იხსნება ფარდა და მწვანე ფონზე მოფრიალე ბუსუსები და თეთრი, გასაშრობად გამოტანილი ზეწრები მეტყველ სურათს ქმნიან. ბუსუსები ყველგან დაფრინავენ სასაფლაოებზეც და გასართობ ადგილებშიც…
გადასაღებ მოედანს ფართო ბუდეში ჩასმული ორი დიდი მუქი თვალი მენტორულად დაჰყურებს. თითქოს ერთ კონკრეტულ ნივთს თუ საგანს მისჩერებია, არადა მთელ სივრცეს ერთი, კონცეტრირებული წერტილის სიღრმიდან უმზერს.
ეს ფედერიკო ფელინია, დიდი რეჟისორი – ფ ე დ ე რ ი კ ო ფ ე ლ ი ნ ი.
საყოფაცხოვრებო შინაარსის ტექსტებში მიმალული სიბრძნე, კეთილხმოვანი მუსიკა დალაქის მიერ აჟღერებული ინსტრუმეტიდან რომ სწვდება ყურთასმენას. მშობლისა და შვილის, თაობების ურთიერთობის შესახებ თითქოს პატეთიურად ნათქვამი სიტყვები. მეძავი უმანკო თვალებით და ერთი შეხედვით უმანკო ქალები ბიწიერი ცხოვრების წესით, რომელიც საგულდაგულოდ არის მიჩქმალულ-მიმალული ტანსაცმელში. წარმართული რიტუალი, რომელსაც რაღაც მნიშვნელოვანს უკავშირებენ, გარკვეულ ცვლილებას, თუნდაც სეზონურს რომელიც უამისოდაც განხორციელდება, ურიტუალოდ. ჩინოვნიკის მომნუსხველი მზერა გამვლელ რიგითს, რომ ეჩეხება და სხვა და სხვა დასამახსოვრებელი კადრები. ორიგინალური ხელწერაა.
ფელინი რეალისტია და თან ცნობისმოყვარე მაყურებელი, მაყურებელი თავისივე დადგმული სანახაობის და სწორედ ამიტომ მის ქმნილებებში არის საინტერესო და მარად აქტუალური მარადიული თემები: ეკლესია, სახელმწიფო, ადამიანი, კულტურა, ქალი, სასმელი, სიკეთე და ნაკლები სიკეთე ან ბოროტება, ცოლისა და ქმრის შუღლი, სუიციდისადმი სარკასტულ-ირონიული და თან არასერიოზული დამოკიდებულება, ვნება, ლტოლვა, სიწმინდე, ასკეტიზმი და ფილოსოფია.
ცხადია ახასიათებს იმგვარი რამ, რაც შესაძლოა სულაც არ იწვევდეს მავანთა აღფრთოვანებას, მაგალითად მისი სკეპსისი რელიგიური სასწაულების მიმართ, მაგრამ არამც და არამც შეურაცხყოფა ან ქილიკი. ფელინის ეს არ ჩვევია, როგორც წესი ის მხოლოდ მანკიერებას ‘’ებრძვის’’ და არა ცალკეულ პიროვნებას. თორემ ფეფე ხშირად უსვამს ხაზს გულწრფელი რწმენის მნიშვნელობას. ის, რომ რეჟისორს არა აქვს პერსონიფიცირებული ამოჩემება და მიზანი ტრადიციად დამკვიდრებული ამორალობის მხილებაა ამის კარგი მაგალითია შესანიშნავი ნამუშევარი ‘’ტკბილი ცხოვრება’’, რომელიც იმ დროინდელმა ზეპურმა საზოგადოებამ ‘’მხოლოდ’’ იმიტომ არ მიიღო, რომ მასში ფელინი ამათრახებდა მაღალი ფენისთვის დამახასიათებელ ნაკლოვანებებს. რა ეპითეტებით არ შეამკეს მაშინ რეჟისორი, ბოლშევიკიც კი უწოდეს და სამშობლოს ღალატშიც დასდეს ბრალი, თუმცა ფელინი კმაყოფილი იყო, მოგვიანებით კი ამბობდა, რომ ‘’ათიანში მოახვედრა’’.
ფელინის ფილმებში დედამიწაა წარმოდგენილი იმგვარად რომ ერთ კინო-გაელვებაში შეძლოს ადამიანმა მასთან დაკავშირებული ზღვა ემოციების, ჩვევების, ტრადიციების, გაკეთებულის აღქმა, წარმოდგენილია იმგვარადვე როგორც რუქაზე. ფელინიმ საკუთარი შემოქმედებით შექმნა ზუსტი რუქა კაცობრიობის ანატომიისა და იგი იმგვარ მასშტაბში გამოსახა, რომ მისი თითოეული დეტალი თვალსაჩინო გამხდარიყო დაკვირვებული მნახველისთვის.
სატირა და სარკაზმი მსგავსი აქვს ჩაპლინისა, არა, უფრო უხეში, დაუნდობელი, მკაცრი, არადა უხდება ფელინის. უამისოდ რაც ზემოთ ჩამოვთვალე ოდნავ ელფერ-დაკარგული გამოჩნდებოდა. იცის სარკაზმი რამდენი, რა დროს და სად არის საჭირო, რომ არ გადაამლაშოს და გემრიელი გამოვიდეს.
ფელინის გმირები ძირითადად პირდაპირ საუბრობენ საკუთარ მოთხოვნილებებზე, მათ შორის ხორციელ ჟინზე. რა არის ეს? პირდაპირობა ან გულწრფელობა? თუ უბრალოდ მინიშნება იმის თაობაზე რომ ადამიანი ტყუილად მალავს სისუსტეებს და სჯობს მისი გასაჯაროებით ამოავსოს სიცარიელე ან ვაკუუმი რომელიც ტაბუს ელემენტებისაგან, გაუმჭვირვალე მოლეკულებისაგან შედგება?!
ფელინისთან ნისლი ნისლია, მზიანი დარი ის რასაც ხედავ, თუმცა კი კადრით ნათქვამი სივრცე იმდენად სიმბოლიზირებულია, რომ პირდაპირ მეტყველი ცნება და სიმბოლო აქ წინააღმდეგობაში არ მოდიან და მხოლოდ სისრულეს ქმნიან.
ფელინის მაყურებელს მუდამ ახსოვს მისი მორალი, ესთეტიკა, ქცევის კოდექსი და დოზირებული პათოსი.
და ბოლოს, ფელინი დიდია არა იმდენად იმის გამო, რომ მისი ფილმებისათვის სცენარი ტონინო გუერას დაუწერია, მუსიკა ნინო როტას, არც იმიტომ რომ კამერასთან ჯუზეპე როტუნო იდგა, მაგალი ნოელი, ენტონი ქუინი, ჯულიეტა მაზინა ან არმანდო ბრანჩა თამაშობდნენ, ანსახიერებდნენ, ასრულებდნენ ფელინის მიერ დაკისრებულს, არამედ იმიტომ რომ საკუთრივ ფედერიკო ფელინი როგორც განსწავლული და უბადლო ნიჭით დაჯილდოვებული დირიჟორი, გენიალურად ახერხებდა მისი ხედვების განხორციელების სამსახურში მყოფი ოსტატების ქმედების სიმფონიად გარდასახვას.
როსელინის მიერ დანახულმა პატარა ბიჭმა, “რომელიც მუდმივად ოცნებობდა დიდ ქალაქზე” როსელინისვე დახმარებით შექმნა ‘’ღია ქალაქი’’, ღია სივრცე უხილავი გრძნობების ხილულად ჭვრეტის შესაძლებლობისთვის, ადამიანმა რომელმაც საკუთარი თავისგან შექმნა დოსტოევსკი კინოში და ამასთან ერთგვარად ფენტეზის მედივალისტური ფორმებით და ამავდროულად რეალიზმისადმი ერთგულებით განასახიერა სინთეზური ფორმა ხელოვნების ორიგინალური ხერხებით გადმოსაცემად.
‘’თქვენი ფილმი ჩემთვის კოსმოსზე იდუმალია’’ – ეს სიტყვები იური გაგარინმა ყურში ჩასჩურჩულა ფელინის. მის ფილმებში მისტიურობის, როგორც ელემენტის სახით არსებობა დიდი რეჟისორის თავისუფლებისადმი უსაზღვრო ლტოლვით აიხსნება, მას არაფერი აბრკოლებდა შემოქმედებით ცხოვრებაში სრულად გამოეხატა საკუთარი ’’ვნება’’ ტრანსცენდენტურის მიმართ, რომ ჰქონდა. მერე ამას ამუშავებდა, ხვეწდა და აქანდაკებდა იმგვარ პროდუქტად, რომელიც მავანთათვის შესაძლოა შორეული ყოფილიყო. არა, ეს იდუმალება სრულებით არ ჰგავს სპილბერგის ზედაპირულ პოპ-ფენტეზს, რომელსაც თავის მხრივ საკუთარი მომხიბვლელობა აქვს, არც ედგარ ალან პოს ფანტასტიკური ნოველის ჟანრს, ფელინის ფანტასტიკასა და მიტსიკას რეალიზმის ჭვრეტა ახასიათებს, ხედვა ღრმაა და ადამიანურ განცდებთან არის დაკავშირებული.
‘’ჩემი ფილმი ეს არის ყბედობა სრულფასოვანი სადილობის შემდეგ. ოდნავ შეზარხოშებული კაცის ლაი-ლაი’’ –ასე აფასებდა თავად ფელინი საკუთარ შემოქმედებას. ადამიანი, რომელიც ვასო გოძიაშვილისა არ იყოს ცირკის მსახიობობაზე ოცნებობდა. რა თქმა უნდა შინაგანად არ ეთანხმებოდა ამ ფრაზას. არა იმიტომ, რომ ყალბი თავმდაბლობით ფარავდა ქედმაღლურ დამოკიდებულებას, არამედ იმიტომ, რომ საღი და მახვილი თვალი ჰქონდა, ისეთი რომელსაც არავისი არაფერი გამოეპარებოდა მათ შორის ცხადია საკუთარი, რადგან ყოველ ნაშრომში დებდა დიდ ენერგიას, რომ იუველირული მიდგომით, ზუსტად გამოეძერწა ხელოვნების ნიმუში.
ო’ ჰენრის მსგავსი უეცარი ექსპრესია, აბსურდისადმი ფრთხილი დამოკიდებულება და ამავდროულად პოეტური ალუზიები, მერე უზადო სერიოზულობა, შემდეგ ისევ გროტესკი და ბოლოს მხატვრის უნარი რეალობის ზუსტად, ზედმიწევნით ზუსტად გადმოსაცემად და რაც მთავარია საკუთარი, სრულიად გენიალური ხელწერა იმის სათქმელად, რომ მიუხედავად ყველაფრისა კაბირიას თვითმყოფად კეთილშობილებას არაფერი დაჰკლებია – სიკეთე მარადიულია – ეს ფედერიკო ფელინია მამა კუბრიკის, ალენის, ალმადოვარის, ლინჩის და კუსტურიცასი!!!
იხსნება ფარდა და მწვანე ფონზე მოფრიალე ბუსუსები და თეთრი, გასაშრობად გამოტანილი ზეწრები მეტყველ სურათს ქმნიან. ბუსუსები ყველგან დაფრინავენ სასაფლაოებზეც და გასართობ ადგილებშიც…
ზაზა გაბუნია
ნაწყვეტი ესსეედან – ‘’რატომ მიყვარს ფელინი სპილბერგზე მეტად’’
“ადამიანმა რომელმაც საკუთარი თავისგან შექმნა დოსტოევსკი კინოში” – kargad natkvami sityvebia…