თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ ჟურნალისტებს სსიპ “გუდაურის განვითარების ფონდის” მიერ შპს “ჯორჯიან განს”-თან გაფორმებული ხელშეკრულება გააცნო.
ხელშეკრულების მიხედვით ირკვევა, რომ ფონდმა კომპანიას ექვს მილიონზე მეტი ლარი დაბა გუდაურში, ახალი სოფლის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობისათვის გადაურიცხა. ხელშეკრულების მიხედვით, აღნიშნული მშენებლობა მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სასტუმრო ჯერაც არ არის აშენებული.
ამასთან ირკვევა, რომ აღნიშნული სასტუმროს მშენებლობისათვის საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული იქნა განკარგულება, რომელსაც ხელს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური აწერს და რომლის მიხედვითაც ფონდს ტენდერის გარეშე, დაჩქარებული ტემპით, ექსკლუზიურად, შეზღუდულ ვადებში საქმიანობის განხორციელების უფლება მიეცა.
ზაზა გაბუნია: “ჩვენ გვაქვს შეკითხვები “გუდაურის განვითარების ფონდთან” როგორც შემსყიდველთან: რატომ არ იქნა მოცემულ ვადებში აღნიშნული მშენებლობა დასრულებული? ასეთი მსხვილბიუჯეტიანი პროექტის განსახორციელებლად რატომ შეირჩა მაინც და მაინც შპს “ჯორჯიან განს”-ი? რატომ არ იქნა ხელშეკრულების და კანონის მოთხოვნის შესაბამისად საკითხი დაყენებული, მაშინ როცა სახეზეა მხარეთა ვალდებულებების შეუსრულებლობა? ამ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად, ჩვენ სსიპ “გუდაურის განვითარების ფონდის” მესვეურებს პარასკევს, 23 ნოემბერს ვიწვევთ ოპოზიციური ფრაქციების: “ქრისტიან-დემოკრატების”, “ქართული ოცნება_თბილისის” და “თავისუფლების” გაფართოებულ სხდოაზე”.
ზაზა გაბუნიას თქმით, აუცილებელია დადგინდეს მოხდა თუ არა მხარეთა მიერ ვალდებულებების შესრულება ხელშეკრულების მე-12 მუხლის პუნქტების მიხედვით და კანონით განსაზღვრულ ვადაში. ამ შეკითხვებზე მხარეების მიერ პასუხების არ გაცემის შემთხვევაში ზაზა გაბუნია საქმეს შესწავლის მიზნით პროკურატურას გადასცემს.
ზაზა გაბუნიამ ჟურნალისტებს “გუდაურის განვითარების ფონდის” მიერ გაფორმებული ხელშეკრულება გააცნო
ნოემბერი 20, 2012 ავტორი zazagabunia
კომენტარის დატოვება