საერთოდ, ნებისმიერ პროფესიაში წარმატებულობა იზომება შედეგით. მე ჩემი ცხოვრების საკმაოდ დიდი ნაწილი დავუთმე იმას, რომ ჟურნალისტიკაში წარმატებისათვის მიმეღწია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დაწყებული “თვალსაწიერიდან”, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე გადიოდა ჩემს ბავშვობაში, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, შემდეგ ტელეკომპანია “იბერვიზიით,” ასევე ტელე-რადიო სტუდია “ბათუმით”, ბოლოს კი ტელე-რადიო კომპანია “იმედით,” მე ვფიქრობ, ამ პროფესიაში ჩემს მეგობრებთან ერთად, ჩემი სიტყვა ვთქვი. პროცესი გარკვეულწილად ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტიკისკენ გზას საბოლოოდ ვიჭრი, მაგრამ მაინც, თუკი რაიმე იყო მნიშვნელოვანი და, ეს უკავშირდებოდა ხალხის სიყვარულს, ნდობას, პატივისცემას, თუნდ რეიტინგულ მაჩვებელს და ჯილდოებს, ჩემს მეგობრებთან ერთად მოვახერხე, რომ შედეგი ყოფილიყო წარმატებული. რაც შეეხება პოლიტიკას, ჩვენ გზის დასაწყისში ვართ, მაგრამ ამ ორი წლის მანძილზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც თუ ურიგოდ გავისარჯეთ. ამაში მიმდინარე პოლიტიკურმა მოვლენებმაც შეგვიწყო ხელი- ბოლო ორი წელი ქვეყნისთვის პოლიტიკურად იმდენად დატვირთული, დაძაბული გახლდათ, რომ შეიძლება ითქვას, ძალიან დიდი პოლიტიკური ეპოქა შეიკუმშა და დროის მცირე მონაკვეთში გაილია. ამან დიდი გამოცდილება დაგვიგროვა და საზოგადოებასაც მისცა საშუალება, ჩვენი გადაწყვეტილებების კვალობაზე “ქრისტიან-დემოკრატების”, თუნდ პირადად ჩემს მიმართ, როგორც პოლიტიკური მოძრაობის ლიდერის მიმართ, საკუთარი განწყობა ჩამოეყალიბებინა. დღეს ყველამ იცის ჩვენს პოლიტიკურ გუნდზე, რომ ჩვენ არა ვართ “წარა-მარა “პოლიტიკოსები. ყოველთვის ორიენტირებულნი ვართ ამ ქვეყნის მარადიულ ღირებულებებზე, რაც ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენგან საკმაოდ არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღებას და ნაბიჯების გადადგმასაც მოითხოვს, მაგრამ ჩვენ ვიხდით ამ პოლიტიკურ ფასს, რაც შეიძლება რეიტინგის 1-2 %- ის კლებით გამოიხატებოდეს რომელიმე ეტაპზე, სამაგიეროდ გრძელვადიან პერპსექტივაში ვიღებთ ძალიან დიდ ჯილდოს, რადგან ყველა რეიტინგული მონაცემებით, განსაკუთრებით ბოლო ხანების მაჩვენებლებით, მთელი მოძრაობის და ჩვენი პოლიტიკური ლიდერების მიმართ, ნდობისა და მხარდაჭერის მაჩვენებელი საგრძნლობლად იზრდება.
საზოგადოების ნაწილს დიდი ნოსტალგია აქვს თქვენს მიერ გაკეთებული გადაცემების, განსაკუთრებით კი “დროების”. რამდენად შესაძლებელია მომავალში, გიორგი თარგამაძე კვლავაც ვიხილოთ ჟურნალისტის ამპლუაში?
ნოსტალგია და წარსულში არსებული კარგი, თბილი მოგონებების მიმართ გულჩვილი დამოკიდებულება, კეთილი ადამიანების მახასიათებელია, მათ შორის იმ ადამიანების, რომელთაც რაღაც აქვთ წარსულში გასახსენებელი, რომელიც დადებით ემოციებს უღვიძებთ. მეც და, ვფიქრობ, “დროების” ყველა თანამშრომელიც, ბედნიერია ამის გამო. ეს ნოსტალგიური განწყობები ხშირად ჩვენს მიმართ ასეთ დამოკიდებულებასაც აჩენს: ” ნეტავ, დროება ყოფილიყო ეთერში…” ჩვენც გვერჩია ეს. მეტსაც გეტყვით,- ჩემი ბავშვობის ოცნება ნამდვილად არ ყოფილა პარლამენტის ტრიბუნაზე დგომა, არც ქუჩა-ქუჩა მიტინგების ტარება. ჩემი ერთ-ერთი დიდი ოცნება იყო და მომავალში, უკვე ასაკში, ჩემი თავი წარმომედგინა გაჭაღარავებულ გიორგი თარგამაძედ, რომელიც სატელევიზიო გადაცემის ამპლუაში კვლავ იმუშავებდა ტელევიზიაში და გააკეთებდა თავის საყვარელ საქმეს… თუმცა ზოგჯერ რეალობა მთლიანად ცვლის ხოლმე შენს ცხოვრებას. მე არ მინდა ტოტალიტარიზმი, დიქტატურა და მსგავსი საშინელი სიტყვები ვუწოდო, მაგრამ აშკარად სახეზეა ტოტალიტარული მართვის ნიშნები, როდესაც ერთი პოლიტიკური ჯგუფისა და პარტიის მიერ მონოპოლიზებულია მთელი პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი მედია სივრცე.- ეს სერიოზულ გადახრებს იწვევს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. ამის შედეგია თუნდაც ის ამბები, რომლის მომსწრენიც გავხდით 2007 წლის ნოემბერში. ამან განაპირობა ისიც, რომ ოცნება, რომელიც მე და, ალბათ ჩემს მეგობრებსაც ჰქონდათ, კვლავ ოცნებად დარჩა. ჩენ მივხვდით, რომ ვაშენებთ ახალ სახელმწიფოს ძალიან დიდი პრეტენზიით. გვინდა რომ ეს იყოს ევროპული ქვეყანა დემოკრატიული ცხოვრების წესით, სტილით, სისტემით და ეს გულისხმობს მსხვერპლის შეწირვასაც. იმას, რომ რამდენიმე თაობამ თავისი ოცნებები გარკვეულწილად მსხვერპლად უნდა გაიღოს, რათა უფრო დიდი ოცნება აისრულოს. თუკი ამ ოცნებებს სასწორის სხვადასხვა პინაზე დავდებთ, ოცნება, რომელიც ჩემს გაჭაღავებულ მდგომარეობაში ტელესტუდიაში ჯდომას უკავშირდება, გაცილებით უფრო მცირე წონისაა და ნაკლებ მნიშვნელოვანი, ვიდრე ოცნება, რომელიც თავისუფალ, თანამედროვე, დემოკრატიულ , მოდერნიზებულ საქართველოს უკავშირდება. ეს ის მომავალია, რომლისკენაც ჩვენ მივდივართ. ამიტომ მეც და ჩემმა მეგობრებმაც არჩევანი ძალიან რთულად, მძიმედ, მაგრამ მაინც გავაკეთეთ უფრო დიდი ოცნების სასარგებლოდ, რასაც დამოუკიდებელი, თავისუფალი და დემოკრატიული საქართველო ქვია.
რაც შეეხება “დროებას,” მთავარია გარემო შევქმნათ ისეთი, როდესაც ასეთი და უკეთესი გადაცემების გაკეთების საშუალება გაჩნდება, როდესაც ამის განწყობა, თავისუფლება და მათ შორის ეკონომიკური წინაპირობები იარსებებს. ჩვენ ვიცით, რომ დროებაზე უკეთესი გადაცემების გაკეთება შეიძლება, ამის პოტენცია ნიჭის თვალსაზრისით არის ქართველ ახალგაზრდობაში, ამას იმსახურებს ჩვენი საზოგადოება და ამას მიიღებს კიდეც.
თქვენს ცხოვრებისეულ წინსვლას ხშირად უკავშირებენ ასლან აბაშიძის და ბადრი პატარკაციშვილის სახელს. რეალურად არსებობს თუ არა ვინმე, ვისაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ დღეს ცნობადი და საკმაოდ წარმატებული სახე ხართ?
ორივე ადამიანისადმი მე ყოველთვის გამოვხატავ ჩემს მადლიერებას, მიუხედავად იმისა, როგორი სტერეოტიპებიც არ უნდა ჩამოუყალიბდეს ხალხს როგორც ერთთან, ასევე მეორესთან მიმართებაში. მეტსაც გეტყვით, საზოგადოების აზროვნების სტილის ერთ-ერთ ყველაზე ნეგატიურ მხარედ ადამიანების მითოლოგიზაცია, ან დემონიზაცია მიმაჩნია. ეს პოლიტიკური კულტურის ძალიან დაბალი საფეხურის და, თავად ქრისტიანობის არსის გაუეგებრობის მაჩვენებელია.ასლან აბაშიძეს ჰქონდა ბევრი დადებითი თვისება და როგორც ყველა ადამიანს, ჰქონდა შეცდომებიც, ისევე როგორც ბადრი პატარკაციშვილი არ ყოფილა ანგელოზი ნებისმიერი ჩვენგანის მსგავსად. თუკი ვისაუბრებთ ამ ორი ადამიანის ღვაწლზე ჩემი ცხოვრების, თუ პროფესიული კარიერის მანძილზე, უნდა ავღნიშნო, რომ მე არასდროს მიცდია უარი მეთქვა ჩემს წარსულზე, პირიქით, ვამაყობ ნებისმიერი იმ ეტაპით, რომელიც ცხოვრებაში გავიარე და დამისახელოს ვინმემ თუნდაც ერთი ადამიანი, რომელსაც წარმატებისთვის მიუღწევია, ან რაიმეთი მნიშვნელოვანი გამხდარა ქართული საზოგადოებისთვის ბოლო 18-20 წლის განმავლობაში, რომელსაც შეხება არ ჰქონია ამ წლების მანძილზე გარკვეული გავლენის მქონე ადამიანებთან ქართულ საზოგადოებაში. მაგალითად, ედუარდ შევარდნაძე. ედუარ შევარდნაძის “ნაშობია,” ცუდად არ ვამბობ , ფაქტობრივად მთელი დღევანდელი პოლიტიკური ელიტა. შეგიძლიათ გადაავლოთ თვალი როგორც მმართველ ძალას, ასევე მთელს ოპოზიციურ სპექტრს, 90 % სწორედ იქიდან არიან გამოსულები და იგივე შეგვიძლია ვთქვათ სხვა ადამიანებზეც, სხვა ჯგუფებზეც..
როდესაც მე ასლან აბაშიძეს დავუკავშირე ჩემი პროფესიული აქტივობა, ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა და ერთადერთ ლეგიტიმურ გაგრძელებად საქრთველოს ხელისუფლებისა, სწორედ ასლან აბაშიძის ხელისუფლება წარმოადგენდა. გარდა ამისა, ეს იყო პერიოდი, როდესაც საქართველოს ყველა კუთხე გაჩანაგდა და შეურაწყოფილ იქნა მაშინდელ “ძლიერთა ამა ქვეყნისა”. მე გადავწყვიტე რომ უნდა ვმდგარიყავი სიმართლის, სამართლიანობისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე. დაწყებული სამეგრელოთი, დამთავრებული აღმოსავლეთ საქართველოთი, კრიმინალი ბოგინობდა მთელს საქართველოში და თუკი ვინმეს უნდა დაუკარგოს წვლილი, რომელიც პირადად აბაშიძეს მიუძღვის, ისტორია მაინც თავისას იტყვის – დღევანდელი პოლიტიკური კონიუნქტურა და აბაშიძის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება სიმართლეს მაინც არ დამალავს. შემდეგ იყო უკვე “აღორძინების” პერიოდი, როდესაც ვთვლი, რომ ზუსტად იგივე საფრთხე იდგა, რაც დღეს არის – ერთი პოლიტიკური ძალა “მოქალაქეთა კავშირის” სახით, ცდილობდა და ნაწილობრივ ახერხებდა მთელი პოლიტიკური სივრცის მონოპოლიზებას, რაც ქვეყანას განვითარების საშუალებას არ აძლევდა. მაშინ ძალიან ბევრ ოპიზიციურ ჯგუფთან ერთად ჩვენ მოვახერხეთ საქართველოს პარლამენტში შეგვექმნა ის ბალანსი, რომელმაც შემდგომ განაპირობა უკვე წინაპირობები ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებებისა. როგორ იქნა ეს გამოყენებული, ეს სხვა თემაა – იმ დროს მე უკვე იქ აღარ ვიყავი. როდესაც აღორძინების მაშინდელ ხელმძღვანელობასა და ჩემს შორის გზები გაიყო, ვინც ოდნავ მაინც აკვირდებოდა მაშინ სიტუაციას, ძალიან კარგად ემახსოვრება რა ნაბიჯები გადადგა “აღორძინების” მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ჩემს მიმართ. იმისთვის, რომ მე პიროვნულად არ გამერთულებინა ურთიერთობა, არა მარტო “აღორძინებიდან” წამოვედი, არამედ პარლამენტში ის მანდატი დავტოვე, რომელიც “აღორძინებასთან” ერთად მქონდა მიღებული… დღემდე ასლან აბაშიძეს ერთი უარყოფითი სიტყვა ჩემთან დაკავშირებით არ უთქვამს, რადგან მანაც და იმ ადამიანებმაც, რომლებიც იმ პერიოდს აკვირდებოდნენ, კარგად იციან, რომ მე პირველი ურთიერთობიდან არასდროს გამოვდივარ. იყო მთელი რიგი მიზეზებისა, რის გამოც მე საჭიროდ ჩავთვალე რომ ასეთი ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო და ამ ნაბიჯების წინაპირობები უპირველეს ყოვლისა, სწორედ აღორძინების მაშინდელ ხელმძღვანელობაში შეიქმნა, მათ შორის ასლან აბაშიძის ნაბიჯების შედეგადაც.
რაც შეეხება ბატონ ბადრისთან ურთიერთობის ისტორიას, ეს მაშინ დაიწყო, როდესაც “იმედი” ჩანასახის მდგომარეობაში იყო და არხი ეთერში გადიოდა. მეც უკვე ის პერიოდი იყო, როცა პარლამენტიდან წამოვედი. ამოცანა სრულიად ნათელი და გასაგები იყო – ამ არხისგან უნდა შექმნილიყო ისეთი სატელევიზიო მაუწყებელი, რომელიც ქვეყანაში ფაქტობრივად საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციებს აიღებდა და არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ კომერციული არხისთვის დამახასიათებელი ინტერესებით, ექნებოდა მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და ობიექტური, სანდო მაუეწყებლის სტატუსი. ამას მოჰყვა უკვე ვარდების რევოლუციაც და ფაქტობრივად, 5 წლის განმავლობაში ეს ტელევიზია აღმოჩნდა ერთადერთი საზოგადოებრივი ინსტიტუტი, რომელიც მთლიანად მონოპოლიზებულ პოლიტიკურ თუ მედია სივრცეში ბალანსის გარკვეულ ელემენტებს ქმნიდა. მე ვთვლი, რომ ეს ტვირთი ჩვენ ძალიან მძიმედ , ბევრი დანაკარგის ფასად, მაგრამ მაინც პატიოსნად, ერთგულად და წარმატებით ვატარეთ.მე კარგად მახსოვს ის პერიოდი, როდესაც ე.წ. ქართული ლიბერალური მედიისა თუ საზოგადოების წარმომადგენლები დაგვცინოდნენ, ხან “ბადრივიზიას “გვეძახდნენ, ხან “ოლიგარქის ტელევიზიას” და ეს სხვათა შორის, არა მარტო მაშინ, როცა ძალიან დაიძაბა სიტუაცია ნოემბრის დღეებში, მანამდეც, წლების განმავლობაში. ამისთვის რომ ყურადღება მიგვექცია მე და ჩემს მეგობრებს , მაშინ ტელეიმედი ვერ იქნებოდა ისეთი წარმატებული და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი, როგორიც იყო. როგორც ერთი, ისე მეორე ადამიანის მიმართ ყოველთვის გამოვხატავ მადლიერებას. მეც, ბატონმა ასლანმაც და ბატონმა ბადრიმაც გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ საერთო საქმე გაკეთებულიყო. ერთ შემთხვევაში ეს იყო საქართველოში პოლიტიკური ბალანსის დამყარება, მეორე შემთხვევაში- საქართველოში ავტორიტეტული, სამართლიანი , ობიექტური ტელემაუწყებლობის დაფუძნება. ამ ორი მიზნის მისაღწევად ბევრი რამ გავიღეთ და მიმაჩნია, რომ ორივე შემთხვევაში ეს ურთიერთობა წარმატებული იყო.
წინასაარჩევნოდ უკვე საუბრობენ იმის შესახებ, თითქოს ერთ დროს ძებნილი და ამჟამად თქვენი მერობის კანდიდატი, გია ჭანტურია, ხელისუფლებისგან “შეწყალებული”და ჩამოყვანილი იქნა განგებ, რათა მისი კანდიდატურა და ფინანსური მდგომარეობა გამოეყენებინათ სხვა ოპოზიციური კანდიდატების “დასაძირად”.
მკითხველს აინტერესებს, რა კრიტერიუმებით გახდა “მომხიბვლელი” მისი კანდიდატურა თქვენი პარტიისთვის.
მომხიბვლელი. . . გიორგი ჭანტურია პოდიუმზე გამოსაყვანად არავის სჭირდება. არც მე ვარ ბრედ პიტი და არც გია ჭანტურიაა ქევინ ქოსტნერი, რომ გადაირიოს მთელი თბილისი, განსაკუთრებით მდედრობითი სქესი და რიგები დადგეს არჩევნებზე. ჩვენ ასეთი პრიმიტიული კატეგორიებით არ ვაზროვნებთ. თავად მკითხველი სერიოზულ მიდგომას გულისხმობს არჩევანისადმი და მეც სერიოზულ პასუხს გავცემ. კრიტერიუმები ჩვენ არ გამოგვიკვეთია და არც გიორგი ჭანტურია შეგვირჩევია “ქრისტიან დემოკრატებს”. ის თბილისის მოსახლეობის გამოკითხულთა 85–მა პროცენტმა შეარჩია, რომელმაც სექტემბრიდან მოყოლებული სამი მნიშვნელოვანი საერთაშორისო კვლევის შედეგად აჩვენა, რომ თბილისელებს სჭირდებათ მერი, რომელიც იქნება ქალაქის გულშემატკივარი, მზრუნველი, მიზანდასახული, კვალიფიციური, კომუნიკაბელური, საერთაშორისო ბიზნეს-კონტაქტებისა და გამოცდილების მქონე, სამუშაო ადგილების არა მარტო შემქმნელი, არამედ შემნარჩუნებელი, ადამიანი, რომელიც ამ პოსტს არ უყურებს მხოლოდ როგორც პოლიტიკურ ამოცანას, იმისთვის რომ სხვა პოლიტიკური თანამდებობისთვის ნახტომად და ტრამპლინად გამოიყენოს, არამედ უყურებს როგორც ამოცანას, ემსახუროს თბილისს და აკეთოს სასარგებლო საქმე. დიმიტრი ერისთავის მოძებნა კართულ საზოგადოებაში ამოცანად არც გვიქცევია, უბრალოდ ჩვენ თვალი გადავავლეთ ადამიანების კოჰორტას, რომელსაც მეტ-ნაკლებად შეხება ჰქონდათ ამ თვისებებთან და ჩვენ, “ქრისტიან დემოკრატები” ვთვლით, რომ ამ თვისებებით დაჯილოდებული და ამ საქმის წარმატებით დამგვირგვინებელი ადამიანი სწორედ გია ჭანტურია იქნება. რაც შეეხება შავი პიარის ნაწილად ქცეულ და სხვათა შორის, არა იმდენად ხელისუფლების მიერ, რამდენადაც სწორედ ჩვენი ოპოზიციის სხვადასხვა ფლანგზე ჩასაფრებული ოპონენტების მიერ შემოგდებულ ჭორებს საბარგულებით გაპარებასა და ძებნებთან დაკავშირებით, მოდით, მარტივად და სამართლებრივი კატეგორიებით ვილაპარაკოთ. საქმე აღძრული არასდროს ყოფილა, არავინ იყო ძებნაში გია ჭანტურიას სახით, მითუმეტეს, ვერ მოხდებოდა რაიმე სახის შეწყალების ქვეშ. ეს ყურით მოთრეული ჭორია, მის მიმართ ვარდების ხელისუფლებას დიდი სიმპატიები არასოდეს ჰქონია და არც ეხლა გაუსკდებოდა სიყვარულის ბუშტი, უბრალოდ გადის პერიოდი, როდესაც ძალიან რთული ხდება ისეთი ადამიანების მიმართ დევნის განხორციელება, რომელთაც კარგის მეტი არაფერი აქვთ ქვეყნისთვის გაკეთებული. სწორედ ასეთია გია ჭანტურია და ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ადამიანი წლების მანძილზე იყო და ახლაცაა ჩართული იმ მაშტაბის და მნიშვნელობის საერთაშორისო პროექტებში, რომელთა თაობაზე გადაწყვეტილებებიც მარტო თბილისში, ან თუნდაც ბაქოში არ მიიღება. როცა ასეთი ტიპის დასკვნებზე ვისაუბრებთ ხოლმე, ყოველთვის ვეცადოთ ზედაპირზე შემოგდებული შავი პიარის საკენკის ნაცვლად, უფრო სერიოზული ფაქტორები მივიჩნიოთ დასკვნის გაკეთების საშუალებად.
ლევან გაჩეჩილაძე ადგილობრივი არჩევნების გაყალბების შემთხვევაში საპროტესტო აქციების მესამე ტალღაზე საუბრობს. შესაძლებელია თუ არა გიხილოთ ამ შემთხვევაში დანარჩენი ოპოზიციის გვერდით ქუჩის აქციებზე, თუ კვლავაც მარტო განაგრძობთ ბრძოლას?
პროტესტი წინასწარ არ ანონსდება ხოლმე. პროტესტს განაპირობებს ის რეალობა, რომელიც ხალხმა უნდა აღიქვას, როგორც დიდი უსამართლობა. თუკი დიდი უსამართლობა იქნება, მაშინ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში არც ლევან გაჩეჩილაძის და არც გიორგი თარგამაძის წინასწარი მოწოდებები არ სჭირდება იმას, რომ ხალხმა პროტესტი გამოხატოს. მითუმეტეს, ქართველი საზოგადოება არ არის ზარმაცი საზოგადოება რომ ეს დასჭირდეს… თავის დროზე ჩვენ გვქონდა პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ ერთჯერად, სპონტანურ აფეთქებებს ყოველთვის სჯობს თანმიმდევრული, მუდმივი დემოკრატიული ზეწოლა ხელისუფლებაზე, რაც სამწუხაროდ საქართველოში იშვიათობას წარმოადგენს… გავიხსენოთ მთელი პოსტრევოლუციური პერიოდები, როდესაც წლების განმავლობაში საზოგადოებისა და ფაქტობრივად 90 %- იან მანდატმინიჭებული რევოლუციური ხელისუფლების თაფლობის თვეები, როგორც წესი, წლებში გადადის ხოლმე. სწორედ მაშინ, როდესაც ეს თაფლობის წლები ჰქონდა დღევანდელ პოლიტიკურ ელიტას, მათ შორის ოპოზიციაში გადმობარგებულ თუ მაშინაც ოპოზიციაში მყოფ ადამიანებს და ვარდების ხელისფულებას, ჩვენ სწორედ დემოკრატიულ ზეწოლას ვახორციელებდით და ეს არის კიდეც განმასხვავებელი ნიშანი “ქრისტიან -დემოკრატების” დღევანდელ ბირთვსა და სხვა ყველა დანარჩენს შორის, რომლებიც დღეს ყელმოღერებულები დიდ რევოლუციურ დროშებს აფრიალებენ. ჩვენ რევოლუციის წინაააღმდეგი მაშინაც ვიყავით , ახლაც ვართ და ყოველთვის ვიქნებით. გოეთეს სიტყვების არ იყოს, “რევოლუცია ერთნაირად სპობს კეთილსა და ბოროტს”. ის ბოროტების ზეობას განაპირობებს ხოლმე, ამიტომ ნებისმიერი აქტიობა, მხოლოდ რევოლუციური მუხტის გასაღვივებლად და შემდეგ ამ რევოლუციის მოსახდენად, ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ წინააღმდეგები ვიყავით მაშინაც, როდესაც ერთი წლის წინ მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი ჩამწკრივდა ნინო ბურჯანაძის კვალში და ვერცერთმა მათგანმა გაუძლო შანტაჟსა და ზეწოლას. მათ ვერ შეძლეს სრულიად უპერსპექტივო აქციების, ასევე მიზნების, ტაქტიკის კორექცია. სწორედ ამ სტრატეგიულმა შეცდომებმა განაპირობა ის, რომ ოპოზიცია უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდა ბოლო ერთი წლის მანძილზე და ამ შეცდომების შედეგებს ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებზეც მოვიმკით. ასე რომ, ის შეცდომები და მე ვიტყოდი, დანაშაული, რომელიც ქართული ოპოზიციური სპექტრის აბსოლიტურ უმრავლესობას აქვს ჩადენილი საპროტესტოდ განწყობილი ქართული საზოგადოების მიმართ, შეუძლებელია სხვას გადააბრალონ. გაზრდილი დაუსაბუთებელი მოლოდინები, როგორც წესი, იწვევს დიდ იმედგაცრუებას და დიდი იმედგაცრუება შემდეგ ურყოფითად აისახება არა მარტო ამ იმედგაცრუების უშუალო ავტორებზე, ანუ დღევანდელი ქართული ოპოზიციის აბსოლიტურ უმეტესობაზე, არამედ მთლიან ოპოზიციურ ფლანგზე. ამის გამოა, რომ დღეს ყველა ოპოზიციური ლიდერის, თუ ჯგუფის პოზიციები ძალიან შესუსტებულია. ჩვენ ძალიან ვწუხვართ ამის გამო, მაგრამ პასუხისმგებლობას სხვების ნაცვლად მათ შეცდომებზე და დანაშაულებზე, ვერ ავიღებთ. წყალგამყოფი და განმასხვავებელი ჩვენსა და მთელ დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრს შორის იყო ის, რომ ჩვენ მწარე სიმართლეს, მათ შორის აპრილის აქციებთან დაკავშირებით მაშინ ვამბობდით, როდესაც ამის თქმა ძალიან არაპოპულარული იყო. ის პოლიტიკური ძალები, რომლებმაც მხოლოდ ერთი წლის შემდეგ დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ თურმე განსხვავებული აზრები ჰქონდათ, არ ეთანხმებოდნენ აქციის ორგანიზატორების მიზნებს, თითქოს თვითონ არ იყვნენ მისი ორგნიზატორები მაშინ, როდესაც საორგანიზაციო კომიტეტის წევრები იყვნენ და 24 საათი მიკროფონს არ აციებდნენ ტრიბუნებზე, ეს უკვე სასაცილო ხდება და არაფერია, თუ არა მორიგი შემოტევა ქართული უპასუხისმგებლობისა, როცა გინდა ერთი წლის წინანდელი შენი საქციელი, განცხადებები, გადაწყვეტილებები საზოგადობას უბრალოდ დაავიწყო.
ითანამშრომლებდით თუ არა რომელიმე ოპოზიციურ ძალასთან?
ჩვენ თანამშრომლობის საკმაოდ საინტერესო გამოცდილება დაგვიგროვდა ოპოზიციურ ფლანგზე განლაგებულ, თითქმის ყველა სუბიექტთან სხვადასხვა ფორმატში. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობაა და რაიმე საერთო ბლოკის კონტურები იკვეთება- არა, ამის არც სურვილი გვქონია და არც ამის აუცილებლობა არსებობს, რადგან ჩვენ არ გვინდა ის სიმძიმე მცდარი და წარუმატებელი გადაწყვეტილებებისა, რომლითაც დატვირთულია მთელი ქართული ოპოზიციის ძირითადი ნაწილი, საკუთარ თავზე ავიღოთ, ამიტომ დამოუკიდებელი პოლიტიკური კურსის გატარებას გავაგრძელებთ ისევე როგორც ამას ვაკეთებდით ამდენი ხნის განმავლობაში. ამით დიდად კმაყოფილი დანარჩენი ქართული ოპოზიცია არ იყო და ბედნიერების საფუძველი არც საქართველოს ხელისუფლებას ჰქონია. ეს არის ჩვენი გზა – საქართველოში ახალი პოლიტიკური კულტურის, რაციონალური პოლიტიკური აზროვნების, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის და გრძელვადიან პოლიტიკურ მიზნებზე გათვლილი გზა. რაც შეეხება თანამშრომლობას ოპოზიციურ ჯგუფებთან სხვა ფორმატში , რასაკვირველია იქნება, ახლა არჩევნებია, მითუმეტეს საარჩევნო კომისიებში ჩვენ ერთად მოგვიწევს მუშაობა, ამ მხრივ გარკვეული თანამშრომლობის გამოცდილება უკვე ჩამოგვიყალიბდა იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც წარმოდგენილნი იყვნენ “ენდიაი”-ს მიერ ორგანიზებულ ფორმატში, რომელიც საარჩევნო კოდექსის და გარემოს სრულყოფაზე მუშაობდა. ამ გამოცდილებას ასევე ვაგროვებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სადაც კვალიფიციური პარტიების წარომადგენლებთან ერთად ვმუშაობთ იმაზე, რომ საარჩევნო გარემო ოდნავ მაინც მიუახლოვდეს სასურველს, ასევე გვაქვს თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტში მყოფ პოლიტიკურ ოპოზიციურ ძალებთან და ადგილებზე საარჩევნო კომისიებშიც შეუძლებელია ოპოზიციამ რაიმე წარმატებას მიაღწიოს, თუკი ჩვენ ვერ მოვახერხეთ საკუთარი პარტიული ინტერესის მეორე პლანზე გადატანა, იმისათვის რომ მთლიანობაში სარჩევნო პროცესი გავაჯანსაღოთ. ეს ყველას ინტერესებში შედის და ამ მხრივ, ზოგ შემთხვევაში ჩვენთვის საკმაოდ არასწორი გამონათქვამების მქონე ავტორებთანაც გვიწევს თანამშრომლობა – ეს არის პოლიტიკა!
თქვენი და თქვენი პარტიის წევრების ბოლო გამოსვლა პარლამენტში პრეზიდენტის და მთავრობის მისამართით, საკმაოდ მკაცრი იყო. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, თქვენს კრიტიკაზე პასუხის გაცემა და შენიშვნების გაბათილება ვერც პრეზიდენტმა და ვერც მისმა თანაგუნდელებმა შეძლეს. როგორ ფიქრობთ, გაითვალისწინებს ხელისუფლება თქვენს მკაცრ შენიშვნებს და გამოასწორებს მდგომარეობას?
იმედი მაქვს, ნაწილს მაინც გაითვალისწინებს, ყოველ შემთხვევაში, პარლამენტში ჩვენი მუშაობის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ საკითხების დაყენებას და ამ მხრივ პრინციპულობას, აზრი აქვს. მე ოდნავ უფრო ფილოსოფიურად განვაზოგადებ ამ მიდგომას. მაშინ, როდესაც პარლამენტში შემოვდიოდით, ავგუსტინელების დევიზი გავიხსენე და ვთქვი : “ნაცვლად იმისა, რომ მუდმივად წყევლო სიბნელე, სჯობს აანთო ერთი სანთელი.” სწორედ ეს არის კიდეც “ქრისტიან–დემოკრატების” მიდგომა. ჩვენ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებების განხორციელებას პოლიტიკური პროცესისგან დისტანცირებით, განდგომით, გაბუტვით, პროცესების ქუჩაში გადატანით, რადიკალიზაციით და ექსტრემიზაციით კი არ ვცდილობთ, არამედ პირიქით, მიგვაჩნია, რომ რის შანსსაც და საშუალებასაც გაძლევს მიმდინარე პილიტიკური პროცესი, კანონი, კონსტიტუცია, პარლამენტი, და ა.შ.- ყველაფერი უნდა გამოიყენო მაქსიმალურად. ამას რომ აკეთებდეს ყველა პოლიტიკური ძალა, სხვა სურათი გვექნებოდა და გაცილებით წინ ვიქნებოდით წასულები. აბა, თქვენ წარმოიდგინეთ პარლამენტში რომ შემოსულიყო ის 30 დეპუტატი, რომელიც ოპოზიციიდან იყო არჩეული- თავად პარლამენტში დღეს სურათი შეცვლილი იქნებოდა, განსაკუთრებით ომის შედეგების კვალობაზე, რაც ყველა შემთხვევაში ძირეულ ცვლილებებს გამოიწვევდა ქართულ პარლამენტში. გავიდა 2 წელი და იმის საკონტრასტოდ, რაც ხდებოდა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დღეს სრულიად განსხვავებული სურათი გვაქვს–თითქმის აღარ დარჩა ადამიანი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში თუ საექსპერტო საზოგადოებაში, რომელიც არ ამბობს, რომ ქართული ოპოზიციის ნაწილის მხრიდან იყო დიდი შეცდომა, როდესაც უარი თქვეს მანდატების აღებაზე და პარლამენტში მუშაობაზე. ჩვენი, “ქრისტიან-დემოკრატების” გადაწყვეტილება იყო ურთულესი მისაღები, რადგან პირდაპირ რომ ვთქვათ, უზარმაზარი წნეხის და შანტაჟის ქვეშ ვიყავით იმ პერიოდში, მაგრამ ეს იყო ერთადერთი და სწორი ნაბიჯი. არის მთელი რიგი საკითხებისა, რომელსაც ორი წელია ვლაპარაკობთ, მაგრამ ზოგი ერთი წლის წინ გადაწყდა, ზოგთან დაკავშირებით ახლა მოვისმინეთ რომ აპირებენ ამის გადაწყვეტას, ზოგზე საერთოდ არ ამბობენ, რომ ეს” ქრისტიან-დემოკრატების “მიერ 2 წლის განმავლობაში დაყენებული საკითხებია და ისე შემოაქვთ, როგორც თავიანთი ინიციატივა. – არ არის პრობლემა, ოღონდ გააკეთონ. ეს ეხება მათ შორის ჯანდაცვით პროგრამებს, სოც. პოლიტიკას, უმწეოთა პროგრამაში არსებულ პრობლემებს, სადაზღვევო პოლიტიკას, განათლების სოც. პოლიტიკას, სოფლის პოლიტიკას. – ერთი წელი ლამის ძაღლის ყბა გამოვიბით რომ დაგვემტკიცებინა, რამდენად მნიშვნელოვანია სოფლის დახმარებისათვის სახელმწიფო დახმარების დაფინანსების გაზრდა, გასამმაგებას ვითხოვდით, ვერ მივაღწიეთ – გაორმაგდა, მაგრამ ვფიქრობ, ესეც საქმეა.
საქართველოს ხელისუფლება გამოვიდა ინიციატივით და ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებს რუსეთის გვერდის ავლით თანამშრომლობას სთავაზობს. თქვენი აზრით, რა შეიძლება გამოიწვიოს ამან?
მოდით, პირველ რიგში დავაზუსტოთ, იმიტომ რომ ზოგიერთ ცენტრალურ საინფორმაციო სატელევიზიო საშუალებაში “გაიპარა” ასეთი ფრაზა- “ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებს”. მე კატეგირიულად წინააღმდეგი ვარ საერთოდ ამ ტერმინის ხმარების და არცერთ დოკუმენტში, რომელიც პარლამენტში მზადდება, მსგავსი რამ არ წერია. არსებობს ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკები, ეს მათი ოფიციალური სტატუსია რუსეთის ფედერაციის ფარგლებში. საერთოდ, მე წინააღმდეგი ვარ ორმაგი სტანდარტების, რომელიც თავად რუსეთს გააჩნია, რომლისთვისაც ჩრდილოეთ კავკასიის ავტონომიურ რესპუბლიკებს, რომელიც რუსეთის ფედერაციის საზღვრებშია, არასოდეს უნდა ჰქონდეთ პერსპექტივა და პრეტენზია თავისი დამოუკიდებლობის და, ამ დროს სამხრეთ კავკასიაში ხელოვნურად შექმნილ ავტონომიებს უნდა ჰქონდეთ პრეტენზია დამოუკიდებლობაზე. ის, რის გამოც ჩვენ რუსეთს ვაკრიტიკებთ, თავისთავად ცხადია არ უნდა გახდეს ჩვენი თამაშის წესი, ამიტომაც არანაირი ქვეყნების მიმართ მიმართვას არცერთი ქრისტიან დემოკრატი ხელს არ მოაწერს და რამდენადაც ვიცი, არც ამ ჯგუფში მზადდება მსგავსი შინაარსის გადაწყვეტილებები. რაც შეეხება ჰუმანიტარული ხასიათის მიმართვას ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები ხალხებისადმი, ამაში მე ვერაფერს ვხედავ პრობლემატურს, რადგან ქართველ ხალხსა და ჩრდილო კავკასიელ ხალხებს შორის ისტორიული ურთიერთობა ჩამოყალიბებული იყო. სამწუხაროდ, როცა ეს საზღვრები საერთოდ ჩაიკეტა, დაშორებისა და დისტანცირების გამო ურთიერთობების პროცესი ღრმა კრიზისში შევიდა, არადა მთელი ქართული ლიტერატურა, მთელი ჩვენი მითოსი იქნება ეს, თუ ისტორიული მეხსიერება, იქითკენ მიგვითითებს, რომ ჩვენ ერთმანეთის მეგობარი, მონათესავე ხალხები ვართ და ეს ურთიერთობები არ უნდა დაიკარგოს. მე სწორედ ამ კუთხით ვუყურებ ამას და ვთვლი, რომ აუცილებელია უპირველეს ყოვლისა კულტურული, მათ შორის ეკონომიური ურთიერთობების აღდგენა და განვითარება იმისათვის, რომ პერსპექტივაში საერთო კავკასიური სახლისა და მშვიდობიანი კავკასიის იდეა რეალურად განხორციელებადი იყოს.
თუმცა, საუბრობენ რომ ეს მოხდება რუსეთის გვერდის ავლით.
რუსეთის გვერდის ავლით ეს ვერაფრით მოხდება, მითუმეტეს შეზღუდული გადაადგილების ფარგლებში. როგორ წარმოგიდგენიათ?! – აქედან ვერავინ ვერც გადავა და ვერც გადმოვა. ეს არის უბრალოდ განაცხადი, სურვილი საიმისოდ, რომ ქართველ ხალხსა და ჩრდილო კავკასიელ ხალხებს შორის კულტურული ურთიერთობები აღდგეს, დათბეს და რაღაც პერპსქტივა ჰქონდეს. მოდით, ამ ტიპის მცდელობას ნურც გავაზვიადებთ და ნურც დავაკნინებთ. განსაკუთრებულს აქ ვერაფერს ვხედავ. თუკი რაიმე ნიშანი იქნება სეპარატიზმის წახალისების, ამის წინააღმდეგნი ჩვენ “ქრისტიან დემოკრატები” ვიქნებით სწორედ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან თუკი ვითხოვთ რომ რუსეთს ჩვენს მიმართ არ ჰქონდეს ორმაგი სტანდარტები, ამ შემთხვევაში, თავადაც მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და პრინციპულობა.
დამეთანხმებით, რომ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენაზე ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს, რის სურვილსაც რეალურად არ გამოხატავს. თქვენი აზრით, ამ მიმართულებით რაიმე დადებით შედეგს მოგვიტანს ოპიზიციონერი ლიდერების ვიზიტები რუსეთში?
გააჩნია ამ კონტაქტებს და ურთიერთობის ფორმას. ის, რა ფორმითაც ახლა ხორციელდება ეს ურთიერთობა, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. დააკვირდით, ჩვენ გამოვხატავთ პრეტენზიებს საფრანგეთის მთავრობის მიმართ მათი არათანმიმდევრულობის გამო და ვთვლით, რომ ძალიან ცუდია, როდესაც რუსეთს თავად საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების ერთი პუნქტიც კი არ შეუსრულებია, ამ დროს კი ვხედავთ ევროკავშირის, ზოგიერთ სახელმწიფოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ძალიან დიდი დათბობის ნიშნებს, რომელიც არა მარტო ეკონომიკური, არამედ მჭიდრო სამხედრო შეირაღებითი თანამშრომლობის ეტაპზეცაა გადასული. ჩვენი ძირითადი არგუმენტია: ” როცა რუსეთი საერთოდ იგნორირებას უკეთებს საერთაშორისო სამართალს, მშვიდობიანი ევროპის პერპსექტივასა და ინტერესებს, რატომ აკეთებთ ამას და რატომ ეგუებით?!” ამ დროს შემგუებლობის სრულიად მიუღებელ მაგალითებს თავად ვაჩვენებთ ქართველი პოლიტიკოსების საქციელის სახით.- ამიტომაა ეს საქციელი გაუმართლებელი და წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებთან. რუსეთს სჭირდება აგვისტოს ომის შემდეგ მთელს მსოფლიოში კვლავ ევროპისა და რეგიონის ჟანდარმის სტატუსის შელამაზება და ძალიან ცუდია თუკი ამ ფერუმარილად რომელიმე ქართული პოლიტიკოსი ექცევა რუსი ჟანდარმის სახეს. სწორედ ამ მხრივაა ეს მიუღებელი, თორემ სხვა მხრივ, რუს ხალხთან, თუნდ რუსულ პოლიტიკურ ან საზოგადოებრივ ჯგუფებთან ურთიერთობა არავისთვისაა აკრძალული და ვერც ვერავინ აგვიკრძალავს ვერასდროს, მათ შორის ვერც ხელისუფლება. არავინ ეკითხება სააკაშვილს და არც ნაც. მოძრაობის რომელიმე იდეოლოგს, მე რუს პოლიტიკოსს დაველაპარაკები, თუ არა. აგერ, სტუმრად გვყავს მოწვეული და თქვენთან საუბრიდან ზუსტად ერთ კვირაში, თბილისში ჩამოდის რუსი “ქრისტიან დემოკრატების ” დეგელაცია, რომლებთანაც ვისაუბრებთ საერთო “ქრისტიან-დემოკრატიულ ” პრინციპებზე, მიდგომებზე და ა,შ – ეს სხვა რამ არის. რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის დაშლა დაქუცმაცების პროცესის შეჩერებას, ამ მანდატით ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს ეს ხელისუფლება, მხოლოდ ის სარგებლობს, ამიტომ ნებისმიერი პარალელური ქვედინებების გაჩენა ამ მიმართულებით, რუსეთს აძლევს საშუალებას, ასე ვთქვათ, სათადარიგო დასაყრდენი შექმნას, რომელიც ისევ საქართველოსთან საბრძოლველად გამოიყენება და არა – საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ. ამიტომაც მიმაჩნია როგორც ნოღაიდელის, ასევე ქალბატონი ბურჯანაძისა და სხვათა დაუოკებელი ლტოლვა კრემლის მუხის მასიურ კაბინეტებში მოსახვედრად, სრულიად მიუღებლად და არაადეკვატურად იმ ინტერესებისა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს დღეს გააჩნია.
როგორ ფიქრობთ, რას მოუტანს ნატოს წევრობა საქართველოს?
“ნატო” – ეს არ არის მხოლოდ სამხედრო ბლოკი. ეს პოლიტიკური ბლოკიცაა , რომელიც გარკვეული ღირებულებების დასაცავად შეიქმნა. ის დღეს ცივილიზებული სამყაროს ძირითადი ნაწილის გაერთიანებაა.მე არ ვამბობ, რომ ვინც მის გარეთაა დარჩენილი არაცივილიზებულია, მაგრამ საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების გათვალისწინებით, 20-25 წლის წინ მაინც თუ გავიხედავთ და კარგს ვიზამთ, რადგან ხშირ შემთხვევაში, ქართველი პოლიტიკოსების ჰორიზონტი სამ, ხუთ წელიწადსაც კი ვერ აღწევს, მივხვდებით, რომ მართლაც ძალიან რთულ რეგიონში გვიწევს და მოგვიწევს ცხოვრება. აქ ძირითადი პრობლემის შემქმნელი მხოლოდ რუსეთი არ იქნება. სხვა ძალებიც უფრო მეტად აქტიურნი გახდებიან. მე არ მინდა დეტალურად გავშიფრო, მაგრამ იმედია მკითხველი თავად მიხვდება. საფრთხე, რომელიც აღმოსავლეთიდან მოდის მთელი ცივილიზებული სამყაროს მიმართ, სულ უფრო და უფრო საგრძნობი იქნება ჩვენთანაც. ამ თვალსაზრისით, ჩემთვის სრულიად გაუგებარია თავად რუსეთს რატომ აქვს ასეთი ანტაგონისტური განწყობა ”ნატოს” მიმართ და ასეთი შიშის თვალით რატომ უყურებს მას, მაშინ როცა ”ნატო” როგორც ძირითად საფრთხეს, რუსეთს მართლაც კარგა ხანია აღარ უყურებს და გაცილებით მნიშვნელოვანი საფრთხეები გაჩნდა თანამედროვე მსოფლიოში. მე პირადად, ვთვლი, რომ ეს მალე არ მოხდება და ამ ილუზიას ნუ ვუქმნით ქართველ საზოგადოებას. თავად რუსეთშიც, თუკი ამ ქვეყანას მომავალი უწერია, ნელ-ნელა პოლიტიკური ელიტა მივა იმ დასკვნამდე, რომ ”ნატოსთან” კომფრონტაციული დამოკიდებულება რუსეთს უფრო დაასუსტებს და შეუქმნის საფრთხეს მის სახელმწიფოებრიობას და პირიქით, დასავლეთის წამყვან ქვეყნებთან და მათ შორის აშშ-სთან პარტნიორული ურთიერთობების განვითარება შეუქმნის გარანტიებს მის უსაფრთხოებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ვთვლი, რომ თუკი ჩვენი ქვეყნისათვის არსებულ მთავარ საფრთხეებზე ვიფიქრებთ, “ნატო” მართლაც გახლავთ ის სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანება, სადაც ქვეყანას თავი შეუძლია იგრძნოს შედარებით უსაფრთხოდ. თუკი ამას ასევე პირდაპირ დავუკავშირებთ საქართველოში ჩვენი საზოგადოების არჩევანს, რომ საქართველო დემოკრატიული და ევროპული ტიპის სახელმწიფო იყოს, ესეც პირდაპირ უკავშირდება ამ ტიპის ორგანიზაციასთან თანამშრომლობას და ასეთ ქვეყნებთან ურთიერთობას. არსებობს სხვა ტიპის სამხედრო პოლიტიკური გაერთიანებები, მაგ. იგივე შანხაის ქვეყნების გაერთიანება, სადაც ირანი , ჩინეთი , თურქმენეთი , რუსეთი და სხვა ქვეყნები არიან გაერთიანებულნი. არჩევანი შეიძლება იყოს ზემოთ ნახსენებ გაერთიანებაში შესვლაც, სადაც შენ შენს დემოკრატიულ განვითარებაზე, ევროპულ ცხოვრების წესზე, ქრისტიანულ ცივილიზაციაზე უნდა თქვა უარი და სხვა ღირებულებები მიიღო, რაც ჩემთვის პირადად და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვისაც მიუღებელია – ჩვენი წინაპრების ყველა თაობა ამის საწინააღმდეგოდ და უპირველეს ყოვლის, ქრისტიანული ცივილიზაციისთვის იბრძოდა.
შენ ან ერთ ოჯახში უნდა აღმოჩნდე, ან მეორე ოჯახში, სხვა შემთხვევაში უნდა იცოდე რომ ამ აქლემების ჭიდაობაში გაიჭყლიტები კოზაკივით. არის მესამეც, ე.წ. ნეიტრალიტეტი, რომელიც ყურით შემოთრეული თემაა ქართულ პოლიტიკაში. ოდნავ ჩახედული ადამიანი ადვილად ხვდება, რომ მხოლოდ შენი სურვილი, რაიმე ტიპის ნეიტრალური სტატუსი მიიღო, ბავშვურ ოცნებად რჩება და ასეთი ბავშვური ოცნებები პოლიტიკაში ყოველთვის დამღუპველია. ამის მსგავსი ახასიათებდა ქართულ სოც.დემოკრატიულ მთავრობას პირველი რესპუბლიკის პერიოდში და რა შედეგიც დაგვიდგა, ძალიან კარგად ვნახეთ – ჩვენ სხვის თუ არა, საკუთარ შეცდომებზე მაინც უნდა ვისწავლოთ. ვთვლი, რომ აქ არჩევანი სრულიად მკაფიო და ნათელია შენს ცხოვრების წესს, იდენტობასა და სრულიად განსხვავებულ მოვლენას შორის, რასაც ქართული ნამდვილად არაფერი ჰქვია.
უნდა ველოდოთ თუ არა რაიმე ცვლილებებს იანუკოვიჩის გაპრეზიდენტების შემდგომ საქართველო-უკრაინის ურთიერთობაში?
ცვლილებები იქნება, მაგრამ არა კატასტროფული და დრამატული საქართველოსთვის. დიდი ყურადღებით ვადევნებდი თვალს მის განცხადებებს როგორც უკვე პრეზიდენტისას ბრიუსელში, მოსკოვში. მე უკვე ჩამოყალობებული აზრი მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის მიერ არჩეული სტრატეგიული თანამშრომლობის კურსი არ შეიცვლება საქართველოსთან მიმართებაში. სანამ იანუკოვიჩი უკრიანის პრეზიდენტია, არანაირი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება დღის წესრიგში არასდროს დადგება, რადგან ის ეცდება, უპირველეს ყოვლისა, თავისი ქვეყნის, ანუ უკრაინის ინტერესები დაიცვას და შემდეგ უკვე სხვა მისი მეზობლის ინტერესები შეუსაბამოს ამ ინტერესებს. რა თქმა უნდა, გარკვეული ცვლილება იქნება, თუნდაც იმ კუთხით, რომ თანამშრომლობის ზოგიერთი ასპექტი და სფერო საქართველოსთან არ იქნება ისეთივე მჭიდრო , როგორიც იყო. მაგალითისთვის მოვიყვან შეირაღებაში თანამშრომლობას.–გასაგებია, რომ ამ მხრივ პრობლემები იქნება საქართველოსთვის, მაგრამ არა ეკონომიკური, კულტურული თანამშრომლობის მხრივ. არ არის პოლიტიკური თანამშრომლობა, როცა უკრიანის პრეზიდენტი ამბობს რომ არავითარ შემთხვევაში დღის წესრიგში არ დადგება სეპარატისტური რესპუბლიკების აღიარების საკითხი?! დანარჩენი ჩვენზეც არის დამოკიდებული. იმ შეცდომების გათვალისწინებით, რომელიც პრეზიდენტმა და მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა დაუშვა უკრაინის არჩევნების პერიოდში, ე.წ. სადამკვირვებლო ძალოვანი მისიების დესანტების გადასხმასთან დაკავშირებით, ეს შეცდომები გარკვეულ გავლენას პირველ ეტაპზე მოახდენენ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, თუკი საქართველოს ხელისუფლება მოახერხებს, თავის თავს აჯობებს და მსოფლიო დემოკრატიული რევოლუციების ავანგარდში დგომის სრულიად უტოპიურ ამბიციას ჩაიკლავს, მე ვთვლი რომ სერიოზული პერსპექტივა ურთიერთობებისა პოზიტიურ კონტექსტში არსებობს უკრაინასთან და ეს ასე მოხდება კიდეც.
ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ იმასთან დაკავშირებით, თითქოს თქვენს პარტიას მერაბიშვილი ლობირებს.
მე კარგად მახსოვს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, რომელიც რაღაცას წარმოადგენს და კიდევ უფრო მეტ ძალას იკრებს, ყოველთვის შემოტევის ობიექტია. არაფერი მოულოდნელი და აუხსნელი არ ხდება, ყველას დისკრედიტაციის საკუთარი მეთოდი აქვს. ჩვენზე ვერ იტყვიან რომ ვართ სუსტი, არაფრის გამკეთებელი, თუნდ ზარმაცი პოლიტიკური ძალა სხვების მსგავსად, რომლებსაც მხოლოდ ბრიფინგის ჩატარება თუ შეუძლიათ და, თავიანთი ცენტრალური ოფისების მიღმა ფეხის გადადგმაც კი ეზარებათ, მაშინ როცა ჩვენ კვირაში 3-4 დღე, სოფელ-სოფელ დავდივართ იმისთვის, რომ ხალხთან კონტაქტი კიდევ უფრო გავაძლიეროთ. ვერც იმას იტყვიან, რომ ჩვენ გვაქვს სუსტი ინფრასტრუქტურა, რადგან საქართველოს მასშტაბით თუკი რომელიმე პოლიტიკურ პარტიას გააჩნია წარმომადგენლობები და ძლიერი ადგილობრივი ორგანიზაციები, იმ ორეულში თუ არა, სამეულში ნამდვილად ვართ “ქრისტიან-დემოკრატები”. ვერ იტყვიან იმასაც, რომ ჩვენ არ ვეხმაურებით იმ სატკივარს, რაც საქართველოში ხდება და ამის მაგალითი იყო თუნდაც ის დებატები, რომელიც პარლამენტში შედგა. ვერც სითამამის, გამბედაობის ნაკლებობაში დაგვდებენ ბრალს, იმიტომ რომ სააკაშვილს პირში ვუთხარით ის, რასაც მის ოპოზიციაში მყოფი ადამიანების სრული უმეტესობა ვერ ახერხებდა წლების განმავლობაში და ვერც ახლა ახერხებს. ვერ იტყვიან, რომ ჩვენ არ გვაქვს საერთაშორისო მხარდაჭერა, რადგან ფაქტია, თუკი ვინმეს აქვს პარტნიორ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან მჭიდრო კავშირი და მეგობრული ურთიერთობები, პირველ რიგში “ქრისტიან დემოკრატებს” , რომლებიც მკაფიოდ გამოხატულ პროდასავლურ ძალად მოვიაზრებით საქართველოში. ვერ იტყვიან, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ერთგულება საკუთარი იდეებისადმი, რადგან გასული 2 წელი სწორედაც რომ ამის ნათელი დადასტურება იყო, როცა ძალიან ხშირად მოგვიწია იმის თქმა და გაკეთება, რაც იმ შემთხვევაში პოლიტიკურ კონიუნქტურას ეწინააღმდეგებოდა. ვერ იტყვიან, რომ ჩვენ ვართ გავლენის ქვეშ ადვილად მოსაქცევი, იმიტომ რომ არაერთ შანტაჟს და ზეწოლას გავუძელით. რა უნდა თქვან? უნდა მოიგონონ სისულელე. იყო დრო, როცა ამბობდნენ, რომ ასლან აბაშიძის ”შექმნილები” ვიყავით და გახსოვთ ალბათ, მათ შორის ოპოზიციის ერთი ნაწილი ხელისუფლებასთან ერთად განიხილავდა ამ ვერსიას. მიგონებდნენ იმასაც, თითქოს მე მოსკოვში დავფრინავდი და ასლან აბაშიძე გვეხმარებოდა პარტიის დაფინანსებაში საპარლამენტო არჩევნების დროს. ლევან ვასაძით დაწყებული, მაკკეინით დამთავრებული ყველა იყო ნახსენები ამ კონტექსტში და მათ ჩამონათვალშია ვანო მერაბიშვილიც. რა უნდა თქვა… სისულელეებზე კომენტარს ვერ გააკეთებ კაცი. პოლიტიკური პარტიის საქმიანობა ჩანს თავის შედეგებით და არა ლაპარაკით, თუმცა ამ შემთხვევაში ლაპარაკიც მეტყველებს ჩვენს საქმიანობაზე და – საქმეც. მითუმეტეს, იმ ადამიანებისგან ასეთი ტიპი გავრცელებული ჭორი, რომლებმაც რამდენჯერმე ვანო მერაბიშვილის მინისტრად დანიშვნას კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს, მანამდე კი ვანო მერაბიშვილის შტაბის ხელმძხვანელობის პერიოდში ერთიან პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენდნენ, მე ნამდვილად არ ამაღელვებს და თავისთან დაიტოვონ.
იმ შემთხვევაში, თუკი გია ჭანტურია გახდება თბილისის მერი, რა პოზიტიურ ძვრებს უნდა ელოდოს თბილისის მოსახლეობა?
გია ჭანტურიას ჯადოსნური ჯოხი არ უჭირავს ხელში, რომ აიქნიოს და უცბათ გამოვიღვიძოთ თბილისში, სადაც ყველა გზა დაგებული იქნება, ყველა შენობა – მოწესრიგებული, საცობები აღარ იარსებებს, სუფთა ჰაერი გვექნება, ყველა ოჯახში ერთი დასაქმებული მაინც იქნება… – რა თქმა უნდა, ეს უცბათ არ მიიღწევა, მაგრამ პრინციპულად სხვა რეალობა იქნება. ერთის მხრივ, არსებული რესურსების უფრო გამჭვირვალედ და თბილისისთვის პრიორიტეტების მიხედვით ხარჯვით და, მეორეს მხრივ, – ინოვატორული მიგომით. მთავარი, რაც უნდა მოვახერხოთ და რომლის რესურსიც გიას გააჩნია, ისაა, რომ თბილისს დავუბრუნოთ არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი კავკასიის, უკიდურეს შემთხვევაში, სამხრეთ კავკასიის ცენტრის ფუნქცია. ამის ყველა პოლიტიკური, ფინანსური, ეკონომიკური, კულტურული, საინფორმაციო წინაპირობა არსებობს.- ამას სჭირდება მცდელობა, რათა თბილისი გახდეს მომხიბვლელი ადგილი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა თუ ბიზნესმენებისათვის ინვესტიციების გასახორციელებლად. სჭირდება ასევე სამართლიანი და დაცული გარემო საკუთრების თუ ბიზნესის თვალსაზრისით, ხელშემწყობი საგადასახადო რეჯიმი, რომელიც არა მარტო უცხოელი ინვესტორისთვის გახდის თბილისს ბიზნესის საწარმოებლად მომხიბლავს, არამედ თბილისში არსებულ მცირე და საშუალო ბიზნესს დააყენებს ფეხზე. რად გვინდა დიდი ბიზნესის განვითარება, თუკი მცირე და საშუალო ბიზნესი არ გაჩნდა და შემოსავალი არ გაუჩნდათ ადამიანებს, რომლებმაც უნდა მოიხმარონ ეს პროდუქტი?! ჩვენ ვთვლით, რომ გია ჭანტურიას მერობის შემთხვევაში,” ქრისტიან–დემოკრატები” მივცემთ თბილისს განვითარების ისეთ შანსს, რომლის მსგავსს ვერცერთი სხვა კანდიდატი მისცემს. ვერც უგულავა, რომელმაც თავისი მაქსიმუმი უკვე გააკეთა, ისიც საარჩევნოდ და იმის შემდეგ რა იქნება, შეგვიძლია დაახლოებით წარმოვიდგინოთ და, მეორეს მხრივ, ვერც დანარჩენი კანდიდატები, რომლებიც საერთოდ თბილისზე არაფერს ამბობენ, არც აინტერესებთ და მხოლოდ მომავალი ჭექა-ქუხილისთვის თუ პრეზიდენტობისთვის ემზადებიან. გიას შემთხვევაში, მე შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ თუკი ჩვენ მოვახერხებთ საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ გია მართლაც საუკეთესო მერი იქნება საქართველოს დედაქალაქის, ჩვენ ვიფიქრებთ და გიასთანაც გვქონდა საუბარი იმის თაობაზე, რომ წარმატებული მერობის შემთხვევაში, თბილისის მერობაზე მეორე ვადით წინასწარ გააკეთოს განაცხადი, რათა ყველანი ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ ამ პოსტის დასაკავებლად ადამიანი არ მოდის იმისთვის, რომ შემდეგ იქიდან სწრაფად გაიქცეს და იმ აღებულ პასუხისმგებლობებს, ვალდებულებებს გაერიდოს, რომელიც ამ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ამა თუ იმ კანდიდატის მიერ იქნება საზოგადოებისთვის გაცემული.
guest.interes.ge
ასლან აბაშიძე, ბადრი პატარკაციშვილი, ქრისტიან–დემოკრატები, …
ბ–ნი ასლანი ვერ ახერხებს ქ–ნი მაგული აბაშიძე–გოგიტიძის საფლავზე მონახულებას, ხოლო მისი ქალიშვილის, ქ–ნი დიანას გასვლა დედის საფლავზე, სასამართლოთი დასრულდა. ბ–ნ ბადრის დასაფლავებას, მცდელობის მიუხედავად, ვერ დაესწრო ბ–ნი ბორის ბერეზოვსკი. მიზეზებზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ, ყველას მოგეხსენებათ. ქრისტიანული მორალიდან, ქართული და ზოგადად კავკასიური ტრადიციებიდან გამომდინარე, რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ ახლობლის საფლავზე სააღდგომო კვერცხის გადაგორების სურვილის ჩანასახშივე ჩახშობა იმ პირებში, რომელნიც, შესაძლოა, იმსახურებენ მართლმსაჯულების წინაშე წარსდგომას, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ეჭვმიტანილნი არიან. მესმის, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირზე ასეთი შესაძლებლობის დაშვებას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდება, მესმის, რომ “თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა”, “იქნება ვეფხვის დედაი ჩემზე მწარედა სტირისა”, “დღეს რომ ჩემი ქმარი ცოცხალი იყოს, შეუნდობდა მათ, რომელთაც სასიკვდილოდ გაიმეტეს იგი და თავის უბედურ, გზააბნეულ ძმებად მიიჩნევდა”, ის მწვერვალებია, რომლებზე ასვლაზე ფიქრსაც კი ბევრი ვერ გაბედავს (ღმერთო, მაშორე განსაცდელი,–ვშიშობ, რომ ვერ შევძლებ ვიყო მიმტევებელი), მაგრამ, თუ ადამიანი მკვლელობაში არაა ეჭვმიტანილი, მაშინაც კი ვერ უნდა შეძლოს საფლავზე ჭიქა ღვინის წაქცევა? იქნებ ამით უდანაშაულოს გაბოროტებას, ხოლო დამნაშავეში,– ჯერ კიდევ შემორჩენილი უკანასკნელი ადამიანური სიმის გაწყვეტას ვუწყობ ხელს? იქნებ კანონის ზეიმი სამართლიანობის დამწუხრებას იწვევს? იქნებ შესაძლებელია, ერმა, ბერმა, ქრისტიან–დემოკრატებმა, პატარა ნაბიჯი მაინც გადავდგათ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზეც გავამახვილოთ ყურადღება, სხვებს მაგალითი მივცეთ და ჩვენს ათიათასობით თანამემამულეს– სოხუმიდან, გაგრიდან, ოჩამჩირიდან, ცხინვალიდან, – მუდმივად აღარ ესიზმრებოდეთ ახლობელთა საფლავები?