“ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” ერთ-ერთმა გამორჩეულმა სახემ დატოვა. ზაზა გაბუნია თვლის, რომ აღნიშნული პოლიტიკური გუნდიდან შიდასაორგანიზაციო საკითხების გამო წავიდა, თუმცა ცივილიზებული ფორმით. “ახალ თაობასთან” საუბრისას მან წარსულ პოლიტიკურ საქმიანობაში შეცდომები ვერ დაინახა და მომავალშიც ფრთხილად გააგრძელებს საქმიანობას.
_ ბატონო ზაზა, თქვენ დატოვეთ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა. რა არის ამის მიზეზი?
ურთიერთობები პოლიტიკაში, ისევე როგორც ყოფით ცხოვრებაში ეფუძნება გარკვეულ შეთანხმებებს, საერთო ამოცანებს. სრულიად შესაძლებელია, რომ ეს ამოცანები შენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეიცვალოს და მაშინ ბუნებრივად დგება დღის წესრიგში ურთიერთობების დასრულების თემა. მე 4 წლის მანძილზე ქდმ-ს სახელით აქტიურად ვიბრძოდი “ნაც-მოძრაობის” წინააღმდეგ პოლიტიკური მეთოდებით. შეიძლება ითქვას, საკრებულოს “ქრისტიან-დემოკრატიული” ფრთა ვიყავით ყველაზე რადიკალური სააკაშვილის რეჟიმის, დედაქალაქში უგულავას მმართველობის წინააღმდეგ, ამ ბრძოლას ბოლომდე სჭირდება მიყვანა. ამასთან იყო შიდა საორგანიზაციო უკმაყოფილება რიგ საკითხებზე. ამიტომ ჩვენ სრულიად ცივილიზირებულად და მეგობრულად დავშორდით, რადგან განსხვავებული შეხედულებები შესაძლებელია მეგობრებშიც იყოს და ცივილიზირებულ საზოგადოებაში ეს არ შეიძლება დაპირისპირების საგანი გახდეს.
_ თქვენ ადრეც შეიცვალეთ პარტია, დღევანდელი გადასახედიდან კ. გამსახურდიას პარტიის დატოვება ან მასში გაწევრიანება შეცდომა იყო?
კარგია, რომ მეძლევა საშუალება ამ თემასთან დაკავშირებით ნათელი მოვფინო მოვლენებს. სამწუხაროდ ვრცელდება სრულიად არასწორი ინფორმაცია. მე არასდროს ვყოფილვარ კ. გამსახურდიას პარტიის წევრი. 2007 წლის მოვლენების დროს მე ვიყავი გაერთიანებული ოპოზიციის გაერთიანებული ახალგაზრდული ორგანიზაციების ლიდერი და ამ მოძრაობამ ძალიან ბევრი გააკეთა “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ გამართული ნოემბრის აქციების დროს ხალხის მობილიზაციისთვის. ჩემი ამ სტატუსის გამო სიმბოლურად უნდა ვყოფილიყავი რომელიმე პარტიის წევრი. ამიტომ მე ვითვლებოდი პარტია “თავისუფლების” წევრად. ისევე როგორც მაგალითად ლევან გაჩეჩილაძე იყო საპრეზიდენტო კანდიდატი სწორედ კ. გამსახურდიას პარტიიდან, თუმცა არასდროს ყოფილა ამ პარტიის წევრი. ასე რომ, პარტიული თალსაზრისით მე ერთადერთ პარტიაში – “ქრისტიან-დემოკრატებში” ვმუშაობდი.
_ ამქვეყნად შეუმცდარი არავინაა, როგორც პოლიტიკური პირის, ზაზა გაბუნიას პოლიტიკური შეცდომა რა იყო?
ჩემი პოლიტიკური კარიერა 2006 წლიდან იწყება. მაშინ მე და ჩემმა მეგობრებმა ფერიის მთაზე ეკლესიის დანგრევის ფაქტი ძალიან ხმამაღლა გავაპროტესტეთ. მერე იყო 2007 წელი, გაერთიანებული ოპოზიცია და შეურიგებელი ბძოლა სააკაშვილის წინააღმდეგ. შემდეგ დედაქალაქის საკრებულოში ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესებისათვის ისევ ნაც-მოძრაობის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლა. ამ პროცესში არასდროს ვმდგარვარ ზურგით ადამიანისკენ, არასდროს უგულებელმიყვია მოქალაქის ინტერესი და ამასვე ვუსახავ გეგმად საკუთარ თავს მომავალშიც. და თუ ეს არ გამომივა, ეს იქნება რასაც ჩემს შეცდომად ჩავთვლი.
_ თქვენი აზრით, ქრისტიან-დემოკრატების მთვარი ღირსება და ნაკლი რა არის?
იმ მოძრაობაში გიორგი თარგამაძით დაწყებული, ლევან ვეფხვაძით, მაგდა ანიკაშვილით, ნიკა ლალიაშვილითა და გიორგი ახვლედიანით გაგრძელებული მუშაობენ ძალიან ერუდირებული და კვალიფიციური ადამიანები, რომელთაც უყვართ თავიანთი სამშობლო. ეს უეჭველი მოცმულობაა და მათი ღირსებაც ეს გახლავთ. ნაკლი კი ის არის, რომ რიგი სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო ამ პარტიას და მის წევრებს მუდმივად თავის მართლების პოზიციაში ყოფნა უწევთ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც არასდროს მომწონდა.
_ მახსენდება ის, რომ ქრისტიან-დემოკრატებს ადანაშაულებდნენ ,,ნაცმოძრაობასთან“ ალიანსში, მაგალითი შემიძლია დაგისახელოთ რეალურადაც: ჭიათურის #56 საარჩევნო ოლქის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის კომისიის წევრი ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელი ,,ნაცმოს“ აქტივისტი იყო, ხოლო დამკვირვებელი_ნაციონალების ინტერესების გამტარებელი. რას გევტყოდით ამაზე?
ცხადია ასეთი ფაქტების შესახებ მეც მსმენია. ნარატივმა ქდმ-ს ნაცმოძრაობის სატელიტობის შესახებ ძალიან დააზარალა პარტია და ამის შედეგი იყო ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მიღებული რეზულტატი.
როლანდ ხოჯანაშვილი
გაზეთი “ახალი თაობა”
13 თებერვალი
კომენტარის დატოვება