ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ძალიან იშვიათი შემთხვევაა, როდესაც მეუღლეები ერთ პარტიაში მოღვაწეობენ. ამის მაგალითია თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, “ქრისტიან- დემოკრატიული” მოძრაობის წევრი ზაზა გაბუნია და მისი მეუღლე ნუცა შავლაძე, რომელიც ამ პარტიის მედიასთან ურთიერთობის მენეჯერია. წყვილი ჟურნალ “გუმბათს” თავიანთი სიყვარულის ისტორიაზე ესაუბრა.
– როგორ და სად გაიცანით ერთმანეთი?
ნუცა: ძალიან ბევრს ჰგონია, რომ ჩვენ ერთმანეთი პარტიაში გავიცანით, მაგრამ ასე არ ყოფილა. ჩვენ ერთმანეთი უნივერსიტეტში, სამეცნიერო კონფერენციაზე გავიცანით. კონფერენციის თემა იყო “ახალგაზრდების როლი საქართველოს განვითარებაში” და მასში, დაახლოებით, 20-მდე მომხსენებელი იღებდა მონაწილეობას. ამ კონფერენციაზე ორი გამარჯვებული უნდა გამოვლენილიყო: საუკეთესო თემის ავტორი და საუკეთესო ორატორი. ზაზა გახდა საუკეთესო თემის ავტორი, ხოლო მე – საუკეთესო ორატორი. ზაზა თავის მოხსენებას რომ კითხულობდა, მაშინ შევნიშნე და მომეწონა. კონფერენცია რომ დამთავრდა, ზაზა ჩემთან მოვიდა და გამარჯვება მომილოცა. მერე კი მეუბნებოდა, ცივად მიპასუხეო. მე ჩვეულებრივად გავესაუბრე, მას კი ცივად მოეჩვენა. ალბათ მეტ სითბოს ელოდა. “საპატრიარქოს უწყებანში” დაიბეჭდა ჩვენი გამარჯვების შესახებ და სწორედ მაშინ გავიგე, რომ ის ზაზა გაბუნია იყო. მაშინ ამით დამთავრდა ყველაფერი.
უნივერსიტეტში ძალიან აქტიური ვიყავი და რამდენიმე შემოთავაზება სტუდენტური თვითმმართველობიდანაც მქონდა, მათი წევრი რომ გავმხდარიყავი (ამჟამად მაგისტრატურას ვამთავრებ, მარტის თვეში დიპლომი უნდა დავიცვა), მაგრამ უარი ვუთხარი. მერე ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ არსებობდა ახალგაზრდული ორგანიზაცია “ახალგაზრდული ინიციატივა”, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა და ეკლესიის ფარგლებში მოქმედებდა. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი მეუფე სტეფანე გახლდათ, რომელიც ამჟამად სამების ეკლესიის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელია. მართლაც, სასულიერო სემინარიაში მეუფე სტეფანესთან წავედი, რომელმაც სამეცნიერო დარგის ხელმძღვანელად დამნიშნა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი სემინარიის კედლებში ხდებოდა, იქ ზაზა არ მინახავს. შემდეგ უნივერსიტეტში გამოცდები მქონდა და სემინარიაში ვერ დავდიოდი. ჩემი იქ არყოფნის დროს, ზაზა ორგანიზაციაში მოვიდა და “ახალგაზრდული ინიციატივის” თავმჯდომარე გახდა. არც ამ დროს შევხვედრილვართ ერთმანეთს. ერთხელაც, მეუფემ დამირეკა და მითხრა, რომ ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, კონფერენცია ტარდებოდა და მოხსენების წაკითხვა მთხოვა. როდესაც სემინარიის კიბეებზე ავდიოდი, ვიღაც ბიჭი კიბეზე ჩამოდიოდა, მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ მან მომიკითხა. რომ შევხედე, ჩემ წინ ზაზა იდგა. მეც მოვიკითხე, მაგრამ სახელი არ მახსოვდა. მერე კონფერენციაზე ზაზამ ჩემი გვარი შეცდომით გამოაცხადა. კონფერენციის შემდეგ, მსვლელობა გვქონდა დედაენის ძეგლთან, ბოლოს, სახლში რომ მოვდიოდი, ზაზა გამომელაპარაკა და ორგანიზაციაში “ახალგაზრდული ინიციატივა” გაწევრიანება მთხოვა. როდესაც გაიგო, რომ უკვე გაწევრიანებული ვიყავი, ძალიან გაუხარდა. აქედან დაიწყო ჩვენი მეგობრობაც და ურთიერთობაც.
– როდის გააცნობიერეთ, რომ ნუცა მეგობარზე მეტი იყო?
ზაზა: ეს იყო პირველივე შეხვედრის დროს, ანუ 2005 წლის 20 დეკემბერს, როდესაც ნუცამ თავის მოხსენება წაიკითხა. დარბაზში რომ ვისხედით, მაშინ შევამჩნიე და მომეწონა. თუმცა, ეს მოწონება ისეთი არ იყო, რომ მასზე ფიქრი დამეწყო. კონფერენციის შემდეგ, როგორც გამარჯვებულს, გამარჯვება მივულოცე, მაგრამ ცივად მიიღო ჩემი მილოცვა. ეს გულში ჩავიდე და ეზოში ჩავედი. როდესაც ნუცა ეზოში ჩამოვიდა და დაგვემშვიდობა, ახლა მე დავემშვიდობე ცივად.
ნუცა: მე ეს არ შემიმჩნევია.
– ნუცამ საუბრისას აღნიშნა, რომ კონფერენციაზე მისი გვარი შეცდომით გამოაცხადეთ. ეს შეგნებულად გააკეთეთ?
ზაზა: არა. ეს შემთხვევით მოხდა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ურთიერთობა ძალების მოსინჯვით დაიწყო.
– ნუცას რომ დაშორდით, მერე თუ ფიქრობდით მასზე?
ზაზა: არა. მასზე არც პირველი და არც მეორე შეხვედრის დროს ვფიქრობდი. მაშინ მომეწონა და მორჩა. მაგრამ მასზე ფიქრი მას შემდეგ დავიწყე, როდესაც ჩვენი ურთიერთობა და მეგობრობა დაიწყო. მანამდე მხოლოდ მომწონდა, მაგრამ ფიზიკურად ვერ ვხვდებოდი. ამ ურთიერთობებმა ჩვენ ხშირად შეგვახვედრა, კვირაში სამჯერ მაინც ვხვდებოდით ერთმანეთს. შესაბამისად, მისდამი სიმპათიამ გარკვეული ფორმა მიიღო. შემდეგ ეს ფორმა გრძნობაში გადაიზარდა. არ მინდოდა, ჩვენი ურთიერთობები მხოლოდ ფლირტის დონეზე შენარჩუნებულიყო და სერიოზული ნაბიჯი გადავდგი. ძალიან სწრაფად გავაცნობიერე, რომ ამ ადამიანთან მინდოდა ოჯახის შექმნა.
– წინააღმდეგობები არ გქონიათ?
ზაზა: კი, წინააღმდეგობები იყო. თუნდაც ის, რომ მაშინ სხვა გოგონას მიმართ მქონდა ინტერესი, თუმცა, არ მყვარებია. იმ გოგონას ეგონა, რომ არჩევანს მასზე შევაჩერებდი, მაგრამ შეცდა. მასთან ერთად სხვა გოგონებიც გაწბილდნენ, რადგან ბევრს ეგონა, რომ მასზე შევაჩერებდი არჩევანს. აღმოჩნდა, რომ ჩემმა არჩევანმა გული ბევრს ატკინა. ნუცას მიმართ უფრო ძლიერი დამოკიდებულება გამოჩნდა, ვიდრე სხვის მიმართ.
– რატომ შეაჩერეთ არჩევანი ნუცაზე, რითი გამოირჩეოდა ის სხვებისგან?
– საერთოდ, საპირისპირო სქესის მიმართ არჩევანს ღირებულებების გამო აკეთებენ. არასდროს მომწონებია გოგონა, რომელიც ჩემს შეხედულებებს ეწინააღმდეგებოდა. ნუცას შემთხვევაში სამი რამ გავითვალისწინე: ჯერ ერთი, ის, რომ ნუცას გაცნობიერებული ჰქონდა, თუ რა იყო ოჯახი; მეორეც, ძალიან მომწონდა და პატივს ვცემდი ნუცას ოჯახს; მესამე და მთავარი იყო ის, რომ ნუცა ყოველთვის ძალიან კარგი მეგობარი იყო. ამას ჩვენს სამეგობროშიც ყველა აღნიშნავდა.
– ანუ ეთანხმებით იმ აზრს, რომ წყვილი მეგობარიც უნდა იყოს.
ნუცა: კი. როცა ცოლ-ქმარი მხოლოდ მეუღლეები არიან, ცხოვრებისეულმა პრობლემებმა შეიძლება სიყვარული შთანთქას, ხოლო თუ მეგობრებიც არიან, მაშინ პრობლემებს უფრო ადვილად გაუმკლავდებიან.
ზაზა: კი, ნუცას ვეთანხმები, მაგრამ სიყვარულს არაფერი შთანთქავს. თუ ჭეშმარიტი გრძნობაა, მაშინ ის ძალიან ბევრ რამეს განაპირობებს. წყვილს შორის სიყვარული და მეგობრობა ერთმანეთთან კავშირშია. თუ მხოლოდ სიყვარული არსებობს და მეგობრობა არა, ეს მხოლოდ ფორმალურია. მაგრამ თუ ორივეა, მაშინ სულ სხვა სიტუაციაა. მეგობარმა მეგობრის შესახებ ყველაფერი იცის, ანუ შენ შენი მეუღლის ყველაფერი იცი და ურთიერთობაც ადვილია. ამავდროულად, მეგობრობა ყოველდღიურობაშიც გეხმარება და სიყვარულთან ერთად, ყოველდღიურ პრობლემასაც ადვილად გადალახავთ.
– ზაზას, როგორც მამაკაცს და არა როგორც მეგობარს, როდის შეხედეთ?
ნუცა: ამაზე არასდროს დავფიქრებულვარ. ჩვენ ძალიან კარგად ვმეგობრობდით, მაგრამ რაღაცა პერიოდის შემდეგ, მივხვდი, რომ მარტო მეგობრობა არ “უხაროდა”, რაღაც იყო, მაგრამ რა, ეს არ ვიცოდი. სიმართლე გითხრათ, ასე სწრაფად სიყვარულის ახსნასაც არ ველოდი.
– სიყვარული როგორ აუხსენით?
ზაზა: ლესელიძის ქუჩაზე რომ მივდიოდით, დავუჩოქე და სიყვარული ავუხსენი. მახსოვს, ჟრუანტელმა ორივეს ერთად დაგვიარა. მაშინ ასე კარგად არ მიცნობდნენ, როგორც დღეს. დღეს, ჩემს თავს ქუჩაში დაჩოქების უფლებას ვერ მივცემ. თუმცა, სიყვარულში ასეთი ელემენტები უნდა იყოს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ რომანტიკული არ ვარ.
ნუცა: ეს მოხდა 22 დეკემბერს. მანამდე თაყვანისმცემლებიც მყავდა და სიყვარულიც ბევრს აუხსნია, მაგრამ ისეთი სიხარული, როგორიც ზაზას სიყვარულის ახსნის შემდეგ დამეუფლა, არასდროს მქონია. ზაზამ იმ დღეს ღვთისმშობლის მოულოდნელი სიხარულის ხატი მაჩუქა.
– სიყვარული რომ აგიხსნათ, მაშინვე უთხარით პასუხი?
ზაზა: პასუხი მაშინვე მივიღე.
ნუცა: პასუხი მაშინვე არ მითქვამს. ეს ჩემთვის იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პასუხი მოგვიანებით ვუთხარი. დაახლოებით ერთი თვე დამჭირდა იმისთვის, რომ ჩემს გრძნობებში გავრკვეულიყავი. როგორც კი მივხვდი, რომ ზაზა მეგობარზე მეტი იყო, მაშინვე ვუთხარი პასუხი.
– რამდენი ხანი იყავით შეყვარებულები და როგორი იყო ზაზა შეყვარებულობის პერიოდში?
ნუცა: ჩვენი შეყვარებულობის პერიოდმა დაახლოებით 2 წელს გასტანა. რაც შეეხება ზაზას, ის ჩვეულებრივი იყო. იმ პერიოდში ძალიან დაკავებული იყო და სასიყვარულო ურთიერთობებისთვის დროც არ გვრჩებოდა.
– ყველაზე მეტად ერთმანეთში რა მოგწონთ?
ნუცა: გულწრფელობა. როდესაც ადამიანი შენთან ურთიერთობაში გულწრფელია, ეს იმას ნიშნავს, რომ შეგიძლია ყველაფერში ენდო და ყველაფერში მისი იმედი გქონდეს.
ზაზა: ნუცას ოჯახის მიმართ დიდი პასუხისმგებლობა აქვს, შემიძლია ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ სიტუაციაში მას დავეყრდნო და მისი იმედი მქონდეს. ამავდროულად, ძალიან აქტიური და შრომისმოყვარეა.
– ხელის სათხოვნელად ვისთან ერთად მიხვედით?
ზაზა: ჩემთან ერთად იყო ჩემი მეგობარი ალეკო გაბუნია (ახლა ჩემი მეჯვარეა), რომლის იქ ყოფნამ ძალიან გამამხნევა. მიუხედავად იმისა, რომ ნუცას მშობლებთან და ძმასთან ვურთიერთობდი და მათი ხასიათი კარგად ვიცოდი, ჩემთვის ნუცას ხელის თხოვნა არც ისეთი ადვილი იყო. მახსოვს, როდესაც ვესაუბრებოდი, მათ სახეებზე სხვანაირმა სიხარულის ღიმილმა გადაირბინა. ალბათ მეც ასე გამეღიმება, როდესაც ჩემი ქალიშვილის (თუ ღმერთი გოგონას გვაჩუქებს) ხელის სათხოვნელად მოვლენ.
– ნუცას ძმამ როგორ მიგიღოთ?
ნუცა: მე და ჩემს ძმას ყოველთვის განსაკუთრებული და-ძმობა გვქონდა. არაფერი დამიმალავს მისთვის და ისიც ჩემ მიმართ ყოველთვის გულწრფელია. გიორგი ჩემზე უფროსია და ყოველთვის ზრუნავდა ჩემზე, ახლა კი მზრუნველი ბიძაა. ამიტომ გიორგისთან არანაირი დაბრკოლება არ მქონია, პირიქით, წამახალისა კიდეც და მშობლები ზაზას მოსასვლელად შევამზადეთ.
ზაზა: სანამ ნუცას სათხოვნელად მივიდოდი, მის ძმას ვიცნობდი. 2008 წლის აგვისტოში ნიშნობა გვქონდა, ხოლო 11 ნოემბერს ჯვარი დავიწერეთ.
ნუცა: ნიშნობის შემდეგ ორი-სამი თვე დანიშნულები ვიყავით, მერე კი ძალიან ტრადიციული ქორწილი გადავიხადეთ. ზაზას თეთრი ჩოხა ეცვა, ხოლო მე – ქართული კაბის სტილში შეკერილი კაბა.
ზაზა: სხვათა შორის, ჩოხა არა მხოლოდ მე მეცვა, არამედ ყველა ჩემს მეგობარს, დაახლოებით 20-30 ადამიანს.
– ჯვარი რომელ ეკლესიაში დაიწერეთ?
ნუცა: ჯვარი საგურამოში, ილია მართლის სახელობის ეკლესიაში დავიწერეთ, სუფრა კი მცხეთაში გვქონდა გაშლილი. დაახლოებით 100 კაცი იყო ჩვენს ქორწილში.
– საქორწინო მოგზაურობაში სად წახვედით?
ნუცა: ქორწილის შემდეგ, იმავე ღამეს, პირდაპირ საქორწინო მოგზაურობაში – ჩეხეთში წავედით. რამდენიმე დღით ვიყავით კარლოვი ვარში, შემდეგ კი პრაღაში წავედით. ასევე, გვქონდა ტურები, ვენაში წავედით და ღირსშესანიშნაობები დავათვალიერეთ.
– “ქრისტიან-დემოკრატების” წევრებმა რა გაჩუქეს?
ზაზა: ფულადი დახმარება არ ყოფილა და არც ველოდით. ცალკეულმა ადამიანებმა საჩუქრები გაგვიკეთეს, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი ორი საჩუქარი იყო: ერთი გიორგი თარგამაძის მიერ ნაჩუქარი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ულამაზესი ხატი, რომელიც სახლში გამოსაჩენ ადგილზე გვიკიდია, მეორე კი – არქიდიაკვან დემეტრეს მიერ ნაჩუქარი სახარება. ეს სახარება ნუსხურ-ხუცურად არის დაწერილი და საოცრად ლამაზად არის მოხატული.
– ნუცა, სად გაიცანით სადედამთილო?
– ზაზას დედა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მეგობრის დედა, ისე გავიცანი. ეს მოხდა სამების ეკლესიაში. მიუხედავად იმისა, რომ მეგობრის დედა იყო, ამ საკითხს მაინც მორიდებითა და მოწიწებით მივუდექი. ალბათ ზაზას დედამ იცოდა, რომ მის შვილს ჩემ მიმართ განსაკუთრებული სიმპათიები ჰქონდა და განსხვავებულად შემომხედა, უფრო თბილად მიმიღო და ჩემზე სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა. როდესაც შეყვარებულები ვიყავით, იყო სირთულეები, მაგრამ მისი ოჯახის მიმართ ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი. სულ ვფიქრობდი, ზაზასთან ურთიერთობა რომ დამთავრდეს, ასეთი ოჯახის შვილს კიდევ თუ შევხვდები-მეთქი. ასეთი კარგი ადამიანების დაკარგვა მენანებოდა, ჩემი და ზაზას ურთიერთობა წარმატებული თუ არ აღმოჩნდებოდა.
– ზაზას მშობლებს როგორ მიმართავთ?
ნუცა: დედა და მამა ერთადერთია, ამიტომ მათ განსაკუთრებული ადგილი აქვთ. ზაზას მშობლებს სახელებით მივმართავ.
ზაზა: რატომ უნდა დაუძახოს დედა იმას, ვინც დედა არ არის? ეს არაბუნებრივია. ამას არც მე ვითხოვ და არც დედაჩემი. ჩემი აზრით, უკეთესია, სახელით მიმართო და მის მიმართ სითბო და პატივისცემა გამოიჩინო, ვიდრე დედა დაუძახო და მის მიმართ არაფერს გრძნობდე. ნუცას მშობლებს მეც სახელებით მივმართავ, მაგრამ მათ მიმართ ძალიან თბილი დამოკიდებულება მაქვს.
– მშობლებთან ცხოვრობთ თუ ცალკე?
ნუცა: ცალკე ვცხოვრობთ.
ზაზა: თანაცხოვრების პირველი ერთი წელი ნუცას მშობლებთან ახლოს ბინა ვიქირავეთ და ქირით ვცხოვრობდით. მერე ნუცას მშობლებმა ძალიან დიდი საჩუქარი გაგვიკეთეს და ბინა გვიყიდეს. სანამ ბინას ჩვენი გემოვნებით ვარემონტებდით, ნუცას მშობლებთან გადავედით საცხოვრებლად. თან ნუცა ფეხმძიმედ იყო. როგორც კი სარემონტო სამუშაოები დასრულდა, მაშინვე ჩვენს ახალ ბინაში გადავედით. ჩემი აზრით, თუ წყვილს საშუალება აქვს, ცალკე უნდა იცხოვროს.
– შვილს დამიანე ვის პატივსაცემად დაარქვით?
ზაზა: დიდი ქართველი მეფის, დემეტრე I-ის პატივსაცემად დავარქვით ეს სახელი. დავით აღმაშენებლის უფროსი ვაჟი დემეტრე I როდესაც ბერად აღიკვეცა, მას დამიანე ეწოდა. სწორედ მისი დაწერილია შესანიშნავი საგალობელი – “შენ ხარ ვენახი”.
– მშობიარობას დაესწარით?
– კი. ეს ნუცას სურვილიც იყო. სხვანაირად არც მე შემეძლო.
– ფინანსებზე რას გვეტყვით?
ზაზა: მადლობა ღმერთს, რომ დამოუკიდებელი ფინანსური შესაძლებლობებით მოვკიდეთ ოჯახს ხელი. თუ ოჯახში ფინანსური მხარე არ არის, პრობლემები ბუნებრივად იჩენს თავს. ეს ფუნდამენტური საკითხია. ნურავინ იტყვის, თუ სიყვარულია, ჩვენ ფულის გარეშეც ბედნიერები ვიქნებითო, ეს ასე არ არის. ადამიანს თავისი შემოსავალი უნდა ჰქონდეს. ძალიან კარგია, ნუცას თავისი შემოსავალი რომ აქვს.
– ხელფასს რომ იღებთ, ნუცას ფულს აძლევთ?
– არა. სწორად არ მიმაჩნია, კაცმა მეუღლეს მთელი ხელფასი რომ უნდა მისცეს. კომუნალურ გადასახადებს მე ვიხდი, პროდუქტების საყიდლად ერთად დავდივართ, მთელი თვის ძირითად პროდუქტს ერთად ვყიდულობთ. დანარჩენ თანხას კი შესაბამისად ვხარჯავთ.
– როგორი დიასახლისია ნუცა?
ზაზა: თავიდან სულ რამდენიმე კერძის მომზადება იცოდა, მაგრამ მერე თანდათან ყველაფერი ისწავლა, ახლა ნამცხვრებსაც აცხობს. ჩემი აზრით, ქალი იმისთვის არ თხოვდება, რომ მხოლოდ კერძები მოამზადოს.
– როცა თავისუფალი დრო გაქვთ, სად გიყვართ ერთად დასვენება?
ზაზა: სახლში. ძალიან გვიყვარს რეზო გაბრიაძისა და მარჯანიშვილის თეატრში სიარული. რაც შეეხება დასვენებას, ნუცას ძალიან უყვარს ბაკურიანი და ზამთარშიც და ზაფხულშიც ვცდილობთ იქ წასვლას. ნუცას ოცნებაა, ბაკურიანში ბინა შეიძინოს.
– მეუღლე ამ ოცნებას შეუსრულებს?
– ვნახოთ, ყველაფერი წინაა.
ლია ოსაძე
დატოვე კომენტარი