ქალბატონებო და ბატონებო!
გულითადად მოგესალმებით საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით, იმ ქვეყნისა და ხალხის სახელით, რომელსაც 3000 წელზე მეტი ხნის სახელმწიფოებრივი და 2000-წლოვანი ქრისტიანული ცხოვრების ისტორია აქვს. იგი მცირერიცხოვანი, მაგრამ მრავალეროვანი ქვეყანაა და, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენთან თითქმის არასდროს ყოფილა დევნა რელიგიური და ეთნიკური ნიშნით. ეს განაპირობა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ხალხის მოსიყვარულე ხასიათმა და, რა თქმა უნდა, ქრისტიანულმა რწმენამ, რომელსაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აღიარებს.
ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ აგვისტოს ცნობილი მოვლენების შემდეგ ზოგიერთი ცდილობს აგრესორად წარმოგვაჩინოს მაშინ, როდესაც სწორედ ქართული მოსახლეობა არის ცხინვალის რეგიონიდან დევნილი, გაძარცული და დარბეული. ამასთან, უკვე ჩვიდმეტი წელია იმავე მდგომარეობაში იმყოფებიან აფხაზეთიდან დევნილნიც, და დღემდე, სამწუხაროდ, არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები უსაფრთხოების გარანტიების შესაქმნელად და მათ დასაბრუნებლად.
საერთოდ, შექმნილ ვითარებას რომ სწორი შეფასება მიეცეს, ვფიქრობ, აუცილებელია ჩვენი ქვეყნის ახლო წარსულის გახსენება. თუმცა, წინასწარ მინდა შევნიშნო ისიც, რომ მე არა ვარ პოლიტიკოსი და, ბუნებრივია, ჩემეული შეფასებები შეიძლება თქვენგან განსხვავებული იყოს, მაგრამ რელიგიურ ლიდერებს, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას მოიცავენ, თავისი ხალხის წინაშე გარკვეული პოლიტიკური პასუხისმგებლობაც აქვთ;
სწორედ ამიტომ მოგმართავთ აქ დღეს თქვენ და ყველას, ვინც ამ ფორუმის მუშაობას თვალს ადევნებს, და გიზიარებთ ჩემს მოსაზრებებსა და გულისტკივილს.XX საუკუნის 20-იან წლებში, როდესაც კომუნისტებმა დაიპყრეს დამოუკიდებელი საქართველო, ჩვენი ტერიტორიების ნაწილი მეზობელ სახელმწიფოებს გადაუნაწილეს, ხოლო დარჩენილ ნაწილში, ყოველგვარი ისტორიული და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, შექმნეს აჭარის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ერთეულები, რითაც ნელი მოქმედების ნაღმები ჩადეს საჭიროების შემთხვევაში ასამოქმედებლად; და ეს დრო ახლა დადგა.
მართალია, დღეს საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, მაგრამ ის იდეოლოგია და გაყალბებული ისტორია, რომელიც სამოცდაათი წლის მანძილზე (მანამდე კი მეფის რუსეთის დროს, ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში) აღნიშნულ რეგიონებში ინერგებოდა, ჩვენს წინააღმდეგ განაწყობდა აქ მცხოვრებთ და იმის ილუზიას უქმნიდა მათ, თითქოს ისინი დაპყრობილნი იყვნენ ქართული სახელმწიფოს მიერ. სინამდვილეში კი, ეს ტერიტორიები ჩვენი ისეთივე ძირძველი მიწებია, როგორიცაა, მაგალითად, რუსებისათვის სუზდალი, ნოვგოროდი, სმოლენსკი… ამასთან, აქ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ყოველთვის ქართველები წარმოადგენდნენ.
დასავლეთის მხარდაჭერა გვჭირდება, რომ შევძლოთ არასწორი საინფორმაციო ველის გარღვევა. მაშინ საქართველოს მიმართ აღნიშნული ეროვნული უმცირესობების დამოკიდებულება, დარწმუნებული ვარ, რადიკალურად შეიცვლება, რადგან ჩვენს ქვეყანაში მათ, ისევე როგორც აქ მცხოვრებ სხვა უმცირესობებს, განვითარების შესანიშნავი პირობები ჰქონდათ და აქვთ.
აფხაზეთშიც და ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც ამ ენებზე ფუნქციონირებდა უნივერსიტეტები და სხვა უმაღლესი სასწავლებლები, თეატრები და სკოლები, იბეჭდებოდა წიგნები და ჟურნალ-გაზეთები. . . ანუ ისინი სარგებლობდნენ ავტონომიის სრული უფლებით და მრავალ წარმატებასაც მიაღწიეს. ასე რომ, არსებული დაპირისპირება არ არის ქართულ-ოსური, ან, თუნდაც ქართულ-აფხაზური ეთნოკონფლიქტი.
ამას ისიც ადასტურებს, რომ საომარი მოქმედებების პერიოდში და დღესაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში მრავლად მცხოვრებ ოსებს არ დაუტოვებიათ თავისი კარ-მიდამო და არც რაიმე პრობლემა შეჰქმნიათ ქართველებთან. იგივე ითქმის აფხაზებთან მიმართებაშიც; მე არ ვამბობ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი მხრიდან შეცდომები არ იყო დაშვებული და თანაც – სერიოზული შეცდომები, მაგრამ ისიც ბუნებრივია, რომ საქართველო, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყანა, ვერ შეეგუება თავისი ტერიტორიების დაკარგვას.
ქართველი ხალხი და საქართველოს ეკლესია მადლიერია საერთაშორისო საზოგადოებისა, რომელმაც თანადგომა გამოგვიცხადა და მხარი არ დაუჭირა აღნიშნული ავტონომიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას, თუმცა მინდა ვთქვა ისიც, რომ ყველა, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ამავე დროს იცავს საკუთარი ქვეყნის საზღვრებსა და მშვიდობას, რადგან ის მიზეზები, რაც აფხაზეთისა და ცხივნალის რეგიონის დამოუკიდებლად ცნობისათვის იქნა გამოყენებული, უსაფუძვლოა, და ყველასთვის, მათ შორის რუსეთისთვისაც, მომავალში შექმნის სერიოზულ პრობლემებს, რადგან ეს არის ხელშეწყობა სეპარატიზმისა, ისეთი ცენტრიდანული ძალებისა, რომელიც დაანგრევს ნებისმიერ სახელმწიფოს. ეს არის ეთნოწმენდის ლეგალიზების მცდელობა, რომლის დაკანონებაც არ შეიძლება.
ვიმეორებ, საქართველო საკუთარი მიწა-წყლის დაბრუნებისათვის ყოველთვის იზრუნებს.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად მე ძალადობის მეთოდს კატეგორიულად გამოვრიცხავ. ჩვენი ეკლესია ახლაც და კონფლიქტამდეც ყოველთვის წინააღმდეგი იყო სისხლისღვრისა და ეს არაერთხელ დავაფიქსირეთ. დიპლომატიური (განსაკუთრებით სახალხო დიპლომატია), ეკონომიური, კულტურული, რელიგიური და სხვა ბერკეტები საქართველოსა და რუსეთს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენას, ვფიქრობ, შესაძლებელს გახდის. ქვეყანა, რომელმაც წარმოშვა წმიდა სერგი რადონეჟელი, სერაფიმ საროველი, იოანე კრონშტანდტელი, ოპტინელი მამები, დიდი მღვდელმთავრები და მოწამენი, ცნობილი ფილოსოფოსები და მწერლები, ახლობელია ჩვენთვის. ის, რაც მოხდა, არ უნდა მომხდარიყო. ჩვენ შეგვეძლო ურთიერთობის სხვა გზა აგვერჩია; ახლა კი გაჩენილია სერიოზული ბზარი და უნდობლობა. აღმართულია კედელი, რომლის დანგრევა ძნელია, მაგრამ აუცილებელი.
ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, რათა აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.ცნობილი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ, ვინც ფლობს ევრაზიას, ის ფლობს მსოფლიოსო. ვფიქრობ, მსოფლიოსათვის დიდი მნიშვნელობა აქვს სხვა რეგიონებსაც და მათ შორის – კავკასიას. ამიტომაცაა, რომ აქ იკვეთება დიდი ქვეყნების ინტერესები და ყველა ცდილობს, თავისი გავლენის სფეროდ აქციოს იგი. ამასთან, ყოველი მათგანი გვთავაზობს მისთვის სასურველ პოზიციას, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს ნაკლებად ითვალისწინებს. მოგეხსენებათ, შედეგად მივიღეთ ის, რომ სახეზეა გავლენის სფეროებად ქვეყნის დაყოფის მცდელობა. ეს კი, საფრთხეს მხოლოდ საქართველოს არ უქმნის.
დიახ, მომხდარმა ომმა ისიც აჩვენა, რომ აქ ძალადობრივი მეთოდების გამოყენება მსოფლიოში სერიოზული დაპირისპირების მიზეზი ხდება და გლობალურ პრობლემებს იწვევს. ამიტომაც ვფიქრობ, აუცილებელია, ყველამ ერთად ვეძებოთ სამშვიდობო გზები. ჩვენ, ჩვენის მხრივ, მზად ვართ საამისოდ სათანადო ნაბიჯები გადავდგათ, რისი დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ სწორედ დღეს და ხვალ დაგეგმილია საქართველოს ეკლესიის დელეგაციის შეხვედრა რუსეთის ეკლესიის მეთაურთან და საგარეო განყოფილების ხელმძღვანელთან.. . .
როგორი იქნება შედეგი, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენმა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა, რთული ვითარების მიუხედავად, შეძლეს კეთილი ურთიერთობის შენარჩუნება, რაც, ვიმედოვნებ, კიდევ უფრო გაღრმავდება.ჩვენ გვინდა ვიყოთ მეგობრულ ურთიერთობაში ყველასთან და გვინდა ჩვენი ქვეყანა, ისევე, როგორც მთელი კავკასია, დაპირისპირების მიზეზად კი არა, თანმშრომლობის ასპარეზად იქცეს, მაგრამ მშვიდობა სამართლიანობის გარეშე ვერ დამყარდება.
წმიდა წერილში ვკითხულობთ: `ესწრაფე სამართლიანობას და უფალი ღმერთი იბრძოლებს შენთვის~. (“სიბრძნე ზირაქისა”, 4, 28)
ღმერთმა შეგვაძლებინოს სიმართლის გზით სიარული.
კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის და გისურვებთ დიდ წარმატებებს მშვიდობიანი მსოფლიოსათვის ზრუნვის საქმეში.
ბოსკო-მარენგო, იტალია, 6-7 ნოემბერი, 2008
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის სიტყვა აგვისტოს ომის შესახებ კონფერენციაზე “ადამიანის უფლებები და დემოკრატია გლობალიზებულ მსოფლიოში”
აგვისტო 9, 2012 ავტორი zazagabunia
კომენტარის დატოვება