თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ ჟურნალისტებს თბილისის მერის სარეზერვო ფონდიდან თანხების გაუმჭვირვალედ ხარჯვის თაობაზე დოკუმენტაცია წარუდგინა.
ზაზა გაბუნიას განცხადებით, მან თბილისის მერის სარეზერვო ფონდიდან 2010, 2011, 2012 წლებში თანხების ხარჯვის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა, თუმცა ის არასრული სახით მიიღო.
ზაზა გაბუნია: “საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ჩემი მოთხოვნის საპასუხოდ გამოგზავნილ დოკუმენტაციაში სარეზერვო ფონდის მთლიანი მოცულობის მხოლოდ ერთი, მცირე ნაწილის ხარჯვის შესახებ არის ინფორმაცია, რომელიც კონკრეტული მოქალაქეებისათვის სოციალური დახმარების მიზნით თანხების გადარიცხვას ეხება. რამდენადაც 2010-11-12 წლებში მერის სარეზერვო ფონდის მთლიანი მოცულობა 17 მილიონ 500 000 ლარი იყო, ხოლო მოწოდებული ინფორმაცია მხოლოდ 6 მილიონ 710 ათას 374 ლარის ხარჯვაზე საუბრობს. ჩნდება კითხვა სად დაიხარჯა 10 მილიონზე მეტი ლარი?!”
აღსანიშნავია, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, განხორციელდა რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვით სარეზერვო ფონდის წინასწარ დაგეგმილი ხარჯვის წესი აღარ არსებობს ანუ ფონდში კონცენტრირებული თანხების ხარჯვა ნებისმიერი მიზნისთვისაა შესაძლებელი.
ზაზა გაბუნია წინადადებით მიმართავს ახლადარჩეულ პარლამენტს, რომ განხორციელდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც სარეზერვო ფონდებში არსებული თანხების ხარჯვა წინასწარ გაწერილი და დასახელებული მიზნობრიობის მიხედვით იქნება შესაძლებელი.
გაბუნიას თქმით, იმის გამო რომ ფონდის თანხების ხარჯვის გეგმა არ არსებობს, მასში კონცენტრირებული თანხები ხშირ შემთხვევაში არამიზნობრივად იხარჯება, რისი მაგალითიც ზაზა გაბუნიას თქმით, 2012 წლის მაისია, როცა თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების სალიკვიდაციოდ ფონდში თანხები არ აღმოჩნდა, რადგან თანხები გახარჯული იყო. ზაზა გაბუნიას თქმით კი, სარეზერვო ფონდში თანხა სწორედ ფორს-მაჟორული და გაუთვალისწინებელი სიტუაციებისთვის უნდა იქნას რეზერვირებული.
ზაზა გაბუნიას თქმით, მერის სარეზერვო ფონდში თანხები იკლებდა და იმატებდა იმის მიხედვით, იყო თუ არა საარჩევნო წელი. მაგალითად, 2010 წელს ფონდის მოცულობა 11 მილიონ ლარს შეადგენდა, 2011 ანუ არასაარჩევნო წელს 1,5 მილიონი ლარს, მიმდინარე წელს კი 5 მილიონი ლარია.
Posted in კატეგორიის გარეშე | Leave a Comment »
თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ ჟურნალისტებს სსიპ “გუდაურის განვითარების ფონდის” მიერ შპს “ჯორჯიან განს”-თან გაფორმებული ხელშეკრულება გააცნო.
ხელშეკრულების მიხედვით ირკვევა, რომ ფონდმა კომპანიას ექვს მილიონზე მეტი ლარი დაბა გუდაურში, ახალი სოფლის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობისათვის გადაურიცხა. ხელშეკრულების მიხედვით, აღნიშნული მშენებლობა მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სასტუმრო ჯერაც არ არის აშენებული.
ამასთან ირკვევა, რომ აღნიშნული სასტუმროს მშენებლობისათვის საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული იქნა განკარგულება, რომელსაც ხელს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური აწერს და რომლის მიხედვითაც ფონდს ტენდერის გარეშე, დაჩქარებული ტემპით, ექსკლუზიურად, შეზღუდულ ვადებში საქმიანობის განხორციელების უფლება მიეცა.
ზაზა გაბუნია: “ჩვენ გვაქვს შეკითხვები “გუდაურის განვითარების ფონდთან” როგორც შემსყიდველთან: რატომ არ იქნა მოცემულ ვადებში აღნიშნული მშენებლობა დასრულებული? ასეთი მსხვილბიუჯეტიანი პროექტის განსახორციელებლად რატომ შეირჩა მაინც და მაინც შპს “ჯორჯიან განს”-ი? რატომ არ იქნა ხელშეკრულების და კანონის მოთხოვნის შესაბამისად საკითხი დაყენებული, მაშინ როცა სახეზეა მხარეთა ვალდებულებების შეუსრულებლობა? ამ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად, ჩვენ სსიპ “გუდაურის განვითარების ფონდის” მესვეურებს პარასკევს, 23 ნოემბერს ვიწვევთ ოპოზიციური ფრაქციების: “ქრისტიან-დემოკრატების”, “ქართული ოცნება_თბილისის” და “თავისუფლების” გაფართოებულ სხდოაზე”.
ზაზა გაბუნიას თქმით, აუცილებელია დადგინდეს მოხდა თუ არა მხარეთა მიერ ვალდებულებების შესრულება ხელშეკრულების მე-12 მუხლის პუნქტების მიხედვით და კანონით განსაზღვრულ ვადაში. ამ შეკითხვებზე მხარეების მიერ პასუხების არ გაცემის შემთხვევაში ზაზა გაბუნია საქმეს შესწავლის მიზნით პროკურატურას გადასცემს.
Posted in კატეგორიის გარეშე | Leave a Comment »
თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ აღმაშენებლის და ცაბაძის ქუჩებზე მცხოვრები, თბილისის განვითარების ფონდის მიერ დაზარალებული მოქალაქეები მოინახულა.
მოსახლეობის განცხადებით, მათი საცხოვრებელი სახლების გარე ფასადების მოწესრიგების საბაბით თბილისის განვითარების ფონდის მიერ წარმოებული სამუშაოების გამო დაზარალდა მათი საცხოვრებელი სახლების კედლები, იატაკი, სადარბაზოები და ამორტიზებულ მდგომარეობამდე მივიდა სახლების დიდი ნაწილი.
ზაზა გაბუნიას განცხადებით კი, მის მიერ დათვალიერებული სახლების მაგალითზე ჩანს რომ თბილისის განვითარების ფონდი რეალურად იყო ქალაქის, მისი მოსახლეობის დაზარალების ფონდი, რადგან მათ ფასადურ პოლიტიკას შეეწირა ათობით მოსახლის ინტერესები.
ზაზა გაბუნია: “მე მოვითხოვ სპეციალური კომისიის შექმნას, რომელიც ექსპერტიზის წარმოადგენლების, მოსახლეობის და დაინტერესებული პირებისგან შედგება და რომელიც დაითვლის ზარალს, რომელიც ფონდმა და თბილისის მერიამ უნდა აანაზღაუროს”.
ზაზა გაბუნიას განცხადებით, მოსახლეობამ მას მიაწოდა ინფორმაცია რომ თბილისის განვითარების ფონდის მესვეურების მოთხოვნით, მცხოვრებლებმა საკუთარი ნების წინააღმდეგ დათმეს ფართები ფონდის სასარგებლოდ.
ზაზა გაბუნიას არ გამორიცხავს, რომ ამ საკითხთან დაკავშრებით სარჩელი მომზადდეს.
Posted in კატეგორიის გარეშე | Leave a Comment »
თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარე ზაზა გაბუნია საკრებულოში გამართულ პრეს-კონფერენციაზე აუდიტის სამსახურში მომხდარ საკადრო ცვლილებას შეეხო, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის უფროსად ნაციონალური მოძრაობიდან წინა მოწვევის პარლამენტის წევრი ბეჟან ბუცხრიკიძე დაინიშნა.
ზაზა გაბუნიას თქმით, ეს გადაწყვეტილება მოწმობს იმას რომ “ნაციონალური მოძრაობა” მის ხელთ ჯერ კიდევ არსებული შესაძლებლობების გამოყენებას შეეცდება საიმისოდ, რომ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საბიუჯეტო საქმიანობასთან დაკავშირებით, რომლის მიმართაც ბევრი შეკითხვაა, მისთვის პოლიტიკურად სასურველი სურათი შექმნას.
ზაზა გაბუნია: “მე როგორც ფრაქციის თავმჯდომარე, ჩემს ფრაქციასთან ერთად უნდობლობას ვუცხადებ აუდიტის სამსახურის საქმიანობას. ამიტომ, თბილისის ბიუჯეტთან დაკავშირებით საფინანსო შემოწმება საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ” 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოწვეული აუდიტორის საშუალებით განხორციელდება”.
ზაზა გაბუნია მიიჩნევს, რომ თბილისის ბიუჯეტთან დაკავშირებით უკავშირდება მუხლს სახელწოდებით “სხვა ხარჯები” და ზოგადად საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას.
Posted in კატეგორიის გარეშე | Leave a Comment »
თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარე ზაზა გაბუნია დედაქალაქის მერის მიერ მის მიმართ გუშინ გაკეთებულ განცახდებას გამოეხმაურა და მას არაეთიკური უწოდა.
ზაზა გაბუნიას თქმით, მისი და მთავარი პროკურორის არჩილს კბილაშვილის გუშინდელ შეხვედრას, სადაც გაბუნიამ თბილისის განვითარების ფონდის საკითხთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება მოითხოვა, გიგი უგულავას განრისხება მოჰყვა.
ზაზა გაბუნია: “მესმის, რომ ფონდის საკითხი ძალიან მტკივნეულია გიგი უგულავასთვის, მაგრამ ეს მას არ აძლევს უფლებას არაეთიკურად მოიხსენიოს პოლიტიკური ოპონენტი, რადგან ეს არა კერძო პირების, არამედ დედაქალაქის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების წევრთა დავაა”.
ზაზა გაბუნია გიგი უგულავას პასუხობს და ამბობს, რომ ქალაქის მერი ან არასწორად იყო ინფორმირებული და ან მიზანმიმართულად სპეკულირებს მგრძნობიარე თემებით. ზაზა გაბუნია სამი პუნქტით ეპასუხება ქალაქის მერს:
ზაზა გაბუნია:
1.გიგი უგულავამ თქვა თითქოს მე რომელიმე პიროვნება დამნაშავედ მოვიხსენიე. ეს სიცრუეა და ამის დამადასტურებელი კადრები არსებობს და რაც მთავარია ჩემი მთავარი პროკურატურისადმი მიმართვა სწორედ იმას ნიშნავს რომ მათ უნდა გაარკვიონ და არა სხვა ვინმემ, თუ ვინ არის დამნაშავე და ვინ უდანაშაულო.
2. ამასთან, მან ჩემს მიმართ თქვა რომ ვიღაცას “ვეტენები”. მინდა გავახსენო ბატონ მერს, რომ ამ სამი წლის მანძილზე, რაც მე საკრებულოს წევრი ვარ, ყოველთვის პრინციპული ვიყავი როდესაც საქმე საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას ეხებოდა. “შეტენვასთან” (ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვის გამო, თუმცა ის ბატონ უგულავას ეკუთვნის) დაკავშირებით კი სრულიად ბუნებრივად საზოგადოებას ახსენდება ბატონი მერის მთავრობის კანცელარიაში, სხდომაზე შესვლის მცდელობა-შოუ.
3. რაც შეეხება ჩემს მიმართ გამოყენებულ სიტყვას – “მატრაბაზი”, ვთვლი რომ სრულიად მიუღებელია ამ ფრაზის მოსმენა იმ ადამიანისგან რომელიც სწორედ თბილისის განვითარების ფონდის გადარიცხული თანხით არის შემჩნეული სტრიპტიზ-ბარში “მატრაბაზობაში”.
ზაზა გაბუნია სამწუხაროს უწოდებს ფაქტს, როცა ამგვარი ფორმებით მოიხსენიებს პოლიტიკურ ოპონენტს ისეთი მაღალი რანგის თანამდებობის პირი, როგორიც საქართველოს დედაქალაქის მერია.
ზაზა გაბუნია თვლის, რომ ამ ინციდენტის გამო გიგი უგულავამ საზოგადოების წინაშე ბოდიში უნდა მოიხადოს.
Posted in კატეგორიის გარეშე | Leave a Comment »
რიყის პარკში მიმდინარე საკონცერტო დარბაზისა და მუსიკალური თეატრის შენობების ფორმა ეწინააღმდეგება და ამახინჯებს ძველი თბილისის არქიტექტურულ იერსახეს, რომელსაც ადგილობრივ პროფესიონალებთან ერთად საერთაშორისო ექსპერტებიც ადასტურებენ. სწორედ ამიტომ, ამ და სხვა შენობების გამო თბილისი ვერ მოხვდა იუნესკოს დაცული ქალაქების სიაში.
ზაზა გაბუნია: “ქალაქის მერს, ბატონ უგულავას სჩვევია ამა თუ იმ პროექტის მოსახლეობის ხელმოწერების საშუალებით პრაქტიკაში გადმოტანა, დამკვიდრება, განხორციელება და ჩვენ ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატები” ვაპირებთ ამავე გზით ანუ მოსახლეობის ხელმოწერების შეგროვების მეშვეობით ვაჩვენოთ მას რომ თბილისელების დიდ ნაწილს არ მოსწონს და ეწინააღმდგება აღნიშნული შენობა-ნაგებობების ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს ნაწილში განთავსებას.”
Posted in კატეგორიის გარეშე | Leave a Comment »
Posted in კატეგორიის გარეშე | Leave a Comment »
დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა. ერთ-ერთი ისეთი უიშვიათესი ადამიანის რომლის პატრიოტიზმთან, გულწრფელობასთან, დიდ კაცობასთან დაკავშირებით არ არსებობს ეჭვი. პირველ რიგში ღვთის წყალობით და მერე ასეთი უეჭველი, უმწიკვლო ადამიანების არსებობის და მოღვაწეობის ხარჯზე ახერხებდა ჩვენი ქვეყანა გადარჩენას და წინ სიარულს. საქართველოს ჰყავდა შიდა დაპირისპირების გამჩაღებლები, ჰქონდა შინა ომები, ჰყავდა რენეგატებიც, მაგრამ ჰყავდა მერაბ კოსტავა! საქართველოს იმპერიებთან ერთად დარტყმას ჩეჩნები, ჩერქეზები, ადიღეელები, კაზაკებიც აყენებდნენ, მაგრამ საბედნიეროდ იყვნენ ინგუშები, ბალყარელები, ყარაჩაელები, დაღესტნელები რომლებიც საქართველოს მტრებს საკუთარ მტრებად აღიქვამდნენ. აი ძალთა ეს ბალანსი, ეს მორალური უპირატესობა აძლებინებდა და წინ სიარულის უნარს აძლევდა საქართველოს. ღმერთმა განუსვენოს ეროვნულ გმირს, მერაბ კოსტავას!
Posted in კატეგორიის გარეშე | Leave a Comment »
ქალბატონებო და ბატონებო!
გულითადად მოგესალმებით საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით, იმ ქვეყნისა და ხალხის სახელით, რომელსაც 3000 წელზე მეტი ხნის სახელმწიფოებრივი და 2000-წლოვანი ქრისტიანული ცხოვრების ისტორია აქვს. იგი მცირერიცხოვანი, მაგრამ მრავალეროვანი ქვეყანაა და, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენთან თითქმის არასდროს ყოფილა დევნა რელიგიური და ეთნიკური ნიშნით. ეს განაპირობა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ხალხის მოსიყვარულე ხასიათმა და, რა თქმა უნდა, ქრისტიანულმა რწმენამ, რომელსაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აღიარებს.
ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ აგვისტოს ცნობილი მოვლენების შემდეგ ზოგიერთი ცდილობს აგრესორად წარმოგვაჩინოს მაშინ, როდესაც სწორედ ქართული მოსახლეობა არის ცხინვალის რეგიონიდან დევნილი, გაძარცული და დარბეული. ამასთან, უკვე ჩვიდმეტი წელია იმავე მდგომარეობაში იმყოფებიან აფხაზეთიდან დევნილნიც, და დღემდე, სამწუხაროდ, არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები უსაფრთხოების გარანტიების შესაქმნელად და მათ დასაბრუნებლად.
საერთოდ, შექმნილ ვითარებას რომ სწორი შეფასება მიეცეს, ვფიქრობ, აუცილებელია ჩვენი ქვეყნის ახლო წარსულის გახსენება. თუმცა, წინასწარ მინდა შევნიშნო ისიც, რომ მე არა ვარ პოლიტიკოსი და, ბუნებრივია, ჩემეული შეფასებები შეიძლება თქვენგან განსხვავებული იყოს, მაგრამ რელიგიურ ლიდერებს, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას მოიცავენ, თავისი ხალხის წინაშე გარკვეული პოლიტიკური პასუხისმგებლობაც აქვთ;
სწორედ ამიტომ მოგმართავთ აქ დღეს თქვენ და ყველას, ვინც ამ ფორუმის მუშაობას თვალს ადევნებს, და გიზიარებთ ჩემს მოსაზრებებსა და გულისტკივილს.XX საუკუნის 20-იან წლებში, როდესაც კომუნისტებმა დაიპყრეს დამოუკიდებელი საქართველო, ჩვენი ტერიტორიების ნაწილი მეზობელ სახელმწიფოებს გადაუნაწილეს, ხოლო დარჩენილ ნაწილში, ყოველგვარი ისტორიული და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, შექმნეს აჭარის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ერთეულები, რითაც ნელი მოქმედების ნაღმები ჩადეს საჭიროების შემთხვევაში ასამოქმედებლად; და ეს დრო ახლა დადგა.
მართალია, დღეს საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, მაგრამ ის იდეოლოგია და გაყალბებული ისტორია, რომელიც სამოცდაათი წლის მანძილზე (მანამდე კი მეფის რუსეთის დროს, ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში) აღნიშნულ რეგიონებში ინერგებოდა, ჩვენს წინააღმდეგ განაწყობდა აქ მცხოვრებთ და იმის ილუზიას უქმნიდა მათ, თითქოს ისინი დაპყრობილნი იყვნენ ქართული სახელმწიფოს მიერ. სინამდვილეში კი, ეს ტერიტორიები ჩვენი ისეთივე ძირძველი მიწებია, როგორიცაა, მაგალითად, რუსებისათვის სუზდალი, ნოვგოროდი, სმოლენსკი… ამასთან, აქ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ყოველთვის ქართველები წარმოადგენდნენ.
დასავლეთის მხარდაჭერა გვჭირდება, რომ შევძლოთ არასწორი საინფორმაციო ველის გარღვევა. მაშინ საქართველოს მიმართ აღნიშნული ეროვნული უმცირესობების დამოკიდებულება, დარწმუნებული ვარ, რადიკალურად შეიცვლება, რადგან ჩვენს ქვეყანაში მათ, ისევე როგორც აქ მცხოვრებ სხვა უმცირესობებს, განვითარების შესანიშნავი პირობები ჰქონდათ და აქვთ.
აფხაზეთშიც და ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც ამ ენებზე ფუნქციონირებდა უნივერსიტეტები და სხვა უმაღლესი სასწავლებლები, თეატრები და სკოლები, იბეჭდებოდა წიგნები და ჟურნალ-გაზეთები. . . ანუ ისინი სარგებლობდნენ ავტონომიის სრული უფლებით და მრავალ წარმატებასაც მიაღწიეს. ასე რომ, არსებული დაპირისპირება არ არის ქართულ-ოსური, ან, თუნდაც ქართულ-აფხაზური ეთნოკონფლიქტი.
ამას ისიც ადასტურებს, რომ საომარი მოქმედებების პერიოდში და დღესაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში მრავლად მცხოვრებ ოსებს არ დაუტოვებიათ თავისი კარ-მიდამო და არც რაიმე პრობლემა შეჰქმნიათ ქართველებთან. იგივე ითქმის აფხაზებთან მიმართებაშიც; მე არ ვამბობ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი მხრიდან შეცდომები არ იყო დაშვებული და თანაც – სერიოზული შეცდომები, მაგრამ ისიც ბუნებრივია, რომ საქართველო, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყანა, ვერ შეეგუება თავისი ტერიტორიების დაკარგვას.
ქართველი ხალხი და საქართველოს ეკლესია მადლიერია საერთაშორისო საზოგადოებისა, რომელმაც თანადგომა გამოგვიცხადა და მხარი არ დაუჭირა აღნიშნული ავტონომიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას, თუმცა მინდა ვთქვა ისიც, რომ ყველა, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ამავე დროს იცავს საკუთარი ქვეყნის საზღვრებსა და მშვიდობას, რადგან ის მიზეზები, რაც აფხაზეთისა და ცხივნალის რეგიონის დამოუკიდებლად ცნობისათვის იქნა გამოყენებული, უსაფუძვლოა, და ყველასთვის, მათ შორის რუსეთისთვისაც, მომავალში შექმნის სერიოზულ პრობლემებს, რადგან ეს არის ხელშეწყობა სეპარატიზმისა, ისეთი ცენტრიდანული ძალებისა, რომელიც დაანგრევს ნებისმიერ სახელმწიფოს. ეს არის ეთნოწმენდის ლეგალიზების მცდელობა, რომლის დაკანონებაც არ შეიძლება.
ვიმეორებ, საქართველო საკუთარი მიწა-წყლის დაბრუნებისათვის ყოველთვის იზრუნებს.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად მე ძალადობის მეთოდს კატეგორიულად გამოვრიცხავ. ჩვენი ეკლესია ახლაც და კონფლიქტამდეც ყოველთვის წინააღმდეგი იყო სისხლისღვრისა და ეს არაერთხელ დავაფიქსირეთ. დიპლომატიური (განსაკუთრებით სახალხო დიპლომატია), ეკონომიური, კულტურული, რელიგიური და სხვა ბერკეტები საქართველოსა და რუსეთს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენას, ვფიქრობ, შესაძლებელს გახდის. ქვეყანა, რომელმაც წარმოშვა წმიდა სერგი რადონეჟელი, სერაფიმ საროველი, იოანე კრონშტანდტელი, ოპტინელი მამები, დიდი მღვდელმთავრები და მოწამენი, ცნობილი ფილოსოფოსები და მწერლები, ახლობელია ჩვენთვის. ის, რაც მოხდა, არ უნდა მომხდარიყო. ჩვენ შეგვეძლო ურთიერთობის სხვა გზა აგვერჩია; ახლა კი გაჩენილია სერიოზული ბზარი და უნდობლობა. აღმართულია კედელი, რომლის დანგრევა ძნელია, მაგრამ აუცილებელი.
ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, რათა აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.ცნობილი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ, ვინც ფლობს ევრაზიას, ის ფლობს მსოფლიოსო. ვფიქრობ, მსოფლიოსათვის დიდი მნიშვნელობა აქვს სხვა რეგიონებსაც და მათ შორის – კავკასიას. ამიტომაცაა, რომ აქ იკვეთება დიდი ქვეყნების ინტერესები და ყველა ცდილობს, თავისი გავლენის სფეროდ აქციოს იგი. ამასთან, ყოველი მათგანი გვთავაზობს მისთვის სასურველ პოზიციას, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს ნაკლებად ითვალისწინებს. მოგეხსენებათ, შედეგად მივიღეთ ის, რომ სახეზეა გავლენის სფეროებად ქვეყნის დაყოფის მცდელობა. ეს კი, საფრთხეს მხოლოდ საქართველოს არ უქმნის.
დიახ, მომხდარმა ომმა ისიც აჩვენა, რომ აქ ძალადობრივი მეთოდების გამოყენება მსოფლიოში სერიოზული დაპირისპირების მიზეზი ხდება და გლობალურ პრობლემებს იწვევს. ამიტომაც ვფიქრობ, აუცილებელია, ყველამ ერთად ვეძებოთ სამშვიდობო გზები. ჩვენ, ჩვენის მხრივ, მზად ვართ საამისოდ სათანადო ნაბიჯები გადავდგათ, რისი დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ სწორედ დღეს და ხვალ დაგეგმილია საქართველოს ეკლესიის დელეგაციის შეხვედრა რუსეთის ეკლესიის მეთაურთან და საგარეო განყოფილების ხელმძღვანელთან.. . .
როგორი იქნება შედეგი, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენმა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა, რთული ვითარების მიუხედავად, შეძლეს კეთილი ურთიერთობის შენარჩუნება, რაც, ვიმედოვნებ, კიდევ უფრო გაღრმავდება.ჩვენ გვინდა ვიყოთ მეგობრულ ურთიერთობაში ყველასთან და გვინდა ჩვენი ქვეყანა, ისევე, როგორც მთელი კავკასია, დაპირისპირების მიზეზად კი არა, თანმშრომლობის ასპარეზად იქცეს, მაგრამ მშვიდობა სამართლიანობის გარეშე ვერ დამყარდება.
წმიდა წერილში ვკითხულობთ: `ესწრაფე სამართლიანობას და უფალი ღმერთი იბრძოლებს შენთვის~. (“სიბრძნე ზირაქისა”, 4, 28)
ღმერთმა შეგვაძლებინოს სიმართლის გზით სიარული.
კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის და გისურვებთ დიდ წარმატებებს მშვიდობიანი მსოფლიოსათვის ზრუნვის საქმეში.
ბოსკო-მარენგო, იტალია, 6-7 ნოემბერი, 2008
Posted in კატეგორიის გარეშე | Leave a Comment »
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე თბილისში არსებული ბიზნესმონოპოლიების საკითხი დავსვით. იმისთვის, რომ სიტუაცია შეიცვალოს უკეთესობიკენ, “ქრისტიან-დემოკრატები” აუცილებლობად მივიჩნევთ პოლიტიკური ოპოზიციის როლის გაზრდას სატენდერო პროცესში. აუცილებელია უშუალოდ სატენდერო კომისიებში მონაწილეობა და ყველა ეტაპის მონიტორინგი, რათა შედეგად მივიღოთ კონკურეტუნარიანი, ტრანსპარენტული გარემო, სადაც ბიზნესის კეთების შესაძლებლობა ექნება ყველას და არა მხოლოდ მერიის ფავორიტ კომპანიებს.
Posted in კატეგორიის გარეშე | Leave a Comment »