ზაზა გაბუნიას პასუხი კობა დავითაშვილს
დღეს, გაზეთ “ვერსიაში” გამოქვეყნდა ჩემი ინტერვიუ, სადაც თქვენ როგორც პოლიტიკოსს, საკრებულოს დეპუტატს ბრალს გდებთ იმგვარ ქმედებებში, რომელმაც თბილისის საკრებულოში მყოფი პოლიტიკური ოპოზიციური ძალების ზეწოლა ხელისუფლებაზე შეასუსტა, რამაც მმართველ პარტიას საშუალება მისცა ერთის მხრივ სრულიად არასოციალური და მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ბიუჯეტი მიეღო, მეორეს მხრივ ამ აქტს ჯაჭვივით მოჰყვა მთელი რიგი სრულიად გაუმართლებელი ღონისძიებებისა, რომელიც მომსახურების სფეროზე და სხვადასხვა პროდუქტზე ფასების ზრდაში აისახა. ამას მოჰყვა სრულიად ალოგიკური გადაწყვეტილებები ტარიფების გაერთიანების, გაზრდის და გამრავალფეროვნების სახით. ამ საკითხებში კი პირდაპირ და ირიბად თქვენ მიგიძღვით ბრალი ბატონო კობა. პირდაპირ იმით, რომ სწორედ თქვენ იყავით იმ ერთადერთი ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარე, რომელმაც 2011 წლის ბიუჯეტს მხარი დაუჭირა. ირიბად კი იმით, რომ ამ ქმედებით შეასუსტეთ ოპოზიციის ზეწოლა ხელისუფლებაზე.
თუმცა, თქვენ ამ კონკრეტულ ბრალდებებზე პასუხის გაცემა არ ისურვეთ და თქვენთვის დამახასიათებელი ზედაპირულობით, ეცადეთ ჩემი სრულიად სამართლიანი, დოკუმენტურად გამყარებული ბრალდება უგულებელგეყოთ იმით რომ საუბარი დაიწყეთ, რომ თითქოს ინგა გრიგოლიას შეხვედრაზე “ზონდერების” მიერ ხელის შეშლის შემდეგ ერთადერთი იყავით ვინც მას მხარი დაუჭირეთ, რომ ქართულ პოლიტიკაში უფრო დიდი წონის ფიგურა ხართ და სხვა. არ მეგონა თუ ამგვარად ადუნებდა გრძნობებს იმის განცდა, რომ პიჯაკის და ქურთუკის ჯიბეები სავსე გაქვთ ნანატრი, მილიონის ღირებულების ბენზინის ბარათებით. თუმცა ეს იმაზე მეტია ვიდრე მოდუნება და ვიდრე რაიმეს დავიწყება. ეს უსინდისობაა, რადგან თქვენ მშვენივრად იცით, რომ იმავე შეხვედრაზე, როცა “ზონდერებმა” ინგას შეხვედრის მსვლელობაში ხელი შეუშალეს, მეც ვიმყოფებოდი. მეტიც, განცხადება, რომელსაც თქვენ მხარდამჭერს უწოდებთ, ჩემი, ინგასი და ჯაბა სამუშიას ორგანიზებული იყო. თუმცა, თქვენთვის ფაქტებს რა ფასი აქვს?!. და ვერც ექნება, რადგან “ფასის” ცნება თქვენთვის მხოლოდ მატერიალურ განსაზღვრებებს თუ მიესადაგება მხოლოდ, ხოლო სიმართლე ისეთივე აბსტრაქცია და ქიმერაა თქვენთვის, ბატონო კობა, როგორც მაგალითად მოთხოვნა, რომლის სანაცვლოდ ხმა მიეცით თბილისელების საწინააღმდეგო ბიუჯეტს. მოთხოვნა რომელიც არ შესრულდა, მეტიც არ მოიკითხეთ თუ რატომ არ შესრულდა. და თქვენი მეორე “არგუმენტი”, რომლითაც ცდილობთ წარმოაჩინოთ რომ თქვენ ჩემზე დიდი წონა გაქვთ და ამიტომ დებატებში ჩემთან დაჯდომას არ იკადრებთ. სამართლიანობა მოითხოვს, პირველ რიგში ვთქვათ რომ თქვენი ეს განცხადება არის ილუსტრაცია რომ მეტისმეტად რეტროგრადული წარმოდგენა გაქვთ პოლიტიკაზე, თქვენს თავზე მეტისმეტად ნარცისულ წარმოდგენებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ასე პოლიტიკოსები არ იქცევიან. ასე, მხოლოდ თავს იძვრენენ ან ვერ იძვრენენ. თქვენ მეორე გერგოთ, რადგან კიდევ ერთხელ აჩვენეთ ხალხს, რომ თქვენ პოლიტიკოსთა სწორედ იმ პლეადის წარმომადგენელი ხართ, რომლებიც არც მეტი და არც ნაკლები, დასაქმებულები არიან პოლიტიკაში, რომელთა ამოცანა ყოფნაა და არა შექმნა. რა თქმა უნდა, თქვენ მძიმე წონა გაქვთ, რადგან მოქალაქეთა კავშირიდან ნაციონალურ მოძრაობაში, კოალიციიდან კოალიციაში, პარტიიდან პარტიაში სიარულით, არაფრის კეთებით, ხალხის ინტერესების უგულებელყოფით, პოლიტიკური კანი სქელდება და უხეშდება, წონაც იმატებს და ფიგურაც დეფორმირდება.
მე კი, სულ ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენმა მოქალაქეებმა ამირჩია, სულ რაღაც ორი წელია რაც პირდაპირი გაგებით პასუხისმგებლობა ავიღე საზოგადოების წინაშე და შემიძლია იმაზე მეტი გაკეთებული ჩამოგითვალოთ, ვიდრე თქვენ უბრალოდ გითქვამთ რომ კარგი იქნებოდა გაკეთებულიყო. თუმცა, ამ სინამდვილეს თქვენ ხომ ისედაც კარგად ხედავთ კვლევებსა და ხალხის განწყობაში რომელიც მოქალაქეების მხრიდან ნდობის თვალსაზრისით, დიდ სხვაობას აჩვენებს ჩვენს შორის, ჩემს სასარგებლოდ. ცოტა უხერხულია ჩემს მიერ ამაზე საუბარი, თუმცა რადგან გადაწყვიტეთ პოლიტიკურ წონაზე ტყუილი გეთქვათ, მე სიმართლეს ვიტყვი. არ მიკვირს, რომ მოიტყუეთ რადგან სწორედ ეგ სინამდვილე იყო ჩემი ბრალდების თქვენს მიერ პასუხად გასაღებული აბსურდის მიზეზი!
და ბოლოს, ამ გამოხმაურების დაწერა მართებულად მიმაჩნია, იმის მიუხედავად რომ ახლა ძალიან დაღლილი ვზივარ ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში, თბილისიდან ახლახან ჩამოსული. ამით იმის თქმა მინდა, რომ აუციელებლია ცივილიზირებული დიალოგი მათ შორის დაპირისპირირებულ პოლიტიკოსებს შორის, იმის მიუხედავად დაღლილები არიან თუ არა ისინი, არასერიოზულად უყურებენ თუ არა ერთმანეთს და სხვა. დაუშვებელია უგულებელყოფა და რაიმეს მიჩქმალვა, რადგან ჩვენ საზოგადოების წინაშე ვართ ვალდებული და თქვენ ნამდვილად გაქვთ ვალდებულება აუხსნათ ხალხს რატომ გადადგით გაუმართლებელი ნაბიჯი. აუცილებელია პოლიტიკოსებმა, მათი ასაკობრივი თუ ღირებულებითი სხვაობის მიუხედავად გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და სიმწიფე. და თუ ეს არ მოხდება, მაშინ არა მხოლოდ პოლიტიკური კლასი, არამედ საზოგადოების ინტერესებიც დაზარალდება.
ზაზა გაბუნია
ბათუმი
18 თებერვალი
2012 წელი
ოოოოოოოოო კაი რა მაგაზე იშლი ნერვებს