თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარე ზაზა გაბუნია დედაქალაქის მერის მიერ მის მიმართ გუშინ გაკეთებულ განცახდებას გამოეხმაურა და მას არაეთიკური უწოდა.
ზაზა გაბუნიას თქმით, მისი და მთავარი პროკურორის არჩილს კბილაშვილის გუშინდელ შეხვედრას, სადაც გაბუნიამ თბილისის განვითარების ფონდის საკითხთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება მოითხოვა, გიგი უგულავას განრისხება მოჰყვა.
ზაზა გაბუნია: “მესმის, რომ ფონდის საკითხი ძალიან მტკივნეულია გიგი უგულავასთვის, მაგრამ ეს მას არ აძლევს უფლებას არაეთიკურად მოიხსენიოს პოლიტიკური ოპონენტი, რადგან ეს არა კერძო პირების, არამედ დედაქალაქის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების წევრთა დავაა”.
ზაზა გაბუნია გიგი უგულავას პასუხობს და ამბობს, რომ ქალაქის მერი ან არასწორად იყო ინფორმირებული და ან მიზანმიმართულად სპეკულირებს მგრძნობიარე თემებით. ზაზა გაბუნია სამი პუნქტით ეპასუხება ქალაქის მერს:
ზაზა გაბუნია:
1.გიგი უგულავამ თქვა თითქოს მე რომელიმე პიროვნება დამნაშავედ მოვიხსენიე. ეს სიცრუეა და ამის დამადასტურებელი კადრები არსებობს და რაც მთავარია ჩემი მთავარი პროკურატურისადმი მიმართვა სწორედ იმას ნიშნავს რომ მათ უნდა გაარკვიონ და არა სხვა ვინმემ, თუ ვინ არის დამნაშავე და ვინ უდანაშაულო.
2. ამასთან, მან ჩემს მიმართ თქვა რომ ვიღაცას “ვეტენები”. მინდა გავახსენო ბატონ მერს, რომ ამ სამი წლის მანძილზე, რაც მე საკრებულოს წევრი ვარ, ყოველთვის პრინციპული ვიყავი როდესაც საქმე საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას ეხებოდა. “შეტენვასთან” (ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვის გამო, თუმცა ის ბატონ უგულავას ეკუთვნის) დაკავშირებით კი სრულიად ბუნებრივად საზოგადოებას ახსენდება ბატონი მერის მთავრობის კანცელარიაში, სხდომაზე შესვლის მცდელობა-შოუ.
3. რაც შეეხება ჩემს მიმართ გამოყენებულ სიტყვას – “მატრაბაზი”, ვთვლი რომ სრულიად მიუღებელია ამ ფრაზის მოსმენა იმ ადამიანისგან რომელიც სწორედ თბილისის განვითარების ფონდის გადარიცხული თანხით არის შემჩნეული სტრიპტიზ-ბარში “მატრაბაზობაში”.
ზაზა გაბუნია სამწუხაროს უწოდებს ფაქტს, როცა ამგვარი ფორმებით მოიხსენიებს პოლიტიკურ ოპონენტს ისეთი მაღალი რანგის თანამდებობის პირი, როგორიც საქართველოს დედაქალაქის მერია.
ზაზა გაბუნია თვლის, რომ ამ ინციდენტის გამო გიგი უგულავამ საზოგადოების წინაშე ბოდიში უნდა მოიხადოს.
ზაზა გაბუნია – გიგი უგულავამ ბოდიში უნდა მოიხადოს
ნოემბერი 15, 2012 ავტორი zazagabunia
კომენტარის დატოვება