საზოგადოებას ყოველთვის აინტერესებს, თუ როგორია ეკრანზე ნანახი ადამიანი რეალურ ცხოვრებაში. ალბათ, ასეთ ამპლუაში განსაკუთრებულად ძნელი იმ პიროვნებების წარმოდგენაა, რომლებიც პოლიტიკური საქმიანობით არიან დაკავებულნი. “გუმბათი” ქრისტიან–დემოკრატიული პარტიის ერთ–ერთ წევრს, ზაზა გაბუნიას ესტუმრა და ზაზასთან და მის მეუღლე ნუცა შავლაძესთან მათი ცხოვრების საინტერესო დეტალებზე ისაუბრა.
– მოგვიყევით, როგორ გაიცანით, როგორ შეგიყვარდათ ერთმანეთი.
ნუცა: – ერთმანეთი სამეცნიერო კონფერენციაზე გავიცანით, მაშინ ჯერ უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პირველ კურსზე ვსწავლობდი. ამ კონფერენციაზე ერთი ახალგაზრდა ბიჭი შევნიშნე, რომელმაც დასამახსოვრებლად წარადგინა თავისი თემა. საბოლოოდ კი, ორ ნომინაციაში უნდა დასახელებულიყო გამარჯვებული – ეს იყო საუკეთესო ორატორი და საუკეთესო თემის ავტორი. პირველად საუკეთესო თემის ავტორი დაასახელეს და ზაზას სახელი და გვარი რომ გავიგე, გულით გამიხარდა, რადგან მის მიმართ დადებითად განვეწყვე. ვფიქრობდი, რომ ძალიან დადებითი პიროვნება და კარგი მეგობარი იქნებოდა, რადგან მის საუბარში, თითქოს, გულწრფელობა შევნიშნე. მეორე ნომინაციაში გამარჯვებულად კი, ჩემთვის მოულოდნელად, მე დამასახელეს. მოულოდნელად, იმიტომ, რომ გამარჯვებას არ ველოდი, იმითაც კმაყოფილი ვიყავი, რომ კონკურსში მივიღე მონაწილეობა.
ზაზა: – ერთ რამეს მეც დავამატებ, როცა აუდიტორიას თემას ვაცნობდი, რომლის ერთ–ერთი წევრი ნუცაც იყო, თითქოს ყურადღებას ვგრძნობდი მისგან. ხოლო, როცა გამარჯვებულად დაგვასახელეს და გამარჯვებულებში გენდერული ბალანსი დაცული იყო, მე, როგორც მამაკაცმა, გადავწყვიტე, ნუცასთვის წარმატება მიმელოცა. ნუცამ ძალიან დიპლომატიურად გამიღიმა, ცოტა ცივადაც, თავის თავში დარწმუნებულმა ხელი ჩამომართვა და მომილოცა. სხვათა შორის, ჩემს მილოცვაზე მისი რეაქცია არ მესიამოვნა და გულში ჩავიდე. მოგვიანებით, კონფერენციის დამთავრების შემდეგ, როცა ყველანი ეზოში ჩავედით, სასულიერო სემინარიის სტუდენტები ერთად ვიდექით და დავინახე, რომ გაღიმებული ნუცაც ეზოში მოდიოდა თავის ჯგუფელებთან ერთად. მე მის ღიმილს ზურგი ვაქციე, ეს იყო ჩემი რექაცია, თუ სამაგიერო მის ცივ მოლოცვაზე. ამის შემდეგ, საკმაოდ დიდი დრო გავიდა და არანაირი ურთიერთობა არ გვქონია. მერე, ისევ კონფერენციაზე შევხვდით ერთმანეთს, რომელსაც მე ვუძღვებოდი და მონაწილეთა ამოკითხვისას ნუცაც გამოვაცხადე, სხვათა შორის, მისი გვარი შეცდომით, შარვაძედ წავიკითხე.
ნუცა: – ზაზა მეც ვიცანი, კულისებში მივდიოდი, რომ კონფერენციის ერთ–ერთი ორგანიზატორი მეუფესთვის ჩემი თემა გადამეცა და უცებ დავინახე ზაზა, რომელიც წინა კონფერენციიდან კარგად მახსოვდა. ნუცა, როგორ ხარო, მკითხა. ძალიან გამიკვირდა, რადგან, სამწუხაროდ, მისი სახელი აღარ მახსოვდა, თუმცა, ძალიან კარგად ვიცანი, ვინც იყო. ამის შემდეგ კი, ისე მოხდა, რომ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში მოვხვდით ერთად, რომელიც სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტებს შორის ურთიერთობას ემსახურებოდა და აქ დავახლოვდით. საბოლოოდ, წლისა და სამი თვის შემდეგ მივხვდით, რომ ერთმანეთი გვიყვარდა. სხვათა შორის, სანამ ჩვენ ამ დასკვნამდე მივიდოდით, გარშემომყოფები იმას ამბობდნენ, რომ ნუცა და ზაზა შეყვარებულები არიანო.
ზაზა: – ჩვენს ურთიერთობაზე გარშემომყოფების დამოკიდებულებამაც ძალიან დიდი გავლენა იქონია. მაშინ, როდესაც ჩვენ კარგი მეგობრები ვიყავით, ისინი თვლიდნენ, რომ უკვე სიყვარული გვაკავშირებდა. იქედან გამომდინარე, რომ ადამიანი, გადაწყვეტილების მიღებამდე, ინტერესდები, გარშემომყოფები რას ფიქრობენ, რას ამბობენ შენზე, ესე იგი, მათ აზრს გარკვეული გავლენა აქვს შენს საქციელზე. ჰოდა, ჩვენი მეგობრების განწყობამ, დამოკიდებულებამაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩვენი ურთიერთობის ამგვარად წარმართვაზე.
– ოჯახის შექმნა დიდ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. არ გაგიჭირდათ გადაწყვეტილების მიღება?
ნუცა: – როცა გვერდით გყავს ადამიანი, რომელზეც ფიქრობ, რომ კარგად გიგებს, ენდობი, კარგად იცნობ, ამ შემთხვევაში არ გიჭირს გადაწყვეტილების მიღება, რადგან გარკვეული დროის განმავლობაში, ჩვენი ურთიერთობა შესაძლოა უფრო გაზრდილიყო ან პირიქით, დაგვეკარგა ერთმანეთი, ამიტომ გადავწყვიტეთ, მეორე ვარიანტი გამოგვერიცხა და ოჯახი შეგვექმნა. ზაზას, როგორც იტყვიან, ხუთი თითივით ვიცნობდი. ერთსა და იმავე მოვლენაზე ერთნაირი აზრი გვქონდა. თუ ახლობელი რამეს გვკითხავდა, რასაც მე ვფიქრობდი, ისიც იმავეს ამბობდა. მოგვიანებით კი, საკმარისი იყო თვალებში შემეხედა და ვიცოდი, რაზე ფიქრობდა.
ზაზა: – პასუხისმგებლობას კარგად ვათვითცნობიერებდი. უნივერსიტეტის გარდა, სასულიერო სემინარიაც მაქვს დამთავრებული და იქ მიღებული ცოდნის წყალობით, მე ოჯახს ქრისტიანულ ჭრილში ვხედავდი. კარგად მესმოდა ოჯახის, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტის, როლი, რომელშიც ადამიანების შეკავშირება უფლის ნებით ხდება, სადაც იღზრდებიან შვილები და ბუნებრივია, ჩემი მხრიდან პასუხისმგებლობა იყო დიდი, ისევე, როგორც სიყვარული. ჩვენი ურთიერთობის განმავლობაში ერთმანეთი ბოლომდე გავიცანით და 2008 წლის 11 ნოემბერს დაოჯახება გადავწყვიტეთ.
– ნუცა, ზაზა გამოგიტყდათ სიყვარულში, თუ ურთიერთობამ მიგახვედრათ და შეგაჩვიათ მის გრძნობას?
– მითხრა, რომ ვუყვარდი. ჩვენი გაცნობიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 22 დეკემბერს (ეს საეკლესიო დღესასწაულია), ამ დღეს მე და ზაზა ერთად ვიყავით, პროექტზე ვმუშაობდით და სრულიად მოულოდნელად მითხრა, მიყვარხარო. რა თქმა უნდა, ამ ადამიანისგან სიმპათიას ყოველთვის ვგრძნობდი, კომპლიმენტიც უთქვამს, მაგრამ ვერ ვიფიქრებდი, რომ გრძნობა, რომელიც ამას ალაპარაკებდა, სიყვარული იყო. ყველაფრის მიუხედავად, დაფიქრება მჭირდებოდა და ამისთვის ზაზამ მომცა დრო. მეც დავფიქრდი და გადავწყვიტეთ, რომ ერთად ვყოფილიყავით.
– უკვე სამი წელია ოჯახი შექმენით. შეიცვალა თქვენი ურთიერთობა?
ზაზა: – ოჯახისა და ოჯახური ურთიერთობის მხოლოდ ემოციების დონეზე განხილვა არაფრით შეიძლება. არავის უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ოჯახი დაუსრულებელი თაფლობის თვე იქნება. ადამიანს კარგად უნდა ესმოდეს ის გამოწვევები, პრობლემები, რაც თანაცხოვრების მანძილზე შეხვდებათ. ჩვენც, ალბათ, ისევე, როგორც სხვა ოჯახებში, ვცდილობთ, სიყვარულით გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებსა და პრობლემებს. არის საკითხები, რომლებზეც განსხვავებული შეხედულებები გვაქვს და ამაზე ვმსჯელობთ ხოლმე. როცა ადამიანი ოჯახის შექმნის პასუხისმგებლობას იღებ თავზე, იმ გამოწვევებზეც უნდა აიღო პასუხისმგებლობა, რაც დაქორწინებულს გელის წინ. წყვილის ურთიერთობა არ უნდა იყოს სხვაზე დამოკიდებული, თუ დამოუკიდებლობის შენარჩუნების უნარი არ გაქვს, ოჯახი არ უნდა შექმნა.
– გყავთ შვილი. შეგცვალათ მშობლის ამპლუამ?
ნუცა: – ხშირად მსმენია გოგონებისგან, შვილის დანახვისას ვერ გავაცნობიერე ინსტინქტები, სამი თვე დამჭირდა, ბავშვი რომ შემყვარებოდა და მსგავსი რაღაცები. მე, მაგალითად, შემიძლია ვთქვა, რომ დამიანეს მიმართ ერთნაირი გრძნობა მქონდა მის დაბადებამდეც და დაბადების შემდეგაც. თავიდანვე მივხვდი, რას ნიშნავდა ეს პატარა ადამიანი ჩემთვის, ამიტომ ყველა ქალს ვურჩევდი, რომ ცხრა თვის განმავლობაში იფიქროს იმ პერიოდზე, რომელიც ბავშვის დაბადების შემდეგ დაიწყება. დედობა ქალს ძალიან ცვლის და მეც ხშირად ვფიქრობ ამაზე, მაგრამ ჩემ თავს რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებას ვერ ვამჩნევ. მე თვითონ ვგრძნობ, რომ ადრე, სამსახურში ყოფნისას, საქმეს უფრო სწრაფად ვაკეთებდი. ახლა, მეტი დრო მჭირდება სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, რადგან ვფიქრობ ადამიანზე, რომელსაც ძალიან ვჭირდები. ყოველთვის მეჩქარება სახლში მისვლა, ერთი სული მაქვს, დამიანეს როდის ვნახავ ხოლმე.
ზაზა: – დედობა ქალში ბევრ რამეს ცვლის. დედობრივი განცდა უფრო ჰუმანურსა და მზრუნველს ხდის ადამიანს, მაგრამ ეს თვისებები ნუცას დედობამდეც არ აკლდა. მეც შევიცვალე, გარკვეულწილად. მამობა მაშინ განვიცადე, როცა სამშობიაროდან გამოგვყავდა ბავშვი. თქვენ არ იცით, როგორი ამაყი ვიყავი, დაბადების მოწმობას რომ ჩავხედე და წავიკითხე – დამიანე გაბუნია. მივხვდი, რომ ადამიანს ბევრი შვილი შეიძლება გეყოლოს, მაგრამ სულ სხვანაირი გრძნობაა, როცა დოკუმენტზე ხედავ, რომ ცხოვრებაში ახალი სტატუსი გაქვს. ჩემთვის ეს ძალიან ღირებულია, ამ მოვლენის შემდეგ, დიდ სიხარულსა და განცდებთან ერთად, 2010 წელს კიდევ რაღაც დაემატა ჩემს ბიოგრაფიას – ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი, რომელიც ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე ორი სიტყვაა.
ნუცა: – მახსოვს, ზაზამ ბავშვი პირველად რომ ნახა, თვალზე ცრემლი მოადგა. ეს მომენტი არასდროს დამავიწყდება, რადგან მაშინ მის თვალებში ბევრი რამე ჩანდა და ბევრი რამის წაკითხვა შეძლებოდა.
ზაზა: – მჯერა ერთი რამის, ცხოვრებაში ყველაფერი დროს ემორჩილება, ამიტომ ადამიანებს ხშირად უნდა ვაგრძნობინოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის მისი არსებობა. რამდენად მნიშვნელოვანი შენთვის, რომ ხარ მისი მეუღლე, მამა და ა.შ. შეიძლება ეს იდეალურად არ გამოგდიოდეს, მაგრამ მთავარია, ამ ყველაფერს აცნობიერებდე.
– ვინ შეარჩია ბავშვის სახელი?
ზაზა: – სახელი ორივეს ძალიან მოგვწონს. სანამ შვილი შეგვეძინებოდა, სამსახურიდან ლიტვაში ვიყავი წასული და დაბრუნების დროს, აეროპორტში დავინახე პატარა ბავშვი დედასთან ერთად. ბავშვის დედა გერმანელი იყო, მამა ქართველი ჰყავდა. როცა ბავშვის სახელი ვიკითხე და პასუხად, დამიანე მივიღე, იმდენად მომეწონა, რომ გადავწყვიტე, შვილისთვის დამერქმია. თან, დავით აღმაშენებლის შვილს, მეფე დემეტრე |–ს ერქვა დამიანე, რომელმაც არაჩვეულებრივი გალობა – შენ ხარ ვენახი – დაგვიტოვა.
ნუცა: – ჩემთვისაც განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა ამ სახელს, ერთ–ერთი მოძღვრის შვილს ერქვა, რომლისთვისაც მე ხშირად ვლოცულობდი. ეს სახელი ორივესთვის მოსაწონი აღმოჩნდა. თან, გინეკოლოგმა მითხრა, რომ ბავშვი 23 მაისს მეყოლებოდა, სახლში მოსულებმა გადავამოწმეთ რომელი წმინდანის სახელის ხსენების დღე იყო 23 მაისი და აღმოჩნდა, რომ ძველი წესით, ეს იყო წმ. დამიანეს ხსენების თარიღი.
– ისე, რომელს უფრო მეტად გგავთ დამიანე?
ზაზა: – მე თავს ვიმშვიდებ ხოლმე და ვამბობ, რომ მე მგავს, მაგრამ ობიექტურად თუ შევაფასებთ, ნუცას უფრო ჰგავს. ბავშვები, ჩამოყალიბებამდე ძალიან ბევრჯერ იცვლიან იერს. იყო პერიოდი, როცა დამიანე მე მგავდა ძალიან, ახლა, ნუცას ჰგავს. ძალიან მოძრავი ბავშვია. როგორც მშობლებს, სულ რაღაც თერთმეტთვიანი გამოცდილება გვაქვს და მისი ყველა საქციელი გვიკვირს და გვიხარია. მიუხედავად იმისა, რომ თავისი აქტიურობით ხანდახან გვღლის ხოლმე, უდიდესი ბედნიერებაა, შენთან გენეტიკურად დაკავშირებულ არსებას რომ უყურებ.
– მისი აღზრდის საკითხში როგორ ინაწილებთ მოვალეობებს?
ზაზა: – ჯერ ცოტა პატარაა იმისათვის, რომ რამეზე კატეგორიული უარი უთხრა ადამიანმა, თუ გამაბრაზებს, ხელში ავიყვან, თვალებში ჩავხედავ და ვეუბნები: ერთ წლამდე გაქვს ასეთი რაღაცების კეთების უფლება, მაგრამ მერე აღარ გექნება–მეთქი.
ნუცა: – ძალიან კარგად ესმის ყველაფერი, რასაც ვეუბნებით. მინდა აღვნიშნო, რომ ზაზა ძალიან მეხმარება ბავშვის გაზრდაში. როცა სამსახურიდან მე უფრო გვიან მიწევს სახლში მისვლა, ვიდრე ზაზას, მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, რომ ბავშვს მამა მიხედავს და თანაც ძალიან კარგად. ძალიან უყვარს მამიკოსთან დაძინებაც.
ზაზა: – ერთხელ, ნუცა რამდენიმედღიან ტრეინინგზე იყო საზღვარგარეთ წასული და მარტოს მომიწია დამიანეს მოვლა. მართალია, ბავშვს არაფერს ვაკლებდი – ღამის განმავლობაში რამდენჯერმე მასთან ერთად ვიღვიძებდი, ვაჭმევდი და ა.შ. მაგრამ ერთ კვირაში, როცა ნუცა ჩამოვიდა, უკვე იმ ჭკუაზე ვიყავი, რომ დაახლოებით ერთთვიანი დასვენება მჭირდებოდა. თუმცა, ყველაზე მეტად იმას ვგრძნობდი, რომ ეს იყო აუცილებლობა, რომელიც ჩემს შვილს სჭირდებოდა. ძალიან ბევრ მიზეზთან ერთად, ამის გამოც ვაფასებ ნუცას – მას ჩემზე გაცილებით ხშირად უწევს ბავშვზე სრული პასუხისმგებლობის აღება.
– როგორ გგონიათ, რა არის ბედნიერებისთვის აუცილებელი?
ზაზა: – გყავდეს ღმერთი… და რატომ… არ მინდა ქადაგებასავით გამომივიდეს, მაგრამ ჩვენ, ქრისტიან–დემოკრატებს, გვაქვს ასეთი იდეაფიქსი – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი… როგორც ერთ–ერთმა მოციქულმა თქვა: შუძლებელია გიყვარდეს ღმერთი, როცა არ გიყვარს ადამიანი. ანუ, თუ ის არ გიყვარს, ვისაც ხედავ, წარმოუდგენელია, ის გიყვარდეს, ვისაც ვერ ხედავ. მთავარია, გრძნობდე ბედნიერებას.
ნუცა: – მეც იგივეს ვიტყვი. მთავარი უფლის სიყვარულია.
– ბედნიერებისთვის რამე დაგითმიათ?
ზაზა: – ბედნიერება, ეს არ არის კარჩაკეტილი ცხოვრება. ეს კორპორატიული ქმედების შედეგია. როცა ადამიანი შენს სამყაროში იკეტები და გგონია, რომ იქ ჭედავ ბედნიერებას, ეს ფალსიფიკაციაა. ბედნიერი მხოლოდ სხვასთან ერთად შეიძლება იყო, მარტო მყოფი ბედნიერი არ არსებობს. შესაბამისად, ბედნიერების მისაღწევად სხვისი ინტერესის გათვალისწინებაც გვიწევს, რაც გარკვეულწილად, დათმობასთანაა დაკავშირებული. ვერ გეტყვით, რომ ჩემში ეგოიზმი არ არის, მაგრამ ბედნიერებისთვის ხშირად უნდა გააკეთო კონკრეტული რამ და მე ეს მესმის.
– სამწლიანი თანაცხოვრების გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორ გგონიათ, როდის შეიძლება ოჯახს ეწოდოს იდეალური?
ნუცა: – ოჯახში ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთგაგება. როცა ადამიანს კარგად უგებ და უსიტყვოდ გესმის მისი, ეს, ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ იდეალურ ოჯახურ გარემოს უახლოვდები.
ზაზა: – საერთოდ, იდეალური არაფერი არსებობს. სხვა საქმეა, იდეალურობისკენ სწრაფვა. სრულყოფის პროცესი დაუსრულებელია, ის ერთ წერტილზე არ ჩერდება. ოჯახის შემთხვევაში, ოჯახის წევრებმა –Ö ქმარმა, ცოლმა, ბავშვებმა უნდა ეცადონ, რომ ჰქონდეთ იდეალური გარემო ოჯახში. იდეალურობის მისაღწევი ფორმულა არ არსებობს, მთავარი მონდომებაა.
თეონა მჭედლიძე
კომენტარის დატოვება