თუმცა მოცემული გეოპოლიტიკური სინამდვილე მართლაც, რომ სინამდვილეა და მიუხედავად ყველაფრისა ჩვენს ქვეყანაში არავინ აპირებს უარი თქვას ყველაზე მთავარზე – არსებობის უფლებასა და განვითარების შესაძლებლობაზე.
იმისათვის, რომ პოტენციური საფრთხე გათიშვის, პარალიზების საბაბი არ გახდეს საჭიროა მოძრაობა, ფიქრი, ძიება. ჩვენი სახელმწიფო და საზოგადოება გარდა მტკიცე ფსიქოლოგიური შეუგუებლობისა უნდა შეთანხმდეს კონკრეტულ მოდელსა თუ გეგმაზე ღვთისგან ბოძებული, მიმზიდველი გეოპოლიტიკური განლაგებისგან სიკეთის მისაღებად, რადგან ერთთან შეუთავსებლობა და მეორისკენ სწრაფვა ჯერ კიდევ არ ნიშნავს გააზრებულ სტრატეგიას.
ამისთვის კი პირველ რიგში საჭიროა მსოფლიოში არსებული პრეცედენტების და გეოპოლიტიკის დარგში მოღვაწე მკვლევართა ხედვების გაცნობა.
ჩემი წინამდებარე მცირე ნაშრომი, მიზნად ისახავს საზოგადოებას ლაკონურად გააცნოს გეოპოლიტიკაში მოღვაწე მეცნიერების და მათი ძირითადი პოსტულატების შესახებ.
ფრიდრიხ რატცელი
ეს კაცი გეოპოლიტიკის მამად არის მიჩნეული, თუმცა თავად არც ეს ტერმინი აქვს რომელიმე შრომაში ნახსენები და არც არავინ მოიაზრებდა იმ დროს “პოლიტიკურ გეოგრაფიას” გეოპოლიტიკად, თუმცა ეს არ არის მთავარი.
აღსანიშნავი გახლავთ ის, რომ ფრიდრიხ რატცელმა გეოპოლიტიკის ჰიპოკრატეს ტიტული სამართლიანად მოიპოვა, არამხოლოდ ამ დარგში პიონერობის, არამედ იმ ფასეული ღვაწლისა და მიღწევების გამო, რომელიც მას ამ სფეროში აქვს.
თუმცა ამ სტატუსამდე მან საკმაო გზა განვლო. რატცელმა გეოლოგიის, ზოოლოგიისა და პალეონტოლოგიის შესწავლა კარლსრუეში დაიწყო და ჰაიდელბერგში დაასრულა. 1870 წელს მონაწილეობა მიიღო ომში, სადაც მამაცობისათვის რკინის ჯვრით დაჯილდოვდა.
ფრიდრიხ რატცელში თანმიმდევრულად ყალიბდება მყარი პოლიტიკური სიმპატიები, რომელიც ნაციონალისტურ შეხედულებებს უკავშირდება. მალე მისი ეს იდეოლოგიური მისწრაფება ორგანიზაციულ, სისტემურ ხასიათს იღებს, 1890 წელს ფრიდრიხი “პანგერმანული ლიგის” წევრი ხდება.
გეოლოგი რატცელი ხშირად მოგზაურობს ევროპასა და ამერიკაში და თანდათანობით ამჟღავნებს ინტერესს ეთნოლოგიისადმი.
1876 წელს რატცელი დისერტაციას იცავს თემაზე “ემიგრაცია ჩინეთში”, ექვს წელიწადში კი გამოდის მისი ფუნდამენტური ნაშრომი “ანტროპოგეოგრაფია”, შემდეგ კი “პოლიტიკური გეოგრაფია”.
როგორც მისი ბიოგრაფიიდან ირკვევა, სწორედ აქედან ამჟღავნებს ფრიდრიხ რატცელი ძლიერ ინტერესს იმ სამეცნიერო დარგისადმი, რომელსაც გეოპოლიტიკას უწოდებენ.
რატცელს ეკუთვნის მრავალი ნაშრომი, მათ შორისაა “სახელმწიფო როგორც ცოცხალი ორგანიზმი” “ექსპანსიის კანონი” და სხვა.
თავის შრომებში რატცელი ხაზს უსვამს ტერიტორიის ფაქტორს, როგორც უმთავრეს საფუძველს გეოპოლიტიკურ პროცესებში. მისი აზრით სახელმწიფო ეს ცოცხალი ორგანიზმია, თუმცა ორგანიზმი, რომელიც ნიადაგში, ტერიტორიაშია ფესვგადგმული. სახელმწიფო გამოხატავს ობიექტურ გეოგრაფიულ მოცემულობას და ამ მოცემულობის სუბიექტურ საერთოეროვნულ გააზრებას გამოხატულს პოლიტიკაში. “ნორმალურ” სახელმწიფოდ კი თვლის ისეთს, რომელიც მეტ-ნაკლებად ორგანულად მოიცავს საკუთარ თავში ერის გეოგრაფიულ, დემოგრაფიულ და ეთნოკულტურულ თავისებურებებს.
განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ეთნოსის, როგორც განმკარგავის, მფლობელისა და ტერიტორიის, როგორც ბუნებრივი მოცემულობის ურთიერთმიმართების საკითხს.
როგორ ხედავდა რატცელი ამ საკითხს “პოლიტიკური გეოგრაფიის” ფრაგმენტიდანაც ჩანს: “სახელმწიფოს ხასიათი ვითარდება ხალხის ხასიათისა და მენტალობისაგან. ყველაზე მნიშვნელოვან მახასიათებლებად კი გვევლინება ფართობი, ადგილსამყოფელი და საზღვრები. ამის შემდეგ კი საინტერესოა ლადჩაფტი, ირიგაციული სისტემები და დასასრულს ყველა კონგლომერატთან ზღვებისა და დაუსახლებელი მიწების ურთიერთმიმართება, რომელიც ერთი შეხედვით არ წარმოადგენს განსაკუთრებული პოლიტიკური ინტერესის საგანს. ამ ყველაფრის ერთობლიობა შეადგენს ქვეყანას. მაგრამ მაშინ, როდესაც ამბობენ “ჩვენი ქვეყანა”, ზემოთ ჩამოთვლილს ემატება ყველაფერი ის, რაც ადამიანმა შექმნა. ამგვარად სუფთა გეოგრაფიული გაგება გადაიქცევა ქვეყნის მოსახლეობასა და მათ ისტორიას შორის სულიერ და ემოციონალურ კავშირად”.
ჩვენთვის, ქართველებისთვის, იმ ქვეყნის მოქალაქეთათვის, რომელიც ფაქტიურად მუდმივ საომარ ვიათრებაში იმყოფება განსაკუთრებულად საინტერესო გახლავთ რატცელის ნაშრომი “ექსპანსიის კანონი”, სადაც ავტორი ექსპანსიის 7 თეზისს აყალიბებს:
1) სახელმწიფოთა არსებობის ხანგრძლივობა განისაზღვრება მისი კულტურული განვითრების დონით.
2) სახელმწიფოს სივრცითი ზრდა გამოწვეულია მისი იდეოლოგიის, მრეწველობის, კომერციული საქმიანობის განვითარებით.
3) სახელმწიფო იზრდება, შთანთქავს რა ნაკლები მნიშვნელობის მქონე პოლიტიკურ ერთეულებს.
4) საზღვარი ეს არის ორგანო, რომელიც განლაგებულია სახელმწიფოს პერიფერიაში.
5) ახორციელებს რა თავის სივრცით ექსპანსიას, სახელმწიფო ისწრაფვის მოიპოვოს თავისი განვითარებისათვის მნიშვნელოვანი რეგიონები: სანაპიროები, მდინარეთა აუზები, ველები და საერთოდ მდიდარი ტერიტორიები.
6) ექსპანსიის საწყისი იმპულსი მომდინარეობს სიცარიელიდან
7) ასიმილაციის საერთო ტენდენცია შედარებით სუსტ (რატცელი არ აკონკრეტებს რა სახის სისუსტეს გულისხმობს – ზ.გ.) ერებს აიძულებს ტერიტორიების უფრო მეტად გაფართოებისაკენ
საქართველო შემთხვევით არ მიხსენებია. დაპყრობის, ძალადობის, აგრესიისა და ოკუპაციის ყოველი ველური სურვილი განუხრელად ჰგავს ერთმანეთს, ისე, რომ არსებითი მნიშვნელობა არა აქვს ბრძანებას რაიხის ფიურერი, სტალინი თუ მოსტალინო პუტინი იძლევა. არც ის გახლავთ შემთხვევითობა, რომ რატცელს ამ შვიდი კანონის გამო ბრალად დასდეს “იმპერიალიზმის კატეხიზმოს” შედგენა, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ფრიდრიხ რატცელი არ ამართლებდა გერმანულ იმპერიალიზმს, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოთა და ხალხთა ისტორიის ადექვატური გააზრებისათვის კონცეპტუალური ინსტრუმენტი შეექმნა. პრაქტიკაში კი “სივრცის შეგრძნების” გაღვიძებას გერმანელ ბელადებში ცდილობდა, რომელთათვისაც გეოგრაფიული მონაცემები წმინდა წყლის აბსტრაქცია იყო.
თუმცა ალბათ არც რატცელის ოპონენტები სცოდავდნენ, რადგან 7 კანონში თავმოყრილი მახასიათებლები ნებით თუ უნებლიეთ ზუსტად იმეორებს ნებისმიერი იმპერიის საგარეო პოლიტიკური დოქტრინის ძირითად პოსტულატებს.
უნდა ითქვას, რომ თავად რატცელზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მოგზაურობის სიყვარულმა. ამის წყალობით ის კარგად იცნობდა ჩრდილოეთ ამერიკას. 1874 წელს მან წიგნიც დაწერა სახელწოდებით “ჩრდილო ამერიკული ქალაქებისა და ცივილიზაციის რუქები”, ხოლო 1881 წელს “ჩრდილოეთ ამერიკის შეერთებული შტატები”. მან შეამჩნია, რომ “სივრცის შეგრძნება” ამერიკელებს მაღალ დონეზე აქვთ განვითარებული.
ფრიდრიხ რატცელი და მისი შრომები დღემდე რჩება ქრესტომათიულ მოვლენად გეოპოლიტიკურ მეცნიერებაში, რომელსაც სხვადასხვა დროს ეფუძნებოდა რიგი ქვეყნების გამოჩენილ მკვლევართა ნააზრევი.
რუდოლფ ჩელენი
შემდეგი მკვლევარი გახლავთ რუდოლფ ჩელენი, რომელიც თავს რატცელის მოწაფედ მიიჩნევდა. რატცელისგან განსხვავებით ჩელენი იყო პირველი ვინც ტერმინი “გეოპოლიტიკა” გამოიყენა. გარდა თეორიული მუშაობისა ის აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. იყო პარლამენტის წევრი.
ჩელენი თვლიდა, რომ გეოპოლიტიკა იყო მეცნიერება სახელმწიფოს, როგორც გეოგრაფიული ორგანიზმის შესახებ, რომელიც განხორციელებულია სივრცეში. როგორც უკვე ვთქვით მას ეკუთვნის ტერმინ გეოპოლიტიკის დამკვიდრება სამეცნიერო ტერმინოლოგიაში, ამასთან ჩელენი კიდევ ოთხი ახალი ტერმინის ავტორია, როგორებიცაა ეკოპოლიტიკა (სახელმწიფო, როგორც ეკონომიკური ძალა); დემოპოლიტიკა (ხალხისა და სახელმწიფოს კავშირი); სოციოპოლიტიკა (სახელმწიფოს სოციალური ასპექტის შესწავლა); კრატოპოლიტიკა (მმართველობისა და მმართველთა ფორმების შესახებ).
თავის ძირითად ნაშრომში “სახელმწიფო, როგორც ცხოვრების ფორმა” ჩელენმა განავითარა რატცელის შრომებში მოცემული პოსტულატები და ის გეოპოლიტიკური პრინციპები, რომელიც არსებითი იყო მისი თანამედროვე ევროპისათვის.
თუკი რატცელის შემთხვევაში გერმანიის მესიანისტურ იდეას შრომებში სისტემური ხასიათი არ მიუღია, ჩელენი ევროპულ კონტექსტში გერმანიას ცენტრალურ ადგილს მიაკუთვნებს და თვლის, რომ “გერმანია არის ის სივრცე, რომელიც მოწოდებულია თავის ირგვლივ დანარჩენი ევროპული სახელმწიფოების სტრუქტურიზება მოახდინოს”. ჩემის აზრით დიდ ყურადღებას იმსახურებს პირველი მსოფლიო ომის ჩელენისეული ინტერპრეტაცია. ის მას ბუნებრივ გეოპოლიტიკურ კონფლიქტად მიიჩნევდა, რომელიც გერმანიის დინამიკურ ექსპანსიასა და მის წინააღმდეგ მოქმედი ევროპულ და ევროპის მიღმა პერიფერიებს შორის აღმოცენდა (ანტანტა). მისი აზრით გერმანია ეს ახალგაზრდა სახელმწიფო, გერმანელები კი ახალგაზრდა ერია. “შუაევროპული სივრცის გაგებით აღვსილმა ახალგაზრდა გერმანელებმა სხვათა ტერიტორიების ხარჯზე, რომელიც კონტროლირდება “ძველი ხალხების” – ფრანგებისა და ინგლისელების მიერ, უნდა იარონ პლანეტარული მასშტაბის კონტინენტალური სახელმწიფოსაკენ”.
ზემოთ “შუაევროპული სივრცე” ვახსენეთ. ეს გახლავთ თეორია, რომელიც განავითარა ფრიდრიხ ნაუმანმა. ამავე სახელწოდების წიგნში ნაუმანმა გამოთქვა შემდეგი მოსაზრება: “იმისათვის, რომ შენარჩუნებულ იქნას კონკურენტუნარიანი კონდიცია ისეთ ორგანიზებულ გეოპოლიტიკურ სახეებთან როგორიც ინგლისი, შტატები და რუსეთია, ცენტრალურ ევროპაში დასახლებული ხალხები უნდა გაერთიანდნენ და დაარსონ ახალი ინტეგრირებული პოლიტიკურ-ეკონომიკური სივრცე. ასეთი სივრცის ცენტრი კი რათქმაუნდა გერმანია უნდა იყოს”.
სიმართლე გითხრათ ამ მოსაზრებაში არაფერია გასაკვირი, მეტიც ეს სახელმწიფოთა ბუნებრივი სწრაფვის თეორიულად დეკლარირებული ვერსიაა. ამ შემთხვევაში “შუაევროპული სივრცე” წმინდა წყლის პანგერმანული პროექტებისაგან განსხვავებით ნაკლებად ავლენს ნაციონალურ მისწრაფებებს და ის უფრო გეოპოლიტიკური ხასიათისაა, რომელიც დისტანცირებულია ეთნიკური მესიანიზმისაგან და გეოგრაფიული ბედით არის დაინტერესებული. უფრო ზუსტად ნაუმანის პროექტი მიზნად ისახავდა გერმანიის, ავსტრიის, დუნაისპირა სახელმწიფოებისა და შორეულ პერსპქეტივაში საფრანგეთის ინტეგრაციას. რათქმაუნდა ეს ამბიცია გარკვეულ ლოგიკასაც გულისხმობდა თავის თავში, რომელიც გერმანიის როგორც ერის კულტურულ როლს და გეოგრაფიულ მდებარეობას უკავშირდებოდა. ჯერ კიდევ XIX საუკუნის 20-იან წლებში ნაპოლეონის ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი, გერმანელი მწერალი და დეპუტატი ერნესტ მორიც არნდტი ამბობდა: “ჩვენ ღმერთმა ევროპის ცენტრში დაგვასახლა; ჩვენ (გერმანელები) ვართ გული სამყაროს ჩვენი ნაწილისა”. და მართლაც, ქვეყნის “მაგისტრალური პოზიცია” რეგიონში ჩემი აზრით არის საკმარისი და სამართლიანი საფუძველი იმისათვის, რომ განაცხადო პრეტენზია მთავარ პოლიტიკურ აქტორობაზე.
ჰელდორფ მაკინდერი
გეოპოლიტიკის, როგორც სამეცნიერო დისციპლინის დამაარსებელთა სიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამორჩეული ადგილი სერ ჰელდორფ მაკინდერს უჭირავს. 1887 წლიდან მოყოლებული სანამ 1907 წელს ლონდონის ეკონომიკური სკოლის დირექტორად დანიშნავდნენ ის ლექციების კურსს ოქსფორდის უნივერსიტეტში კითხულობდა. 1910-1922 წლებში იყო წარმომადგენელთა პალატის წევრი, ხოლო 1919-1920 წლების შუალედში ბრიტანეთის წარმომადგენელი სამხრეთ რუსეთში.
მაკინდერის პიროვნება მხოლოდ მაღალი დონის სამეცნიერო მოღვაწეობით არ განისაზღვრება. საქმე იმაშია, რომ მან მოახდინა მნიშვნელოვანი გავლენა ინგლისური პოლიტიკის საერთაშორისო ორიენტაციაზე. თუმცა რამდენადაც პარადოქსალურად არ უნდა ჩანდეს, იმ დროის ინგლისში მაკინდერის პოლიტიკურ და სამეცნიერო სფეროში მაღალი ავტორიტეტის მიუხედავად, იმავე სამეცნიერო წრეებმა პრაქტიკულად არ აღიარეს მისი იდეები გეოპოლიტიკაში, რადგან მათ თავად გეოპოლიტიკის, როგორც სამეცნიერო დისციპლინის ფასეულობა და საჭიროება ვერ დაინახეს. და ეს მაშინ, როდესაც თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე ის მონაწილეობას იღებდა ინგლისის საგარეო პოლიტიკის ფორმირებასა და შემუშავებაში.
ანალიტიკოსთა ნაწილი მაკინდერის გეოპოლიტიკური იდეების პირველ კონცეპტუირებულ ვერსიად განიხილავენ ნაშრომს “ისტორიის გეოგრაფიული ახსნა”, რომელიც 1904 წელს გამოქვეყნდა. მისი აზრით სახელმწიფოსათვის ყველაზე ხელსაყრელი ადგილმდებარეობა არის შუალედური, ცენტრალური განლაგება. ცენტრალური – პირობითი პოზიციაა, თუმცა პლანეტარული თვალსაზრისით დედამიწის ცენტრში ევრაზიის კონტინენტია განლაგებული. ჩვენ ევრაზიიზმის, როგორც გეოპოლიტიკური და იდეოლოგიური დოქტრინის განხილვას ქვემოთ დავუბრუნდებით და გავეცნობით მეცნიერ სავიცკის კონკრეტულ შეხედულებებს ამ საკითხთან დაკავშირებით.
მაკინდერმა მოახდინა პლანეტარული სივრცის იერარქიზაცია დაყო რა დედამიწა მსოფლიო კუნძულად, რომელსაც სამი კონტინენტი – აზია, აფრიკა და ევროპა წარმოადგენს.
ჰელდორფ მაკინდერის ნააზრევში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რუსეთის საკვანძო როლის ახსნასა და წარმოჩენას. მის ნაშრომში, “დემოკრატიული იდეალები და რეალობა” მაკინდერი ახდენს მეტად საინტერესო გეოპოლიტიკური კანონის ფორმულირებას, რომელიც ასე ჟღერს: “ის ვინც აკონტროლებს აღმოსავლეთ ევროპას, დომინირებს სამყაროს გულზე, ვინც დომინირებს სამყაროს გულზე, დომინირებს მსოფლიო კუნძულზე, ხოლო ვინც დომინირებს მსოფლიო კუნძულზე (აზია, აფრიკა, ევროპა – ზ.გ.) დომინირებს მსოფლიოზე”. ის, რომ ამ სიტყვების მიღმა რუსეთი იგულისხმებოდა ამაზე არც მაშინ მკითხაობდნენ, მით უფრო რომ თავად მაკინდერიც აცხადებდა, რომ: “რუსეთს მსოფლიოში ისეთივე ცენტრალური სტრატეგიული როლი აქვს, როგორც გერმანიას ევროპასთან მიმართებით”.
სწორედ ამიტომ მაკინდერი ანგლოსაქსონური გეოპოლიტიკის უმთავრეს ამოცანად სავსებით სამართლიანად მიიჩნევდა გადაუდებელი ღონისძიებების წარმოებას იმისათვის, რომ არ დაეშვათ სტრატეგიული კონტინეტალური კავშირის ჩამოყალიბება რუსეთის ირგვლივ.
ახლა კი მკითხველს ვთავაზობ ციტატას მაკინდერის წიგნიდან, რომელიც ვფიქრობ თავისი კვალიფიციურობითა და რეალობის საღი ხედვის გამო დღესაც აქტუალურია თანამედროვე გეოპოლიტიკური ლანდჩაფტის გათვალისწინებით: “რუსეთის მხრიდან ძალთა წონასწორობის პოლიტიკა, რომელიც მიმდინარეობს ევრაზიის სივრცის პერიფერიების ექსპანსიის კვალდაკვალ, მას ძლიერი საზღვაო ფლოტის შესაქმნელად მისცემს შესაძლებლობას უდიდესი კონტინენტალური რესურსების გამოყენებისა, საიდანაც არც ისე შორია მსოფლიო იმპერიამდე. ეს ხორცს შეისხამს იმ შემთხვევაში თუ რუსეთი მოახერხებს გერმანიასთან გაერთიანებას. ასეთი განვითარების საფრთხე კი საფრანგეთს აიძულებს შევიდეს საზღვაო ალიანსში. შედეგად საფრანგეთი, იტალია, ეგვიპტე, ინდოეთი და კორეა გადაიქცევა სანაპირო ბაზებად ზესახელმწიფოთათვის. ვფიქრობ ყველაფერი ნათელია.
ზემოთ ვახსენეთ, რომ მაკინდერს როგორც სახელმწიფო მოღვაწეს ჰქონდა მნიშვნელოვანი როლი ინგლისის საგარეო პოლიტიკის შემუშავებასა და ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობებში. ის მონაწილეობას იღებდა თავისი და ყველა დროის ერთ-ერთი ცენტრალური მნიშვნელონის მქონე დოკუმენტის, ვერსალის ხელშეკრულების მომზადების პროცესში
ყველაფერთან ერთად, მაკინდერმა როგორც გეოპოლიტიკოსმა საზოგადოებას თავი იმითაც დაამახსოვრა, რომ მოახდინა გეოპოლიტიკის ისტორიის პერიოდიზაცია სამ ეტაპად:
1. კოლუმბამდელი ეპოქა, სადაც მსოფლიო კუნძულის პერიფერიებში მცხოვრები ხალხები დაპყრობის მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობდნენ.
2. კოლუმბის ეპოქა. ამ პერიოდში სანაპირო ზონის წარმომადგენლები ჯერ კიდევ უცნობი ტერიტორიების დასაპყრობად მიემართებოდნენ, ისე რომ არსად არ აწყდებოდნენ მნიშვნელოვან წინააღმდეგობას.
3. პოსტკოლუმბისეული ეპოქა. აღმოუჩენელი და გადასანაწილებელი მიწა აღარ არსებობს. ყველაფერი მიდის მასშტაბური დაპირისპირებებისაკენ, მწიფდება იდეა საერთო სამოქალაქო და მსოფლიო ომებისა.
ალფრედ მეხენი
მართალია ალფრედ მეხენი არ ყოფილა გეოპოლიტიკის დარგის მკვლევარი, თუმცა გახლდათ სამხედრო მოღაწე, რომლის ანალიტიკური დასკვნები და საერთო მიდგომები ზუსტად შეესატყვისება გეოპოლიტიკურ მიდგომას. თუმცაღა რატცელის მსგავსად გეოპოლიტიკას, როგორც სამეცნიერო ტერმინს არც მეხენი იყენებდა.
ალფრედ მეხენი გახლდათ სამხედრო საზღვაო ფლოტის ოფიცერი. ამასთან ერთად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას როდ-აილენდში, უფრო კონკრეტულად კი საზღვაო ფლოტის კოლეჯში, სადაც სამხედრო ისტორიის კურსს კითხულობდა. 1890 წელს მან გამოაქვეყნა პირველი ნაშრომი სახელწოდებით “საზღვაო ძალების ისტორია”, რომელიც მალევე იქცა პრაქტიკულად ქრესტომათიულ სახელმძღვანელოდ სამხედრო სტრატეგიის საქმეში. ამას კი მოყვა სხვა წიგნების “საზღვაო ძალების გავლენა ფრანგულ რევოლუციასა და იმპერიაზე”, “ამერიკის შეერთებული შტატების დაინტერესება საზღვაო ძალებით, თანამედროვეობასა და მომავალში”, “აზიის საკითხი და მისი გავლენა საერთაშორისო პოლიტიკაზე” და “საზღვაო ძალა და მისი მიმართება ომთან”.
როგორც ნაშრომების ჩამონათვალიდანაც იკვეთება, ყველა წიგნი ერთ თემას “საზღვაო ძალების” როლს უკავშირდება. ზემოთ ვთქვით, რომ მეხენი ტერმინ გეოპოლიტიკას არ იყენებდა, სამაგიეროდ სწორედ მას უკავშირდება ტერმინ “საზღვაო ძალების”,“Sea Power” დამკვიდრება. სამხედრო თეორეტიკულ საქმიანობასთან ერთად მეხენი აქტიურ მონაწილეობას იღებდა პოლიტიკურ საქმიანობაშიც. როგორც მკველვართა გარკვეული ნაწილი თვლის, მან ძლიერი გავლენა მოახდინა ისეთ დიდ პოლიტიკოსზე, როგორიც თეოდორ რუზველტი გახლდათ, რაც იმაში გამოიხატა, რომ XX საუკუნის განმავლობაში ამერიკული სამხედრო სტრატეგია დიდწილად ეფუძნებოდა სწორედ მეხენისეულ ხედვებს. მეტიც ანალიტიკოსები ცივ ომში შტატების წარმატების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად სწორედ “საზღვაო ძალების”, როგორც ძლიერი სტრატეგიის მნიშვნელობას ასახელებენ.
მე მიმაჩნია, რომ მეხენის თეორიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ყურადსაღები დეტალი გახლავთ ის, რომ მკვლევარი პოლიტიკის უმთავრეს ინსტრუმენტად ვაჭრობას მიიჩნევდა.
ის ეკონომიკურ ციკლს სამ ეტაპად განიხილავს:
1) მრეწველობა (საქონლისა და მომსახურების გაცვლა სანაოსნო გზებით)
2) ნავიგაცია (რომელიც პირველ პუნქტში დასახელებული გაცვლის პროცესის რეალიზაციას ახდენს)
3) კოლონიები (რომლებიც საქონელგაცვლის პროცესის ცირკულირებას ახდენენ მსოფილოს მასშტაბით)
ძნელია არ დაეთანხმო მეხენს ამ ფორმულირებაში. საკმარისია გავიხსენოთ ინგლისის მაგალითი, სადაც ძალიან კარგად ჩანს თუ ბურჟუაზიულმა რევოლუციამ როგორ გამოიყვანა იგი კოლონიალურ, სავაჭრო და საზღვაო ბრძოლის ასპარეზზე. ამ მიზნების განსახორციელებლად ისევე როგორც ინგლისი ასევე სხვა XVII – XVIII საუკუნეების ევროპული სახელმწიფოები სწორედ სავაჭრო ომებს აწარმოებდნენ, რაც ჰეგემონის სტატუსის მოპოვების პროცესში ერთგვარი პანაცეაც კი იყო.
სურათის სრულყოფისათვის საინტერესოა გავიხსენოთ სავაჭრო ომები საფრანგეთსა და ინგლისს შორის, რომელიც XVII საუკუნის ბოლოს დაიწყო და საფრანგეთის რევოლუციამდე, 1789 წლამდე გაგრძელდა. ბრძოლების ძირითადი ნაწილი სწორედ საზღვაო გზებზე მონოპოლიის მოპოვების მცდელობას გულისხმობდა.
ინგლისისა და საფრანგეთს კოლონიალური ინტერესები მუდმივად წინააღმდეგობას აწყდებოდა მსოფლიოს მასშტაბით. ვესტ-ინდოეთში, სადაც ინგლისელებს ეკუთვნოდათ იამაიკა, ბარბადოსი და სხვა კუნძულები, ფრანგებს კი გვადელუპა, სან დომინგო და მარტინიკა; ჩრდილო ამერიკაში, სადაც ინგლისის გავლენის ქვეშ ატლანტის ოკეანის აღმოსავლეთი სანაპიროები იყო, ხოლო საფრანგეთის კოლონიებად კანადა და ლუიზიანა ითვლებოდა. ინდოეთში, სადაც ინგლისის დასაყრდენი ტერიტორიები იყო ბომბეი, კალკუტა და მადრასი, ფრანგები კი პანდიშარს აკონტროლებდნენ. საფრანგეთის წინააღმდეგ წარმოებულ სავაჭრო ომებში ინგილისი გარკვეულ უპირატესობებს ფლობდა. უმთავრესი მათ შორის იყო ის, რომ ამ დროისათვის ინგლისში ბურჟუაზიული რევოლუცია უკვე დასრულებული იყო, საფრანგეთში კი თანდათან მწიფდებოდა ეს პროცესი. ამას თან ერთვოდა გამალებული ბრძოლები ესპანური მემკვიდრეობისათვის. ინგლისის ძალისხმევით არ მოხერხდა ესპანური და ფრანგული კოლონიების კონსოლიდაცია ფრანგული ადმინისტრაციის ქვეშ და პირიქით, მან მოახერხა გიბრალტარი და რამდენიმე ჩრდილო ამერიკული ტერიტორია საკუთარი გავლენის ქვეშ მოექცია.
1763 წლის ინგლისს, საფრანგეთსა და ესპანეთს შორის დადებულმა ვერსალის ხელშეკრულებამ იურიდიული ფორმალობა შესძინა ინგლისს, როგორც ყოვლისშემძლე სახელმწიფოს და კოლონიალურ იმპერიას, დაიკანონა რა კანადა, ინდოეთი, ფლორიდა და მენორკა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც არის ის, რომ ინდოეთზე გაბატონებით, ინგლისმა დააჩქარა სამრეწველო გადატრიალება, რამაც თავის მხრივ მოამზადა ნიადაგი ინგლისის, როგორც მსოფლიო “სამრეწველო სახელოსნოდ” გადაქცევისათვის.
ამასთან ერთად მეხენი, სახელმწიფოს გეოპოლიტიკური სტატუსისა და მდგომარეობის ძალიან საინტერესო ფორმულირებას გვთავაზობს, რომელიც 6 კრიტერიუმში მოაქცია:
1. სახელმწიფოს გეოგრაფიული პოზიცია, მისი ზღვაზე გასასვლელი, სხვა ქვეყნებთან საზღვაო კომუნიკაციის პოტენციალი.
სახმელეთო საზღვრების სიგრძე, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილების კონტროლირების უნარი და საკუთარი ფლოტით მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე მუქარის განხორციელების რესურსი.
2. სახელმწიფოს “ფიზიკური კონფიგურაცია”, რომელიც საზღვაო სანაპიროების განლაგებასა და პორტების რაოდენობას გულისხმობს. ალფრედ მეხენის აზრით, ამაზეა დამოკიდებული ვაჭრობის სფეროში ქვეყნის წარმატება და სტრატეგიული დაცულობის ხარისხი.
3. ტერიტორიის მოცულობა
4. მოსახლეობის სტატისტიკური რაოდენობა. მისი აზრით ეს მნიშვნელოვანია შესაძლებლობების შეფასებისა და ხომალდების მომსახურე პერსონალის რაოდენობის განსასაზღვრად.
5. ეროვნული ხასიათი, რამდენადაც ეს ფაქტორი მეხენს აინტერესებს ხალხის უნარის გამოსაკვეთად, თუ რამდენად შეუძლიათ მათ ვაჭრობის წარმოება.
6. მმართველობის პოლიტიკური ხასიათი.
ამ კლასიფიკაციიდანაც ნათლად ჩანს, რომ მეხენი თავის გეოპოლიტიკურ ხედვებს მთლიანად “საზღვაო ძალაზე” აგებს. მისთვის საზღვაო ძალმოსილებისა თუ ძლიერების მაგალითი ძველი კართაგენი, ხოლო მის ეპოქასთან სიახლოვით XVII-XIX საუკუნეების ინგლისი იყო და არცთუ შემთხვევით. სწორედ ამ ეპოქაში ინგლისის საზღვაო ძლიერება იმ დაპყრობითმა ომებმა განაპირობა, რომელსაც ოლივერ კრომველი ევროპაში აწარმოებდა. მან 1652 წელს მთლიანად გაანადგურა შოტლანდია და ირლანდია, ამასთან ამ უკანასკნელმა დაკარგა საერთო მოსახლეობის მესამედი. ასეთივე შედეგებით დასრულდა ომები ჰოლანდიისა და ესპანეთის წინააღმდეგ, რამაც კიდევ უფრო განაპირობა ინგლისის უპირატესობა და გავლენა საზღვაო სივრცეში.
ვიდალ დელა ბლაში
ვიდალ დელა ბლაში არის დამაარსებელი ფრანგული გეოგრაფიული სკოლისა. ის, როგორც მეცნიერი დიდწილად ეყრდნობოდა ფრიდრიხ რატცელის “პოლიტიკურ გეოგრაფიას”, თუმცა გერმანულ გეოპოლიტკურ სკოლაში იყო საკითხები, რომელიც დე ლა ბლაშის კრიტიკასაც იმსახურებდა.
თავის ყველაზე ცნობილ წიგნში “საფრანგეთის გეოგრაფიული სურათი”, რომელიც 1903 წელს გამოიცა ის შემდეგ კონცეფციას აყალიბებს: “საფრანგეთში ნიადაგსა (მიწა – ზ.გ.) და ადამიანს შორის დამოკიდებულება წარსულის ორიგინალური ხასიათით არის აღნიშნული. ჩვენს ქვეყანაში ხალხი უძველესი დროიდან ერთსა და იმავე ადგილზე ცხოვრობს. მდინარეები, მთები და კლდეები თავიდანვე იზიდავდა ხალხს, როგორც ცხოვრებისა და არსებობისათვის მყუდრო და სასურველი ადგილები. ჩვენთან ადამიანი ნიადაგის ერთგული მოწაფეა. ნიადაგის შესწავლა კი ცხადყოფს მასზე მოსახლე ადამიანების ხასიათსა და მისწრაფებებს”.
ალბათ მკითხველი ადვილად დაინახავდა საერთოს ამ შეხედულებასა და გერმანულ მიდგომას შორის, რომელიც საუბრობს გეოგრაფიული ფაქტორის როლზე, კულტურაზე გავლენის თვალსაზრისით, რაც თავის მხრივ მოცემულია რატცელის შრომებში, თუმცა ამის მიუხედავად ვიდალ დე ლა ბლაში ფიქრობდა, რომ თავად რატცელი და მისი მიმდევრები გადაჭარბებულად მიიჩნევდნენ ბუნების ფაქტორს, თვლიდნენ რა მას განმსაზღვრელად.
დე ლა ბლაშს ზემოთ ნახსენები უდავოდ მნიშვნელოვანი სეგმენტის გვერდით შემოაქვს მე ვთვლი ცენტრალურ კომპონენტი – ადამიანი. მისი განსაზღვრებით “ადამიანი ეს უმთავრესი გეოგრაფიული ფაქტორია, ის არათუ დეკორაციის ფრაგმენტი, არამედ სპექტაკლის მთავარი გმირია”.
ვიდალ დე ლა ბლაშს ეკუთვნის გეოპოლიტიკური კონცეფციის შემუშავება, რომელსაც “პოსიბილიზმი” (პოსსიბლე – შესაძლებელი) ეწოდება. ამ შეხედულების თანახმად პოლიტიკურ ისტორიას აქვს ორი ასპექტი – სივრცითი (გეოგრაფიული) და დროში განსაზღვრული (ისტორიული). უკვე ვთქვით, რომ დე ლა ბლაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ადამიანის როლს ანიჭებს. მისი აზრით ისტორიულ კონტექსტში ადამიანი, როგორც ინიციატივის წყარო ცენტრალური ფაქტორია. აი აქ უკვე თავს იჩენს ბლანშის კრიტიკული ხედვა გერმანული სკოლის შეფასებისას. მისი აზრით გერმანელი “პოლიტიკური გეოგრაფები” ცდებოდნენ იმაში, რომ ისინი რელიეფს სახელმწიფოს პოლიტიკური ისტორიის განმსაზღვრელ ფაქტორად მიიჩნევდნენ. თავად კი სთავაზობს, რომ გეოგრაფიული სივრცე განხილულ იქნას, როგორც პოტენციალი, შესაძლებლობა რომელსაც აქვს რესურსი იქცეს პოლიტიკის გამააქტიურებელის, მოქმედებაში მომყვანის ელემენტად, ამის საფუძვლად კი დელა ბლანში ასევე ადამიანს და მოსახლეობას, როგორც კონკრეტულ გეოგრაფიულ სივრცეში განსახლებულ კოლექტივს განიხილავს.
სხვათაშორის აზრთა ამ სხვადასხვაობას და კრიტიკას არ გამოუწვევია დაპირისპირება გერმანულ და ფრანგულს გეოპოლიტიკურ სკოლებს შორის, პირიქით, ჰაუსხოფერის სკოლის წარმომადგენლები დელა ბლაშის ამ მიდგომას “სავსებით არგუმენტირებულსა და მნიშვნელოვანს” უწოდებდნენ.
განსაკუთრებულ ყურადღებას ვიდალ დე ლა ბლაში უთმობდა გერმანიას და მის როლს, რომელიც იმ დროისათვის საფრანგეთის მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური ოპონენტი იყო.
XX საუკუნის დასაწყისში გერმანია უკვე მეორე საზღვაო ზესახელმწიფო იყო მსოფლიოში ინგლისის შემდეგ, ამასთან სწრაფი ტემპით აგრძელებდა ეკონომიკურ განვითარებას. თუ 1900 წელს საკუთრივMმისი წილი მსოფლიო სამრეწველო წარმოებაში შეადგენდა 16%, 1910 წლისათვის მრეწველობის დონით გერმანიის იმპერია მსოფლიო მაჩვენებლით მეორე ადგილზე გავიდა ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ. მთლიანობაში კი წარმოებული პროდუქცია 1893-1914 წლებში ფაქტიურად ერთნახევარჯერ გაიზარდა.
დე ლა ბლაში მიიჩნევდა, რომ გერმანია ერთადერთი მსხვილი ევროპული სახელმწიფო იყო, რომლის გეოპოლიტიკური ექსპანსიის შეფერხებას სხვა ევროპული ზესახელმწიფოები განაპირობებენ. “თუკი ინგლისსა და საფრანგეთს აქვთ ფართო კოლონიური სივრცე აფრიკასა და დანარჩენ მსოფლიოში, თუკი შტატებს აქვს რესურსი სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ თავისუფალი გადაადგილებისა, თუ რუსეთს აქვს აზია, გერმანია არის საყოველთაო წნეხის ქვეშ ყველა მხრიდან და არ გააჩნია საკუთარი ენერგია”. დე ლა ბლაში გერმანიის ამ გამოუვალ მდგომარეობაში ხედავდა საფრთხეს მსოფლიოსათვის და მიიჩნევდა, რომ აუცილებელი იყო გადაუდებელი ღონისძიებები “ამ საშიში მეზობლის” ნეიტრალიზებისთვის.
ამ გეოპოლიტიკოსის ეს პოზიცია არ იყო ერთადერთი და ექსკლუზიურად დე ლა ბლაშისეული. ამის პარალელურად საფრანგეთში არსებობდა მკვეთრად პროგერმანული მიმართულებაც, რომელსაც ადმირალი ლავალე და გენერალი შარლ დე გოლი წარმოადგენდნენ.
1917 წელს გამოვიდა დე ლა ბლაშის ახალი წიგნი სახელწოდებით “აღმოსავლეთ საფრანგეთი”, სადაც მკვლევარი ეროვნული მნიშვნელობის საკითხზე, ელზასის ოლქის საფრანგეთის ისტორიულ კუთვნილებაზე ამახვილებს ყურადღებას.
გაგრძელება იქნება…
ძალიან მაგარია. ეხლა გავდივარ გეოპოლიტიკას და აქ ძალიან მკაფიოდ და ნათლად არის თითოეული მეცნიერის ხედვის დამახასიათებელი ასპექტები!
კარგი იქნებოდა, თუ გეოპოლიტიკას მეცნიერებად არ მოიხსენიებდი, რადგან ტერიტორიას და გეოგრაფიას დღესღეობით არც ერთი სერიოზული მკვლევარი პოლიტიკურ მეცნიერებაში არ მიიჩნევს ამხსნელობითი ძალის მატარებლად. ასე რომ გეოპოლიტიკა რჩება არა მეცნიერულ დისციპლინად, არამედ ანალიზის გარკვეულ მიმდინარეობად, რომელსაც აკადემიურ ნაშრომებში ნაკლებად იყენებენ. შესაბამისად საქართველოს ან სხვა რომელიმე ქვეყნის ბედის გეოპოლიტიკისათვის ”გადაბრალება” ან მისი მეშვეობით ახსნა, არც ისე გონივრულია. თითქმის ყველა ქვეყნის ოფიციალურ სტრატეგიულ კონცეფციაში წერია, რომ მათ სახელმწიფოს სტრატეგიული გეოპოლიტიკური მდგომარეობა უკავია. შესაბამისად ეს არ გახლავთ მნიშვნელოვანი განაცხადი, არამედ საკიტხში კარგად ჩაუხედავი ადამიანებისთვის გადაგდებული სატყუარაა, რომლებიც, სამწუხაროდ, იჯერებენ რომ ყველა უბედურება, რაც მათ თავს ხდება მათი გეოპოლიტიკური მდებარეობის დამსახურებაა და, რომ ყველა სახელწმიფო მთელ მსოფლიოში მათი ქვეყნითაა დაინტერესებული… ეს უბრალო აბსურდია და ბევრი დროის დაკარგვაც კი არ ღირს ამ ყველაფერზე. იმედი მაქვს, ამ კომენტარს სწორად გაიგებს მკითხველი.
getanxmebi mec shens azrze vdgavar
:)))))))))))