მარადიულთან ერთად არსებობს საკითხები, რომელიც ცვლილებას ექვემდებარება. იცვლება ხასიათი, მიდგომები, შეხედულებები, ღირებულებებიც და პოლიტიკური გემოვნებაც. მტკიცე და პრაქტიკულად, დოგმატად ქცეული პოზიცია დროთა განმავლობაში თავისუფლად შეიძლება მიზანშეწონილობის და პრაგმატიზმის ფილოსოფიამ გაანეიტრალოს და ჩაანაცვლოს. როგორც გალაკტიონი თავის ერთ-ერთ ლექსში ამბობს, “ყველაფერი შეიძლება მოხდეს მთა მთას შეხვდეს, მზე მთის იქით მოხვდეს”. შეიძლება თვით ყველაზე ანტაგონისტურიც კი, ყველაზე ახლო და თვისობრივი გახდეს. ალბათ ისიც შესაძლებელია, რომ დღევანდელი რუსეთი როგორც საბჭოთა იმპერიის რეკონსტრუქციის მოსურნე, ხვალ ინსტიტუციურადაც ევროპის ნაწილი გახდეს, მაგრამ ამაზე ცოტა ქვემოთ.
რაც შეეხება საქართველოს. ის, როგორც ამიერკავკასიის ისტორიული ცენტრი და გზაგასაყარი, მიუხედავად მავანთა განსხვავებული, ოპოზიციური და აგრესიულ ქმედებებში გამოვლენილი სურვილისა დღემდე რჩება მსოფლიოს ყურადღების ცენტრში, როგორც გეოპოლიტიკური მომხიბვლელობის, განსაკუთრებული ლანდჩაფტისა და ყურადსაღები ისტორიის მქონე სახელმწიფო. დასავლეთის ინტერესს ჩვენი ქვეყნისადმი კი განცხადებების დონეზე მაინც განაპირობებს ის დეკლარირებული ფასეულობები, რომელიც ევროპულ იდეალებს უკავშირდება.
ამ ფასეულობების სრულფასოვანი რეალიზაცია, რომელიც პირველ რიგში ევრო-ატლანტიკურ ორგნიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით კავშირსა და მათში წევრობას გულისხმობს ჯერ ღია განხეთქილების საბაბად იქცა რუსეთის ფედერაციასთან, როგორც საბჭოეთის ფსიქოლოგიურ-მენტალურ პორტრეტზე აღმოცენებულ თანამედროვე კვაზიიმპერიასთან, შემდეგ კი ის საომარ მოქმედებებშიც გადაიზარდა, რომელსაც შედეგად მნიშვნელოვანი მსხვერპლი და საერთო ტერიტორიის საკმარისზე დიდი ნაწილის ოკუპაცია მოჰყვა. ეს იყო ყველაზე მკაფიო დემონსტრირება ორთავიანი არწივის ფრთებქვეშ მოღვაწე ორთა ტანდემის დამოკიდებულებისა საქართველოსადმი, როგორც სუვერენული და მათთვის კატეგორიულად მიუღებელი, კონკრეტული ორიენტაციის მქონე სახელმწიფოსადმი, რომელმაც “გაბედა” და ზურგი აქცია დამყაყებულ, გაქვავებულ, გამოფიტულსა და საკუთარ თავში ჩაკეტილ საბჭოურ-ნომენკლატურულ იდეოლოგიას და ევროპული, თავისუფლების მოყვარე სახელმწიფოს შენება დაიწყო შუა კავკსასიაში, რომელიც მათი ისტორიული და ტრადიციული გაგებით რუსეთის გავლენის სფეროს წარმოადგენს.
თუმცა ცხადია ეს ვერ და არ უნდა გახდეს საფუძველი არჩეული, სწორი პოლიტიკური თუ იდეოლოგიური კურსის შეცვლისა, მეტიც ამ ქვეყანას შანსი სამშვიდობოზე გასვლისა, მხოლოდ ბრძოლის პირობებში აქვს. რათქმაუნდა საბრძოლო არსენალში, პირველ რიგში აქცენტი არა სამხედრო, არამედ პოლიტიკურ, დიპლომატიურ მექანიზმებზე უნდა გაკეთდეს. ასეთი მექანიზმი კი პირველ რიგში დიალოგია.
უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია რუსეთთან დიალოგი, ეს აქსიომა და აუცილებელი კომპონენტია ვითარების სტაბილიზაციისათვის, თუმცა ასეთ დროს იმას აქვს მნიშვნელობა თუ რამდენად არსებობს მზადყოფნა და რესურსი დიალოგისთვის. ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ და უნიკალურ პრეცედენტს და ამასთან შესაძლებლობას ქართულ-რუსულ “ურთიერთობებში” დიალოგის წარმოებისა, ადასტურებს იმ მოსაზრების ილუზორულობას, რომ ჩრდილოელ მეზობელთან ამ ეტაპზე შესაძლოა დიალოგი იმგვარად, რომ გათვალისწინებული იქნას ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები (სხვა შემთხვეაში დიალოგს არავითარი აზრი არა აქვს), რადგან გამართული შეხვედრების უშედეგობა ცხადყოფს იმას, რომ რუსეთის ფედერაციამ სეპარატისტული რეგიონების აღიარების პოლიტიკით საკუთარი თავი აქცია მძევლად მხოლოდ სეპარატისტული მისწრაფებებისა და ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებით მოახდინა დიპლომატიური შესაძლებლობის თვითკასტრაცია. ეს რეალობაა და ამიტომ მოგვიწევს მოცდა მანამდე, სანამ არ გაჩნდება ხელშესახები ნიშნები და შანსი შედეგზე ორიენტირებული დიალოგის წარმოებისა.
მანამდე კი ის მინიმუმი უნდა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენივე დაუფიქრებელი პოლიტიკა არ გახდეს ომის გამოწვევის მიზეზი და საბაბი, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ღრმად უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ მიზეზი გამოყენებული იქნება, რადგან არსებობს ჯერ კიდევ განუხორციელებელი მიზნები. ამასთან ბოლოსდაბოლოს ეს იმპერიების ბუნებაა, რასაც ისტორიაც ადასტურებს. XXI საუკუნის დასაწყისში ევროპა მსოფლიო პოლიტიკის ცენტრი და ისეთი რეგიონი გახლდათ, სადაც განლაგებული რამდენიმე ზესახელმწიფო და იმპერია იყო. აღმოსავლეთით მდებარე რუსეთის იმპერიას და დასავლეთით არსებულ ავსტრო-უნგრეთის, საფრანგეთის და იმ დროისათვის ძლევამოსილ გერმანიის იმპერიებს ცხადია მაშინაც საკუთარი ამოცანები ჰქონდათ. საფრანგეთის ოცნებად გადაქცეული სურვილი ელზასისა და ლოტარინგიის დაბრუნებას უკავშირდებოდა, ხოლო გერმანიას მზარდი ამბიციების დაკმაყოფილება სურდა, რომელიც მეზობელი სახელმწიფოების ხარჯზე ძლიერი საზღავო ფლოტის შექმნას და გაფართოების პოლიტიკას გულისხმობდა. ამ ფონზე კი ევროპის ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ ბრიტანეთი რჩებოდა, რომელსაც დედამიწის მეექვსედი ნაწილი ეკავა და რაც მთავარია ამ გიგანტური ტერიტორიის შენარჩუნებისათვის გააჩნდა როგორც სამხედრო ისე მატერიალური და ფინანსური რესურსი.
ამასთან ბალკანეთის ნახევარკუნძულზე თუმცა არა ძველი მასშტაბით, მაგრამ არსებობას კი განაგრძობდა ოსმალთა იმპერია, რომელსაც კიდევ ერთი ევროპული სამხელმწიფოს, იტალიის მსგავსად საკუთარი მიზნები ამოძრავებდა.
უფრო ზუსტად კი მაშინდელი ევროპული აქტორების ამბიციები შეგვიძლია ასე ჩამოვაყალიბოთ:
გერმანიის სურვილი იყო საფრანგეთს ჩამორთმეოდა ქალაქი ბრიე, რითაც ის უნდა გამხდარიყო გერმანიის იმპერიაზე ეკონომიკურად დამოკიდებული. უნდა მომხდარიყო ბელგიის, ლუქსემბურგის ანექსია და კოლონიალური გაფართოება აფრიკაში.
ავსტრია-უნგრეთის იმპერიის მიზანი სერბეთის, მონტენეგროს და რუმინეთის მთლიანად და პოლონეთის ნაწილის შეერთება იყო.
მაშინ, როცა როგორც ზემოთაც ვთქვით საფრანგეთის უმთავრესი მიზანი ელზასის და ლოტარინგიის დაბრუნება და ამასთან ერთად თავდასხმითი პოლიტიკის წარმოებაც იყო, რომელიც ბელგია-ლუქსემბურგის ანექსიასა და პრუსიასთან განცდილი მარცხის გამო გერმანიაზე რევანშს გულისხმობდა.
რუსეთმა კი იაპონიასთან ფიასკოს შემდეგ მთელი ყურადღება ბალკანეთის ნახევარკუნძულისკენ მიმართა, ასევე მიზნად ისახავდა კონსტანტინოპოლის აღებას და აღმოსავლეთ პრუსიის შეერთებას.
დიდი ბრიტანეთის პოლიტიკა უფრო მეტად საერთაშორისო ჰეგემონის მიერ თამაშის წესების სხვათათვის თავს მოხვევას ითვალისწინებდა. მისი მთავარი პოლიტიკური მიზანსწრაფვა გერმანიის ეკონომიკურად დასუსტებას, პრუსიის მილიტარიზაციის დასრულებას, ჰანოვერის სამეფოს აღდგენას და გერმანიისათვის აფრიკაში კოლონიების ჩამორთმევას გულისხმობდა.
რაც შეეხება იტალიას, მისი პირობა ტერენტინოს, სამხრეთ ტიროლის და ადრიატიკის ზღვაში პატარა კუნძულების მისაკუთრებას მოიცავდა, ხოლო ოსმალეთის იმპერიის გაყოფისას ანატოლიის სამხრეთ ნაწილს ითხოვდა.
საკუთრივ ოსმალეთის იმპერიის ამოცანა, შავი და კასპიის ზღვების აუზის კონტროლს, ბათუმისა და ყარსის ოკუპაციას და ყველა თურქი ხალხის კონსოლიდაციას ითვალისწინებდა.
როგორც ნათლად გამოჩნდა, უკლებლივ ყველა მოთამაშეს საკუთარი ამბიციური მისწრაფება, მიზანი და ამოცანა ჰქონდა, რომელთა საერთო მშვიდობისათვის მეორე პლანზე გადადებას არავინ აპირებდა, ეს კი ბუნებრივად ქმნიდა საფრთხეს, რომელიც მცირე ნაპერწკლის პირობებში დიდ კოცონად და საერთო საკაცობრიო ტრაგედიად გადაიქცეოდა.
ასეც მოხდა, ნაპერწკლის “ფუნქცია” 1914 წლის 28 ივნისს ავსტრო-უნგრეთის ტახტის მემკვიდრის, ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდის სარაევოში მკვლელეობამ შეასრულა, რომელიც პირველ მსოფლიო ომში და 9 მილიონი ადამიანის დაღუპვაში გადაიზარდა. დაახლოებით ასეთივე ანატომია აქვს ნებისმიერ სხვა კონფლიქტსა თუ ომს, რომელთა სარჩული და გამომწვევი მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ მოუთოკავი ამბიციები იყო.
რამდენადაც უსიამოვნო არ უნდა იყოს, დღევანდელ მსოფლიოშიც მოიძებნება იმპერიალისტური სულისკვეთების მქონე სახელმწიფოები, რომელთა პოლიტიკაც ანექსიის, ოკუპაციის, აგრესიისა და ძალის პრიმატის “ფილოსოფიაზე” გადის და საფრთხეს უქმნიან ერების სუვერენიტეტის და პოლიტიკური ორიენტაციის არჩევის პროცესში ავტონომიურობის უფლებას. კიდევ უფრო სამწუხარო გახლავთ ის, რომ ასეთი კვაზიიმპერია საქართველოს უშუალო მეზობელია, რომელიც ომის გამომწვევი მიზეზების პოვნას და ამ გზით მეზობლის ხარჯზე საკუთარი გეოგრაფიული პოზიციის გაუმჯობესებას ცდილობს. ჰანს მორგენთაუც ხომ ამბობს, რომ: “ყველაზე სტაბილური ფაქტორი, რომელსაც ქვეყნის ძლიერება ემყარება, მისი გეოგრაფიული პოტენციალია”.
ჩრდილოელი მეზობლის კრიტიკულმა დამოკიდებულებამ ევროატლანტიკური ფასეულობებისადმი, ჩვენი ღირებულებითი არჩევანისადმი შინაგანმა შეუთავსებლობამ და მძაფრმა საბჭოთა ნოსტალგიამ, რაც გავლენების პოლიტიკას უკავშირდება, განაპირობა 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებები.
ერთ-ერთ წერილში ვთქვი, რომ რუსეთის ხელისუფლების სრულმა ძალაუფლებამ სამხედრო ძალებსა და ინსტიტუტებზე, ასევე მოქალაქეთა ნაციონალურმა ინსტრუმენტალიზაციამ, რაც პუტინ-მედვედევის პოლიტიკის მასშტაბურ მხადაჭერაში გამოიხატა, გააძლიერა მმართველი ელიტა და აღუძრა სურვილი ყოფილ საბჭოთა სივრცეში ძალების დემონსტრირებისა, რაშიც ყოველდღიურად ვრწმუნდები. პირველი და შეიძლება ითქვას მთავარი წინაღობა რეიმპერიალიზაციის პროცესში საქართველო აღმოჩნდა, არამხოლოდ კავკასიაში მომხიბვლელი გეოპოლიტიკური მდგომარეობის, არამედ უპირველეს ყოვლისა დეკლკარირებული დასავლური ღირებულებების და რუსეთის საზღვრებთან ნატოს მოახლოვების პერსპექტივის გამო. რეაქციამაც არ დააყოვნა. ამ რეაქციას შედეგად ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია მოჰყვა, რომელთა იმპერიის ფარგლებში ინტეგრაციის პროცესი თანდათანობით მიმდინარეობს.
თუმცა, აგვისტოს ომის მიზეზები ჩვენი ქვეყნის შიგნითაც არის საძიებელი. მაკიაველისა არ იყოს “ადამიანი მაშინ უშვებს შეცდომებს, როდესაც საკუთარ იმედებს ვერ საზღვრავს”.
ასეც მოხდა. საკუთარი პოტენციალისა და პარტნიორი, ევროპული სახელმწიფოების მხარდაჭერაზე გადამეტებული დამოკიდებულება, არასაიმედო და ხშირ შემთხვევაში სპონტანური, ძირითადად მხოლოდ აგრესიულ რიტორიკაზე აგებული პოლიტიკა გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რამაც რუსეთის ეს უკიდურესი ნაბიჯი დააჩქარა და არა გამოიწვია, რასაც ზოგიერთი ამტკიცებს. შეცდომა იყო ის ფაქტიც, რომ აქცენტი საჯარო მილიტარიზაციის და არა საჯარო განიარაღების პოლიტიკაზე გაკეთდა. რუსეთი გარდა იმისა, რომ ფლობდა საჭირო რაოდენობის სამხედრო რესურსს, ის ამასთანავე დარწმუნებული იყო იმაშიც, რომ საქართველოს არ გააჩნდა შესაძლებლობა მის მიერ განხორციელებული სამხედრო ზეწოლის პრევენციისათვის, რაც საბოლოო ჯამში გადამწყვეტიც აღმოჩნდა.
თუმცა რუსული დოქტრინისათვის, რომ ომი თანაშემწე, ხოლო სამხედრო ელიტისთვის წყურვილის საგანი და როგორც კლაუზევიცი იტყოდა – პოლიტიკური ინსტრუმენტი, სახელმწიფოს ქმედების ფორმა და პოლიტიკური პროგრამის ნაწილია, ესეც ვიცით და ფაქტია.
ახლა რაც შეეხება შეუძლებელის შესაძლებლად გადაქცევის შესაძლებლობას. რამდენიმე დღის წინ “რუსეთის თანამედროვე განვითარების ინსტიტუტმა”, რომლის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელი დიმიტრი მედვედევია, გამოაქვეყნა მოხსენება სახელწოდებით “ოცდამეერთე საუკუნის რუსეთი: სასურველი ხვალინდელი დღე”, რომელიც მისი შინაარსის გამო თავდაპირველად ხუმრობად მივიჩნიე, თუმცა საქმე სერიოზულ (ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით ასე ჩანს) დოკუმენტს ეხება. საქმე იმაშია, რომ ამ მოხსენებაში რუსეთის ევროკავშირსა და ნატოში წევრობასა და არმიის განახევრებაზეა საუბარი, რაც ერთობ მომხიბვლელია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის გახლავთ, რომ დოკუმენტი შექმნილია იმ საკონსულტაციო საბჭოს მიერ, რომელიც კრემლის ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგიურ მანუფაქტურად არის მიჩნეული. დოკუმენტი, როგორც ავტორები აცხადებენ, საზოგადოებაში დიალოგის და პოლემიკის სტიმულირებისთვის არის განკუთვნილი. ანუ უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს ერთგვარი ტესტია, რომლის მიზანი საზოგადოებრივი აზრის მოსინჯვის მცდელობაა. ამასთან შესაძლოა ერთგვარი სატყუარაც, რადგან რუსეთის სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ათასიანი მანიფესტაციები და მიტინგები არ შეიძლება არ გამხდარიყო ძლიერი სიგნალი ხელისუფლებისთვის. თუმცა მაინც ძნელი სათქმელია, როგორია ფედერაციის მესვეურთა “რუსეთის სასურველი ხვალინდელი დღე”, თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ ეს დოკუმენტი მხოლოდ დოკუმენტად არ დარჩება და ქართველებს გაგვიმართლებს, პოლიტოლოგებს, ანალიტიკოსებსა და მკვლევარებს კი არა რუსეთ-საქართველოს, რუსეთ-ევროპის თუ რუსეთ-ამერიკის ომის, არამედ სხვა, უფრო ჰუმანურ საკითხებთან მიმართებით მოუწევს ამ დიდი და მნიშვნელოვანი ქვეყნის შესახებ მუშაობა.
P.S. მიუხედავად ყველაფრისა, ალბათ არც სასურველის რეალობად წარმოჩენის მცდელობა და ამით თავბრუსხვევა იქნება სწორი, რადგან ეს ის შემთხვევაა, როდესაც ესპანური ანდაზა შეგვიძლია მოვიშველიოთ, რომ “სიტყვასა და საქმეს შორის სამწუხაროდ გზაა შორი” მით უმეტეს, რომ რუსეთს არაერთხელ გაუმართლებია ამ ესპანური ანდაზის პათოსი. ლათინური სენტენცია კი გვასწავლის:Fide sed qui vide “ენდე, მაგრამ იცოდე ვის”.
მერე რა არის გასაკვირი, რომ ვინმეს უნდა თავისი ქვეყანა დიდი იმპერია იყოს?