თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ ჟურნალისტებს თბილისის მერის სარეზერვო ფონდიდან თანხების გაუმჭვირვალედ ხარჯვის თაობაზე დოკუმენტაცია წარუდგინა.
ზაზა გაბუნიას განცხადებით, მან თბილისის მერის სარეზერვო ფონდიდან 2010, 2011, 2012 წლებში თანხების ხარჯვის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა, თუმცა ის არასრული სახით მიიღო.
ზაზა გაბუნია: “საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ჩემი მოთხოვნის საპასუხოდ გამოგზავნილ დოკუმენტაციაში სარეზერვო ფონდის მთლიანი მოცულობის მხოლოდ ერთი, მცირე ნაწილის ხარჯვის შესახებ არის ინფორმაცია, რომელიც კონკრეტული მოქალაქეებისათვის სოციალური დახმარების მიზნით თანხების გადარიცხვას ეხება. რამდენადაც 2010-11-12 წლებში მერის სარეზერვო ფონდის მთლიანი მოცულობა 17 მილიონ 500 000 ლარი იყო, ხოლო მოწოდებული ინფორმაცია მხოლოდ 6 მილიონ 710 ათას 374 ლარის ხარჯვაზე საუბრობს. ჩნდება კითხვა სად დაიხარჯა 10 მილიონზე მეტი ლარი?!”
აღსანიშნავია, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, განხორციელდა რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვით სარეზერვო ფონდის წინასწარ დაგეგმილი ხარჯვის წესი აღარ არსებობს ანუ ფონდში კონცენტრირებული თანხების ხარჯვა ნებისმიერი მიზნისთვისაა შესაძლებელი.
ზაზა გაბუნია წინადადებით მიმართავს ახლადარჩეულ პარლამენტს, რომ განხორციელდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც სარეზერვო ფონდებში არსებული თანხების ხარჯვა წინასწარ გაწერილი და დასახელებული მიზნობრიობის მიხედვით იქნება შესაძლებელი.
გაბუნიას თქმით, იმის გამო რომ ფონდის თანხების ხარჯვის გეგმა არ არსებობს, მასში კონცენტრირებული თანხები ხშირ შემთხვევაში არამიზნობრივად იხარჯება, რისი მაგალითიც ზაზა გაბუნიას თქმით, 2012 წლის მაისია, როცა თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების სალიკვიდაციოდ ფონდში თანხები არ აღმოჩნდა, რადგან თანხები გახარჯული იყო. ზაზა გაბუნიას თქმით კი, სარეზერვო ფონდში თანხა სწორედ ფორს-მაჟორული და გაუთვალისწინებელი სიტუაციებისთვის უნდა იქნას რეზერვირებული.
ზაზა გაბუნიას თქმით, მერის სარეზერვო ფონდში თანხები იკლებდა და იმატებდა იმის მიხედვით, იყო თუ არა საარჩევნო წელი. მაგალითად, 2010 წელს ფონდის მოცულობა 11 მილიონ ლარს შეადგენდა, 2011 ანუ არასაარჩევნო წელს 1,5 მილიონი ლარს, მიმდინარე წელს კი 5 მილიონი ლარია.
ზაზა გაბუნია თბილისის მერის სარეზერვო ფონდიდან 10 მილიონზე მეტი ლარის გაუმჭვირვალედ ხარჯვაზე საუბრობს
ნოემბერი 22, 2012 ავტორი zazagabunia
კომენტარის დატოვება