ფინეთ-საბჭოთა კავშირის ომის დასრულებიდან 70 წლისთავთან დაკავშირებით, ფინეთის წამყვანმა გაზეთმა Helsingin Sanomat, რუსეთთან თანამედროვე შეიარაღებული კონფლიქტის სცენარი გამოქვეყნა.
გამოცემის თანამშრომლები შეეცადნენ წარმოედგინათ, როგორ განვითარდებოდა სამხედრო მოქმედებები 21-ე საუკუნის პირველი ათწლეულის ბოლოს, რისთვისაც უმაღლესი სამხედრო სკოლის ანონიმურ ექსპერტებს მიმართეს.
ფინური გამოცემის მიერ გამოქვეყნებული სცენარის დეტალებით რუსული ”Комсомольская Правда” და რადიოსადგური ”Голос России” დაინტერესდა.
რადიოსადგურის ეთერით გადაცემული სცენარის თანახმად, ჰელსინკის გარეუბანში იბომბება ფინეთის ტელერადიოკომპანიის შენობა და წყდება მაუწყებლობა. ძლიერი აფეთქება სიკვდილს და პანიკას თესავს. ფინეთის პრეზიდენტი აცხადებს საყოველთაო მობილიზაციას და მთავარსარდლის ფუნქციებს თავდაცვის მინისტრს აბარებს. ქვეყანაში ცხადდება საგანგებო მდგომარეობა. იზღუდება შეკრებებისა და გადაადგილების თავისუფლება, ასევე გარკვეული სახის პოლიტიკური და ეკონომიკური მოღვაწეობა. ხელისუფლებას ენიჭება კერძო საკუთრების კონფისკაციისა და ცენზურის შემოღების უფლებამოსილება.
სამხედროებს ქვეყნის ხელისუფლება უსაფრთხო ადგილზე გადაჰყავთ, რათა პრეზიდენტმა, პარლამენტმა და მთავრობამ რაც შეიძლება დიდხანს შეძლოს ფუნქციონირება.
აფეთქებას აფეთქება მოსდევს. რუსული ავიაცია დანაკარგებს განიცდის ფინეთთან ბრძოლაში.
2010 წლის ომის ჰიპოთეზურ სცენარში მხარეები აქტიურად აწარმოებენ რადიოელექტრონულ ბრძოლას. კომპიუტერული დანადგარების მეშვეობით, რუსი და ფინელი სპეციალისტები ახშობენ მოწინააღმდეგის გადაცემებს და იცავენ საკუთარ არხებს. აქტიურდება ჰაკერობა, ელექტრონული დევნა და კომპიუტერულ სისტემებში ფარული შეღწევა. ამასთან, არ მუშაობს სამოქალაქო მობილური კავშირი და მითუმეტეს – ინტერნეტი.
გამოგონილ სცენარში რუსეთი ვერ ახერხებს სწრაფად მოგებას, რისი დიდი იმედიც ჰქონდა. ომი იწელება და ფინეთი მთელი მსოფლიოს მხარდაჭერას იღებს.
აღსანიშნავია, რომ სტატიამ ფინეთში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რის გამოც განმარტებების გაკეთება მოუხდა გაზეთის ხელმძღვანელობას.
”ჩვენი მიზანი არ ყოფილა რუსეთის მიმართ ფინელების განწყობის გაფუჭება ან ნატო-ში ფინეთის წევრობის დაჩქარება. არ შეიძლება ჩვენი მასალის შედარება ქართული ტელეკომპანია ”იმედის” რეპორტაჟთან, რადგან ჩვენ თავიდანვე მივანიშნეთ, რომ ომის სცენარი მთლიანად გამოგონილია” – განაცხადა გაზეთის მთავარმა რედაქტორმა იანე ვირკუნენმა.
გამოგონილ სცენარში ომის ადრესატის შერჩევის პრინციპის ახსნას ცდილობენ ”Комсомольская Правда” -ს მიმომხილველები, რომლებიც ვერ გარკვეულან, რატომ იყო ომის სცენარში მოწინააღმდეგედ გამოყვანილი რუსეთი და არ გაიხსენეს მაგალითად, მე-16 საუკუნის ბრძოლა, როდესაც ფინელი ქრისტიანების ამბოხება შვედმა ოკუპანტებმა სასტიკად ჩაახშეს.
რუსული მედიის ვარაუდით, ამგვარი პუბლიკაციებით უბრალო ფინელებს შთააგონებენ, რომ მოსკოვთან ურთიერთობაში საჭიროა მახვილი ყური და რუსეთთან მეგობრობის ხაზის, რომელსაც ფინეთის ხელისუფლება ატარებს, ახალი ”მანერგეიმის ხაზით” გამყარება.
მომზადებულია “Комсомольская Правда”-ს მიხედვით
როდის გამოაქვეყნა ფინურმა პრესამ ეგ? თარიღი არ გიწერია 🙂
ეს მართლა საინტერესოა, თუმცა როგორც ხედავ სტატია სხვა საიტიდან არის გადმოტანილი, სადაც თარიღი ასევე არ იყო მითითებული.
საინტერესოა . . . რაც დრო გადის მით უფრო ჩნდებიან სხვა იმიტატორებიც :)))))